„თბილღვინოს“ განვითარების უწყვეტი ხაზი

„თბილღვინოს“ განვითარების უწყვეტი ხაზი

ამ კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ ექვსი ათეული წლის წინ პირველი ღვინის საწარმოს გახსნით დაიწყო. გასული საუკუნის მიწურულს კი კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რომლებმაც შეცვალეს საქმიანობის ფილოსოფიაც. შედეგად ამოსავალი წერტილი მომხმარებელი გახდა. ამას მოჰყვა ახალი საწარმოები, ვენახები, საერთაშორისო ჯილდოები. დღეს კომპანიის ანგარიშზე ათობით სახეობის ღვინო, 355 ჰექტარის ფართობზე გაშენებული ვენახები, ღვინის საწარმოები თბილისსა და ყვარელში და 30-ზე მეტი საექსპორტო ბაზარია. საუბარია „თბილღვინოზე“, სადაც განვითარებისა და ზრდის უწყვეტი პროცესი უკვე ათწლეულებია, მიმდინარეობს. Forbes Georgia კომპანიის თანადამფუძნებელ ზურაბ მარგველაშვილს ბოლო სიახლეების შესახებ ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, „თბილღვინო“ ათობით სახეობის ღვინოს აწარმოებს და მუდმივად ზრდის ასორტიმენტს. რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი ამ კუთხით? და რის მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებას ახალი ღვინის შექმნის შესახებ?

„თბილღვინოს“ აქვს ფართო ასორტიმენტი, რომელშიც შედის სუფრის, ადგილწარმოშობის დასახელების და ჯიშური ღვინოები, ასევე გვაქვს განსაკუთრებული მარაგები და ქვევრის ღვინოები. ამას გარდა, ჩვენ ვაწარმოებთ სამი სახეობის ჭაჭას. გასულ წელს კი დავიწყეთ ბრენდის წარმოებაც. სიახლეები ასორტიმენტში ყოველთვის გვაქვს. ახალ ღვინოებს იმის მიხედვით ვამატებთ, თუ რა სიახლეებს ითხოვს ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრები. ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლის სურვილებისა და მისწრაფებების შესაბამისი პროდუქტი შევქმნათ. ჩვენი ყოველი ახალი სახეობა სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნებს შეესაბამება.

ბოლო პერიოდში, ჩვენი დაკვირვებით, ძალიან პოპულარულია ქართული ქვევრის ღვინოები, მაგრამ ამავდროულად მოთხოვნა გაჩნდა შედარებით ნაკლებად ტანინიან ღვინოებზეც. როგორც მსოფლიო დონის ექსპერტები ამბობენ, ღვინის მოყვარული ადამიანების გულსა და გონებაში, 2020 წელს ამბერ ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. მას აწარმოებენ, ყიდიან და მიირთმევენ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. სწორედ ეს მსოფლიო ტენდენციები გახდა იმპულსი, შეგვექმნა ახალი ამბერ ქისი და ამბერ რქაწითელი. ორივე „თბილღვინოს“ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება და კანთან კონტაქტში სულ 2-3 კვირის განმავლობაში რჩება, რითაც განსხვავდება ჩვენი კლასიკური ქვევრის ღვინისგან.

გარდა ამბერ ღვინოებისა, ჩვენს ასორტიმენტს ბოლო პერიოდში ასევე  დავუმატეთ ქისი ნახევრად ტკბილი, მწვანე და ქვევრის მცვივანი. ამასთან, გასულ წელს 3-წლიანი დაძველების ბრენდის წარმოება, ხოლო სულ რაღაც ერთი თვეა, რაც 5-წლიანი დაძველების ბრენდის რეალიზაციაც დაიწყო. ბრენდის სახეობებს მალე VS კატეგორიაც დაემატება.

საინტერესოა ახალი ღვინის დამატების პროცესიც…

შეიძლება ითქვას, რომ ახალი ღვინის შექმნის პროექტები განსხვავებულია. ის შეიძლება მხოლოდ შეფუთვისა და დამხმარე მასალების ცვლილებას გულისხმობდეს. მაგალითად, წელს ინგლისის ერთ-ერთი დიდი ქსელის, Majestic Wine-ისთვის ქვევრის რქაწითელის ეტიკეტი შეიქმნა (Private Label).

სრულად ახალი პროდუქტის შექმნისას, პროცესში ჩართულია კომპანიაში არსებული თითქმის ყველა დეპარტამენტი, რადგან საჭიროა როგორც მომხმარებლის/ბაზრის კვლევა, ისე არსებული პარტნიორებისგან ინფორმაციის მოგროვება, ფინანსური ანალიზი, ლოგისტიკური საკითხების მოგვარება, სხვადასხვა საერთაშორისო დიზაინ-სტუდიის დახმარებით ეტიკეტის შექმნა და რაც მთავარია, მეღვინეების გუნდისა და იტალიელი კონსულტანტების მხარდაჭერით არსებული რესურსების შეფასება და მათი მაქსიმალური კონცენტრაცია ახალი, მაგრამ საუკეთესო ხარისხის სითხის მისაღებად. სრული გუნდის ჩართულობა ამ პროცესს საკმაოდ საინტერესოს ხდის.

არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ პანდემიის წელს, რა გასწავლათ გასულმა წელმა და იმ კრიზისმა, რომლის წინაშეც ყველა ბიზნესი, მათ შორის ღვინის ინდუსტრიაც აღმოჩნდა?

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პანდემიამ გვასწავლა, არის პარტნიორებთან თუ საბოლოო მომხმარებლებთან ძალიან ახლო, ყოველდღიური და თანამიმდევრული კომუნიკაცია. ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ დროულად და ადეკვატურად. მათი მოთხოვნისამებრ თუ ჩვენი ინიციატივით გამოვყოთ მარკეტინგული ბიუჯეტები, გავაქტიურდეთ კამპანიების და სხვადასხვა საფასო აქციის კუთხით. ვცდილობთ დავეხმაროთ პარტნიორებს თავიანთი საბოლოო მომხმარებლის მოზიდვასა და დაინტერესებაში, ჩავატაროთ ონლაინკონფერენციები, ონლაინდეგუსტაციები, ვგზავნით ნიმუშებს პარტნიორებთან და ახალ კომპანიებთან, ვესწრებით ონლაინგამოფენებს. სადაც ვახერხებთ, ფიზიკურად ჩავდივართ, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ მათ გამოწვევებს.

პანდემიის შედეგად არსებული რთული ვითარების მიუხედავად, „თბილღვინო“ განვითარებას განაგრძობს. 2021-ში გავაშენეთ საფერავის ვენახები სოფელ ენისელში, ქინძმარაულის მიკროზონაში. ასევე სოფელ შაშიანში – ალექსანდროული, მუჯურეთული და ხიხვი. 2022 წელს დაგეგმილია რქაწითელისა და მწვანეს გაშენება სოფელ კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში. გარდა ამისა, გავზარდეთ საწარმოო სიმძლავრეები და გავაძლიერეთ ტექნოლოგიური პროცესები. ჩვენი მიზანია, რომ წლიდან წლამდე გავზარდოთ ხარისხი, დასაქმებულთა რაოდენობა და გაყიდვებიც.

მოგეხსენებათ, გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ვარდნა იყო. თუმცა ჩვენ გამოვიყენეთ ეს პერიოდი და გავაძლიერეთ მარკეტინგული ღონისძიებები. შედეგად, წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და რა მოლოდინიც გვქონდა, გამართლდა. კერძოდ, შევძელით პანდემიამდელ პერიოდს დავბრუნებოდით.

როგორია ზრდა რიცხვებში?

ადგილობრივი დისტრიბუციის დაუზოგავი შრომით და ინტენსიური მარკეტინგული აქტივობებით, 2021 წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.  იმავე  პერიოდების ექსპორტის მაჩვენებლებსაც თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვნახავთ, რომ აქაც 17%-იანი ზრდა გვაქვს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს კომპანიამ დაიმატა რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი პოლონეთში, ჩინეთსა და რუსეთში. უახლოეს თვეებში მოხდება მათთან შეკვეთების გადატვირთვა.

„თბილღვინოს“ გაყიდვების 90%-ზე მეტი სწორედ უცხოურ ბაზრებზე მოდის. რა შედეგები გაქვთ თქვენს ძირითად საექსპორტო ქვეყნებში და ასევე  საინტერესოა, რომელ ღვინოებზეა მოთხოვნა?

„თბილღვინოს“ ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი და ძლიერი მხარეა ექსპორტი და დივერსიფიცირებული ბაზრები, სადაც დაახლოებით 70 პარტნიორი გვყავს. ჩვენი ძლიერი პარტნიორები არიან დიდი ქსელებიც, რომლებთანაც წლებია, ვთანამშრომლობთ. ჩვენი საექსპორტო გაყიდვების დაახლოებით 50-60% პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის, 20-25% – ევროპაზე. ჩვენთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ბაზრები, როგორიც არის კანადა და ამერიკა, სადაც ყოველწლიურად ვიზრდებით. წარმატებით ვართ წარმოდგენილი აზიაშიც – ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში. ასევე ავსტრალიაში.

ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, მოთხოვნა ქვევრის ღვინოებზე, საფერავზე იზრდება. ტრადიციული ღვინოებიც კარგად იყიდება – წინანდალი, მუკუზანი, ქინძმარაული, ალაზნის ველები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა ახალმა პროდუქტებმაც – ქისი ნახევრად ტკბილმა და მწვანემ ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ 50-60% მოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, ხოლო 20-25% – ევროპაზე. როგორია თქვენი სამომავლო საექსპორტო სტრატეგია? რომელ ქვეყნებში აპირებთ უფრო მეტ აქცენტირებას და გაფართოებას?

ჩვენ ვცდილობთ, რომ არსებულ ბაზრებზე კიდევ უფრო დიდი გეგმები დავისახოთ და მათთან აქტიური თანამშრომლობით გავზარდოთ გაყიდვები. ასევე ვცდილობთ სხვადასხვა ქვეყნებში ღვინის იმპორტის ზრდის ტენდენციებს დავაკვირდეთ და ამის შესაბამისად ახალი ბაზრები ვიპოვოთ და ახალი პარტნიორები მოვიძიოთ.

ხშირია საუბარი ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის შესახებ, თქვენი დაკვირვებით, რაზე უნდა გააკეთოს ქვეყანამ და ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა აქცენტი და რა შეიძლება იყოს ჩვენი  ნიში?

ქართული მეღვინეობის კულტურას 8000-წლიანი, გამოწვევებით სავსე ისტორია აქვს. ეს არის საუკეთესო მემკვიდრეობა, რაზეც შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. თუმცა, რა თქმა უნდა, მეღვინეობის მდიდარ ტრადიციას შენარჩუნება სჭირდება, ხოლო განვითარებასა და მსოფლიო ღვინის ბაზარზე თავის დამკვიდრებას – მეტი დაინტერესება. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივად ვატარებთ შეხვედრებს და პრეზენტაციებს. „თბილღვინოს“ ისტორიასთან ერთად, ვაცნობთ მათ საქართველოს კულტურას, მოვუთხრობთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ვაზი და ღვინო ჩვენთვის, ქართველებისთვის. ვცდილობთ, რომ მათ ქართული ღვინის წარმომავლობასა და „თბილღვინოზე“ შექმნილი შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვეთ. ეს მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

გარდა ამისა, 2020 წელს „თბილღვინომ“ გადაწყვიტა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, მითები და ლეგენდები ანიმაციური ფილმის საშუალებით მოეყოლა. ნახევარწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი ანიმაცია ქართული ვაზისა და მეღვინეობის მრავალფეროვანი კულტურის გზამკვლევია. პროექტის მიზანი მხოლოდ მდიდარი ისტორიის მოყოლა არ ყოფილა. კომპანიას სურდა, ღვინის მიერ გავლილი გზის ჩვენებით ხიდი შეექმნა, რომელიც მომავალს დაუკავშირდება და ქართული მეღვინეობის ხარისხს წაადგება.

„ექსპორტზე არასათანადო ხარისხის ღვინო არ უნდა გადიოდეს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“ – თქვენ ამის შესახებ დაახლოებით ორი თვის წინ განაცხადეთ. ამ პრობლემის მოგვარების რა გზებს ხედავთ?

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართულ ღვინოს 8000-წლიანი ისტორია აქვს, აქედან გამომდინარე, მას გლობალურ ბაზარზე უნდა ჰქონდეს სანდო რეპუტაცია და მაღალი ცნობადობაც. ღვინის ექსპორტი საქართველოდან იზრდება, შესაბამისად იზრდება ხარისხის კონტროლის რისკიც. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის პროცედურები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილება იქნეს გამოყენებული. ამ პროცესში საერთაშორისო ოპერატორების ჩართვა სულ რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო და ვნახოთ, რა შედეგები იქნება. იმედია, რომ გაამართლებს და საქართველოდან გლობალურ ბაზარზე მხოლოდ ხარისხიანი ღვინის გასვლას უზრუნველყოფს.

ბოლო პერიოდში „თბილღვინოს“ ღვინოებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. რას მოუტანს კომპანიას ასეთი აღიარება?

„თბილღვინოს“ თანამშრომლების პროფესიონალიზმის, საქმის სიყვარულისა და ერთგულების შედეგად „თბილღვინო“ ვითარდება, სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს და საერთაშორისო კონკურსებზე დიდ წარმატებას აღწევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი წარმოებული ღვინის ხარისხი ყოველწლიურად გაიზარდოს. ამის საზომი კი სამი პრემიალური კონკურსია, რომლებიც  ლონდონში იმართება და სადაც ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 30-ზე მეტ მედალს ვიღებთ. კერძოდ, 2021 წელს კონკურსზე – Decanter World Wine Awards 2021 „თბილღვინომ“ 18 ჯილდო დაიმსახურა, IWC London 2021-ზე – 21 ჯილდო მოიპოვა, IWSC London 2021-ზე კი 8 მედლით დაჯილდოვდა. აღნიშნულ კონკურსებზე ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.

გასულ წელს კი, მიუხედავად პანდემიისა, ლონდონში International Wine Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინომ პირველად მოიპოვა უმაღლესი ჯილდო – „თბილღვინოს“ საფერავი წლის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ „თბილღვინო“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ლონდონში გამართულ ამ ყველაზე გავლენიან კონკურსში მსგავსი ჯილდო მიიღო.

ეს ყველაფერი ქართული ღვინის ბაზრის მიმართ ინტერესს იწვევს და ქართული ღვინის ცნობადობას ზრდის.

მსოფლიო ტენდენციები გვიჩვენებს, რომ 2020-2021 წლებში ღვინის რეალიზაციის კუთხით ელ-კომერციის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თქვენ რა შედეგები გაქვთ ამ კუთხით?

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელი გარკვეულწილად ადგილობრივ ბაზარზე „ჩაკეტილი“ წელი იყო, „თბილღვინოს“ განვითარების სამსახურში დაიბადა იდეა, რომ ონლაინმაღაზია გაგვეხსნა. მაღაზია გასული წლის ივნისში ამოქმედდა, სადაც სამიზნე აუდიტორიას ვთავაზობთ საინტერესო აქციებს. მას შემდეგ ჩვენი მომხმარებლების ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი ონლაინმაღაზიის შეთავაზებებს 4 მლნ ნახვა ჰქონდა. ზოგადად, ღვინის ელ-კომერციას ახასიათებს სეზონურობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო პერიოდი შობა – ახალი წელი იყო. ამას გარდა ვცდილობთ, წარმოდგენილები ვიყოთ ყველა დიდი ქსელის ონლაინმაღაზიაში და დავფაროთ სხვა საკურიერო მომსახურების პლატფორმებზე არსებული ობიექტებიც.

როგორია „თბილღვინოს“ 2021 წლის ბოლომდე განსახორციელებელი გეგმები?

ახალი ღვინოები, ახალი პარტნიორები – ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ამას გარდა, ვაპირებთ დამატებით 50-55 ჰექტარის ფართობის ვენახის გაშენებას. ვენახების განვითარება უცხოელი ექსპერტების ჩართულობით დიდ რესურსს მოითხოვს, მით უმეტეს მაშინ, როცა ყოველწლიურად ახალ გამოწვევებს ვეჭიდებით. წელს დაირგო ალექსანდროული და მუჯურეთული.

დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ რთველის პროცესი გვიახლოვდება, საინტერესოა თქვენი მოსაზრება ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებითაც. ვიცით, რომ სახელმწიფო წელსაც დაასუბსიდირებს ყურძნის ფასს და ეს ქვეყანას დაახლოებით 100 მლნ დაუჯდება…

სუბსიდია ზოგადად არ არის ჯანსაღი ინსტრუმენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა კოვიდმა გამოიწვია, მაშინ ის გარკვეულწილად გამართლებული იქნება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სუბსიდირება ხდებოდა პანდემიამდეც. ზოგადად, სუბსიდიის შედეგად არ ვიღებთ უკეთესს ხარისხს და უკეთეს ღვინოს. შესაბამისად, ჩვენ ვისურვებდით, რომ ღვინის კომპანიები იმდენად კონკურენტუნარიან და მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებდნენ, რომ არ იყოს საჭირო სუბსიდირება ასეთი სიხშირით, რა სიხშირითაც საქართველოში ხდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *