ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla 120,000 ავტომობილის უკან გაწვევას გეგმავს. უსაფრთხოების მარეგულირებლის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ აღნიშნული მანქანების ჩაკეტილი კარები ავარიის დროს გაიხსნას, რაც ტრავმის მიღების რისკს ზრდის.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში (NHTSA) შეტანილი დოკუმენტების თანახმად, გაწვევა 2021-2023 წლებში გამოშვებულ S და X მოდელებს ეხება.
Tesla-ს განცხადებით, მან ხარვეზის შესახებ 6 დეკემბერს, ავარიის ერთ-ერთი რუტინული ტესტის დროს შეიტყო. მისივე თქმით, ჯერჯერობით კომპანიაში მომხმარებლებს ამის გამო პრეტენზიით არ მიუმართავთ.
როგორც ირკვევა, ავტომწარმოებელი უკან გაწვეულ ავტომობილებს პროგრამულ უზრუნველყოფას განუახლებს, რათა ხარვეზი აღმოიფხვრას. მოსალოდნელია, რომ გაწვევასთან დაკავშირებით Tesla-ს წერილები ხარვეზის მქონე მოდელების მფლობელებს ფოსტით 2024 წლის 17 თებერვლამდე მიუვათ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, Tesla-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოძრავი თითქმის ყველა ავტომობილი უკან გაიწვია. საუბარია 2 მილიონ მანქანაზე, რომლებშიც კომპანია ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენებას შეზღუდავს. მარეგულირებლისთვის წარდგენილი განაცხადის ფორმის მიხედვით, ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემამ შესაძლოა კონტროლი დაკარგოს და შეჯახების რისკი გაზარდოს.