ქანთრის ამერიკელმა ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა, The Eras-ის ტურნეს ფარგლებში გაყიდული ბილეთების წყალობით, შესაძლოა მალე მილიარდერთა რიგებში გადაინაცვლოს. Pollstar-ის მონაცემებით, მხოლოდ პირველი ოცდაორი კონცერტის შემოსავალმა $300 მილიონს მიაღწია, რაც The Eras-ს, 2022 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 17 მაისამდე გლობალურად ყველაზე შემოსავლიან ტურნედ აქცევს.
Forbes-ის შეფასებით, სვიფტმა ტურნეს ფარგლებში გამართული კონცერტებიდან დღემდე $110 მილიონი გამოიმუშავა. ამერიკული გამოცემის ანგარიშით, ტურნესთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვის შემდეგ, სვიფტის მიერ გამომუშავებული თანხა $30 მილიონით განისაზღვრება, რაც მომღერლის ქონებას $780 მილიონამდე გაზრდის.
The Eras-ს ტურნე კი შენელების ტენდენციას ნამდვილად არ აჩვენებს. The Eras Tour-ის ფარგლებში, სვიფტის მიერ გამართული თითო კონცერტის საშუალო შემოსავალი $13.6 მილიონს უტოლდება. ქანთრის მომღერლის ტურნემ მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ჯამში შესაძლოა, $700 მილიონი გამოიმუშაოს. ამას ემატება 50-ზე მეტი საერთაშორისო კონცერტი, რაც შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის.
The Eras Tour-ი 2024 წლის აგვისტოში სრულდება. Pollstar-ის შეფასებით, სვიფტის ტურნეს საბოლოო შემოსავალმა შესაძლოა რეკორდულ, $1.4 მილიარდს მიაღწიოს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომავალ კვირას სვიფტის 2010 წლის ალბომის ხელახალი ჩანაწერი გამოდის. საერთო ჯამში, Pollstar-ი ვარაუდობს, რომ სვიფტის ქონება მომავალ წელს შესაძლოა, $900 მილიონს გაუტოლდეს.