ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ კვარტალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, კომპანიამ შემოსავლების შესახებ Wall Street-ის ფინანსური მოლოდინი ვერ გაამართლა.
Tesla-ს მოგების მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, რასაც კომპანიის მიერ საკუთარ მოდელებზე ფასების შემცირებას უკავშირებენ. ფასების შემცირება კი Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნის აღსადგენად მოუწია. გარდა ამისა, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის პროექტებში ინვესტიციებიც გაზარდა, რამაც მოგების მარჟის შემცირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ პოსტსავაჭრო საათებში Tesla-ს აქციათა ფასი ბირჟაზე 8%-ით შემცირდა.
კომპანიამ ხარჯების დასაზოგად თანამშრომლების რაოდენობა 10%-ით შეამცირა, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა. Tesla-ს ხელმძღვანელობა მარჟის შემცირებას რესტრუქტურიზაციის პროცესსაც უკავშირებს.
ფინანსური ანალიტიკოსები მოგების 16.29%-იან მარჟას ვარაუდობდნენ, თუმცა Tesla-მ მხოლოდ 14.6%-იანი მარჟის მიღება შეძლო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ზედიზედ შემცირდა ელექტრომობილების მიწოდების მაჩვენებელიც. აღნიშნული, ერთი მხრივ, მზარდი კონკურენციის, მეორე მხრივ კი ზოგადად ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნის შედეგია.
2024 წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავლებმა $25.50 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს ($24.93 მლრდ).