SoftBank Group Corp-ის აღმასრულებელი დირექტორის მასაიშო სონის განცხადებით, მხოლოდ ჭკვიან რობოტებს შეუძლიათ იაპონიის ეკონომიკის გამოცოცხლება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
SoftBank World 2021-ის ონლაინკონფერენციაზე სონმა აღნიშნა, რომ მათი კომპანიის „Vision Fund“ 18 კომპანიას მოიცავს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ავითარებენ.
SoftBank–ის დამფუძნებლის აზრით, სწორედ „ჭკვიანი რობოტები“ წარმოადგენენ მომავალს. ისინი ჩაანაცვლებენ არა მხოლოდ მწარმოებელ და სამრეწველო სამუშაო ძალას, არამედ მთლიან სამუშაო ძალას.
სონმა კონფერენციისას რამდენიმე ვიდეო გაასაჯაროვა, რომლებშიც რობოტები დარბიან, ხტუნავენ და სახლს ალაგებენ. თუმცა მას არ უსაუბრია SoftBank–ის ახალ წამოწყებაზე ან ინვესტიციაზე. ის ასევე არ შეხებია ჩინეთში SoftBank–ის საინვესტიციო შეფერხების საკითხს, რომელიც ჩინეთის მთავრობის მიერ ახალი რეგულაციების დაწესებით არის გამოწვეული.
ივნისში SoftBank–მა Boston Dynamics–ის 80%–იანი წილი სამხრეთკორეულ Hyundai Motor Group–ს $1.1 მილიარდად მიჰყიდა.
ოთხშაბათს სონმა განაცხადა, რომ SoftBank-ი კვლავ Boston Dynamics-ის პარტნიორია. ის იმედოვნებს, რომ Pepper-ი ფუნქციონალურ, ჭკვიან რობოტებს შექმნის, რომელთაც ის „smabo“–ს სახელით მოიხსენიებს. „ასეთი მანქანები სამუშაო ბაზარზე რევოლუციას მოახდენენ, რადგან ერთი ჭკვიანი რობოტი 10–ჯერ მეტი სამუშაოს შესრულებას შეძლებს, ვიდრე ადამიანი. ეს კი ნიშნავს, რომ 100 მილიონ რობოტს 1 მილიარდი ადამიანის სამუშაოს შესრულება შეეძლება“.