აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ აშშ-ის გზებზე მოძრავი თითქმის ყველა ელექტრომობილის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გაირკვა, კომპანიას ავტოპილოტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გამო 2 მილიონი ერთეული ავტომობილის გამოხმობა უწევს.
ცნობისთვის, აღნიშნული რაოდენობის ელექტრომობილი Tesla-ს აქამდე უკან არასდროს გაუწვევია. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობაა. უფრო კონკრეტულად, მარეგულირებლისათვის წარდგენილი განაცხადის ფორმის მიხედვით, ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემამ შესაძლოა კონტროლი დაკარგოს და შეჯახების რისკი გაზარდოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია Tesla-ს ავტოპილოტის გამართულად მუშაობას უკვე ორი წელია, იძიებს. გამოძიების მთავარი საკითხი ავტოპილოტით სარგებლობისას მძღოლის სათანადო ყურადღების შეფასება გახლდათ.
აშშ-ის სამთავრობო მარეგულირებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ენ კარლსონმა Tesla-ს ელექტრომობილების უკან გაწვევის გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. გამოძიების შესახებ მისი განმარტებით, ერთადერთი, რისი დადგენაც მოხერხდა, არის ის, რომ ავტოპილოტით სარგებლობისას მძღოლები ავტომობილს ყოველთვის ყურადღებით არ მართავენ.
ავტოპილოტის სისტემური უზრუნველყოფის შესახებ გამოძიება 2021 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტოპილოტით სარგებლობისას რამდენიმე საგზაო შემთხვევა ფატალურად დასრულდა.