სუპერმდიდრებმა პანდემიის დარტყმას თავი უკვე დააღწიეს, ღარიბებს კი ამისთვის 10 წელი დასჭირდებათ

სუპერმდიდრებმა პანდემიის დარტყმას თავი უკვე დააღწიეს, ღარიბებს კი ამისთვის 10 წელი დასჭირდებათ

ცხრა თვე. სწორედ ამდენი ხანი დასჭირდა მსოფლიოს უმდიდრეს 1000 ადამიანს ძალების აღსადგენად მას შემდეგ, რაც მათ ქონებრივ მდგომარეობას კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა. შედარებისთვის, ათ წელზე მეტი დრო დასჭირდება იმას, რომ მსოფლიოს უღარიბესმა ადამიანებმა ძალები აღიდგინონ. ამის შესახებ “ოქსფამის“ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უთანასწორობას ეხება. ანგარიშის მიხედვით, პანდემიამ შესაძლოა გაზარდოს ეკონომიკური უთანასწორობა თითქმის ყველა ქვეყანაში.

“ღარიბებსა და მდიდრებს შორის დიდი განსხვავება ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც კორონავირუსი. შერყეული ეკონომიკებიდან სიმდიდრე კლავ მდიდარი ელიტისკენ მიემართება, რომლებიც პანდემიისგან თავის დაღწევას ისევ ძვირადღირებული სერვისებით ცდილობენ, მაშინ როდესაც პანდემიის წინა ხაზზე მებრძოლები – ჯანაცვის მუშაკები, მაღაზიების კონსულტანტები, ბაზრობების მოვაჭრეები – გადასახადების გადახდას და საკვების ყიდვას ვერ ახერხებენ“, – განაცხადა “ოქსფამის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუჰერმა.

გარდა ამისა, პანდემიამ აჩვენა უთანასწორობა სხვადასხვა რასის, სქესისა და შემოსავლების მქონე მოსახლეობას შორის. მაგალითად, 112 მილიონით ნაკლები ქალი დადგებოდა სამსახურის და შემოსავლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, ქალები და კაცები პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში თანაბრად რომ იყვნენ წარმოდგენილი.

საგულისხმოა ისიც, რომ მდიდრების ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, “ოქსფამის“ მონაცემებით, მილიარდერების ქონება გასული წლის მარტიდან დეკემბრამდე $3.9 ტრილიონით გაიზარდა. პარალელურად კი, გლობალურად, ღარიბი ადამიანების რიცხვმა 500 მილიონით იმატა.

სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშების თანახმად, ღარიბები პანდემიამ კიდევ უფრო გააღარიბა. მსოფლიო ბანკის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პანდემია სულ მცირე 60 მლნ ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს.

“ოქსფამის“ დირექტორის თქმით, იმისათვის რომ უთანასწორობა შემცირდეს, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველას ჰქოდეს თანაბრად კორონავირუსის ვაქცინაზე და ასევე ფინანსური დახმარებაზე წვდომა.