საბიუჯეტო ორგანიზაციებმა წლის პირველ სამ თვეში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე 49.3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.9 მლნ ლარით მეტია, ხოლო 2016 წლის მონაცემზე კი 12.3 მლნ ლარით მეტი.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში შტატგარეშე თანამშრომლებიც ანაზღაურებაზე ყველაზე მეტი თანხა შემდეგმა უწყებებმა დახარჯეს:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 2.1 მლნ ლარი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი
- იუსტიციის სამინისტრო – 1.7 მლნ ლარი
- თავდაცვის სამინისტრო – 6 მლნ ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 4.7 მლნ ლარი
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 2.9 მლნ ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 13.3 მლნ ლარი
- ჯანდაცვის სამინისტრო – 8.4 მლნ ლარი
სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურების მოცულობა თითქმის გაორმაგდა და 226.4 მლნ ლარს მიაღწია.
ზოგიერთ უწყებაში კი, მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში, შტატგარეშე და შტატიან თანამშრომლებზე თითქმის ერთნაირი თანხა იხარჯება. კერძოდ, 2018 წელს სამინისტროში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი 40 მლნ–ს შეადგენდა, ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი კი 31 მლნ–ს.
ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში კი შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯი ბოლო წლებში გაორმაგდა. ასე მაგალითად, პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი თუკი 2014 წელს 4.4 მლნ ლარს შეადგენდა, 2018 წელს ის 9 მლნ ლარამდე გაიზარდა.
წლებია იზრდება შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯი ეკონომიკის სამინისტროშიც: 2014 წელი – 1.9 მლნ ლარი; 2015 წელი – 3.8 მლნ ლარი; 2016 წელი – 2.9 მლნ ლარი; 2017 წელი – 3.7 მლნ ლარი; 2018 წელი – 4.5 მლნ ლარი.
2018 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე სხვადასხვა უწყებებმა შემდეგი თანხა დახარჯეს:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 9 მლნ ლარი;
- მთავრობის ადმინისტრაცია – 2.2 მლნ ლარი;
- ცესკო – 2.5 მლნ ლარი;
- საერთო სასამართლოები – 3.5 მლნ ლარი;
- ფინანსთა სამინისტრო – 3 მლნ ლარი;
- იუსტიციის სამინისტროი – 6.1 მლნ ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო – 12.9 მლნ ლარი;
- საქსტატი – 4.2 მლნ ლარი;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 4.6 მლნ ლარი.
მაშინ, როდესაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს შტატით დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა კანონით აქვთ გაწერილი და ის მეტნაკლებად პროაქტიულად ქვეყნდება, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხშირად გამოუქვეყნებელი რჩება. შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.