სვიფტისა და ბიონსეს კონცერტები, „ბარბიჰაიმერთან“ ერთად, აშშ-ის ეკონომიკას $8.5 მილიარდს შემატებს

სვიფტისა და ბიონსეს კონცერტები, „ბარბიჰაიმერთან“ ერთად, აშშ-ის ეკონომიკას $8.5 მილიარდს შემატებს

Bloomberg Economics-ის მონაცემებით, მეგავარსკვლავების ტურები, ზაფხულის ბლოკბასტერ ფილმებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, სავარაუდოდ, $8.5 მილიარდს შემატებს.

ტეილორ სვიფტისა და ბიონსეს მიერ შტატებში გამართულ 50-მდე კონცერტს, ქვეყნისთვის $5.4 მილიარდის მოტანა შეუძლია, ხოლო „ბარბისა“ და „ოპენჰაიმერის“ წყალობით, სამომხმარებლო ხარჯები და ექსპორტი (საერთაშორისო ბილეთების გაყიდვებიდან), დაახლოებით, დამატებით $3.1 მილიარდით გაიზრდება. ერთობლივად, ტურები და „ბარბიჰაიმერი“, ივლისი-სექტემბრის პერიოდში, აშშ-ის წლიურ რეალურ პირად სამომხმარებლო ხარჯებსა და მშპ-ს შესაბამისად 0.7 და 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მომხმარებელთა დანახარჯების მატების გავლენით, ეკონომისტებმა, ივლისი-სექტემბრის ზრდის პროგნოზი, თითქმის გააორმაგეს. ინფლაცია მცირდება, შრომის ბაზარი კი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც მომხმარებელთა ხარჯების მატებაზე აისახება. შედეგად, ეკონომისტთა ნაწილი რეცესიის შესაძლებლობებს ან საერთოდ აღარ განიხილავს, ან მომავლისთვის დებს.

თუმცა, Bloomberg-ის მტკიცებით, ფილმებისა და ტურების ეფექტი ხანმოკლე გამოდგება. მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში, შტატების მასშტაბით, ბიონსესა და სვიფტის კონცერტები ჩანიშნული აღარაა, „ბარბიჰაიმერი“ კი, გამოცემის შეფასებით,  „საკმაოდ იშვიათი მოვლენაა“. უფრო მეტიც, ეკონომიკა კვლავ დაუცველია მოთხოვნის ვარდნის მიმართ, შიდა ბაზარი კი, დაბალი მიწოდებისა და იპოთეკური განაკვეთების ზრდისგან ზეწოლას განიცდის.