ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს აქციონერებმა, მასკის $56-მილიარდიან სახელფასო პაკეტს მხარი დაუჭირეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მილიარდერმა გაავრცელა და სოციალური ქსელით აქციონერებს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.
Tesla-ს აქციონერების მიერ მასკისთვის დამტკიცებული $56-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტი აშშ-ის კორპორაციულ ისტორიაში უმსხვილესია. აქციონერთა აბსოლუტური მხარდაჭერა, ერთი მხრივ, კომპანიაში მასკის მომავალთან დაკავშირებით ინვესტორებში არსებულ ვნებათაღელვას შეამცირებს, მეორე მხრივ კი კომპანიას სასამართლო დავაშიც წაადგება. ცნობისთვის, მასკისთვის ანაზღაურების პაკეტის შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ სამართლებრივ დონეზე იქნა მიღებული.
მასკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი, ვაჭრობის დაწყებამდე პერიოდში, 6.6%-ით გაიზარდა. აქციონერთა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კი ზრდამ 3.9% შეადგინა.
თუმცა, აქციონერთა თანხმობის მიუხედავადაც, მასკის სამართლებრივი დავა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. დელავერის მოსამართლის განცხადებით, Tesla-ს საბჭო მასკის გავლენის ქვეშაა და, ძველი პაკეტის დამტკიცების შემთხვევაშიც, არ არსებობს 100%-იანი შანსი, რომ სასამართლო პაკეტის აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს. კენჭისყრის საბოლოო შედეგები ტეხასში, Tesla-ს შტაბ-ბინაში გასამართ შეხვედრაზე გახდება ცნობილი. აქციონერებს გადაწყვეტილების შეცვლის უფლება წლიური კრების დაწყებამდე აქვთ.