მედიასააგენტო Reuters-ისათვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაივანი აშშ-ისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს. ტაივანის ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერის იმედი აქვს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთის მთავრობა კუნძულზე სამხედრო ზეწოლას სულ უფრო აძლიერებს.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ტაივანის მხრიდან სამხედრო დახმარების მსხვილი პაკეტის შეძენა აშშ-ისთვის იმის დემონსტრირება იქნება, რომ ტაივანი საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. გავრცელებული ცნობით, შეიარაღების პაკეტი სანაპირო დაცვის სისტემებისთვის საკრუიზო რაკეტებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა HIMARS-ების რაკეტებს მოიცავს.
Reuters-ის თანახმად, ტაივანი აშშ-ისგან დაახლოებით $7-10 მილიარდის ღირებულების შეიარაღების შეძენას განიხილავს. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ აშშ-ისა და ტაივანის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებს. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტული შეიარაღების შესახებ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ ტაივანი საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ტაივანისათვის ნახევარგამტარების იმპორტზე ტარიფების დაწესება დააანონსა. მიუხედავად ეკონომიკური შეზღუდვებისა, ტაივანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ტაივანის სამხედრო მხარდაჭერის ერთგული დარჩება. ცნობისათვის, ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადისას ტაივანისათვის შეიარაღების მიყიდვის რეგულარული პროგრამა შექმნა, რომელიც სხვა სახის შეიარაღებასთან ერთად ამერიკული გამანადგურებლების, F-16-ების მიყიდვასაც ითვალისწინებდა. ტაივანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ აშშ ტაივანს ჩინეთთან „სარფიანი მოლაპარაკებებისთვის“ არ გამოიყენებს.