Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი გახდა. კომპანიის აქციის ღირებულებამ Nasdaq-ზე პირველად $1000-ს გადააჭარბა, შედეგად მისმა საბაზრო ღირებულებამ $190 მილიარდს მიაღწია. დამფუძნებლის ელონ მასკის ქონება კი $42.9 მილიარდი გახდა.
Tesla-ს შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი ბოლო მონაცემებით, იაპონური Toyota-ა, რომელიც $182 მილიარდი ღირს.
როგორც „როიტერსი“ წერს, Tesla-ს აქციების ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ელონ მასკმა თავის თანამშრომლებს შეატყობინა, რომ დრო იყო დაეწყოთ კომპანიის ბრენდული სატვირთოს წარმოება. მასკს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი.
ამას გარდა, ინვესტორები მასკისგან მალე მოელიან, რომ ის ახალ ტექნოლოგიას წარადგენს Tesla-ს ელემენტებისთვის, რაც ელექტრომობილს უფრო დიდხანს მუშაობის შესაძლებლობას მისცემს და უფრო ბიუჯეტური იქნება. მასკმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ელემენტების წარმოება ნევადას ქარხანაში მოხდება.