საინვესტიციო კვლევითი ფირმა Hindenburg Research-ის მიერ Adani Group-ის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, ინდოეთის კონგლომერატის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. Hindenburg Research-მა პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის საკუთრებაში არსებული კომპანიები თაღლითობაში დაადანაშაულა.
საინვესტიციო კვლევითი ფირმის ანგარიში აზიის უმდიდრესი ადამიანის კომპანიებს „ათწლეულების განმავლობაში აქციებით მანიპულირებისა და ბუღალტრულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სქემაში ჩართულობაში“ სდებს ბრალს.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Adani Group-ის დალისტული შვიდი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, კოლექტიურად $10.73 მილიარდით შემცირდა. Adan Enterprises-ის აქციები ოთხშაბათს 3%-ზე მეტით, $40.77-მდე, ხოლო პორტების აქციები 6.5%-ზე მეტით დაეცა. გარდა ამისა, ანგარიშის გავლენით, Adani Wilmar-ის აქციები თითქმის 5%-ით დაეცა, Adan Power-ის – 4.7%-ით, Adan Transmission-ის – 5.19%-ით, Adani Total Gas-ის – 4.77%-ით, ხოლო Adan Green Energy-ის – 3.55%-ით. შედეგად, Adani Group-ის კომპანიებმა კოლექტიურად $10.73 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს.
„მოხსენებამ უარყოფითად იმოქმედა Adani Group-ზე, ჩვენს აქციონერებსა და ინვესტორებზე, ამასთან ერთად კი ინდოეთის საფონდო ბირჟებზე არასტაბილურობა გამოიწვია, რაც შეშფოთების მიზეზს გვაძლევს“, – განაცხადა კონგლომერატმა. კომპანიამ აშშ-ისა და ინდოეთის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, Hindenburg Research-ის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების წარმოებისთვის მოკვლევა უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ Adani Group-ის კომპანიების აქციების ფასის დაცემის ფონზე გაუტამ ადანის ქონებაც შემცირდა და ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა. მოცემული დროისთვის გამოცემა ადანის ქონებას $119.1 მილიარდად აფასებს.