ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს აქციონერმა ილონ მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2022 წელს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ინსაიდერულ ვაჭრობაში $7.5 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. მისივე თქმით, მასკმა აქციები მანამ გაყიდა, სანამ წარმოებისა და მიწოდების შესახებ დაბალ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებდა.
აქციონერ მაიკლ პერის განცხადებით, Tesla-ს აქციების ფასი 2023 წლის 2 იანვარს კომპანიის მეოთხე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაეცა. პერის თქმით, $3-მილიარდიანი ინსაიდერული მოგებიდან არასამართლიანად ისარგებლა თავად ილონ მასკმა. „მასკმა გამოიყენა თავისი თანამდებობა და კომპანიაში თავისი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირის, მოვალეობებიც დაარღვია“, – ნათქვამია სარჩელში, რომლითაც მასკისგან ვაჭრობიდან მიღებული თანხის დაბრუნებას ითხოვს.
სასამართლოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, მასკმა აქციები 2022 წლის ნოემბერსა და 2022 წლის დეკემბერში გაყიდა. სარჩელი, ნდობით აღჭურვილი პირის, ე.წ. „ფიდუციურის“ მოვალეობის დარღვევაში, Tesla-ს სხვა დირექტორებსაც ადანაშაულებს, ვინაიდან მათ მასკს აქციების გაყიდვის უფლება მისცეს.
სარჩელში ნათქვამია, რომ მასკმა, ნოემბრის შუა რიცხვებში, დაბალ კვარტალურ შედეგებზე წინასწარი მონაცემების მიღების შემდეგ, ინფორმაციის გასაჯაროებამდე აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. გაყიდვამდე მასკი ამტკიცებდა, რომ მოთხოვნა Tesla-ს მანქანებზე მაღალი იყო. სარჩელის მიხედვით, 2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის გაყიდვებიდან მასკი 55%-ზე ნაკლებს მიიღებდა, რის გამოც გადაწყვიტა, ინსაიდერულ ვაჭრობაში აქციები გაეყიდა.
Forbes-ის მონაცემებით, ილონ მასკი ამჟამად მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია. მასკის ქონება $210 მილიარდს უტოლდება.