თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები უძრავი ქონების შესაძენად

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები უძრავი ქონების შესაძენად

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში მეხუთე პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი 6.1%-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა. პარალელურად, 14.7%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.7% შეადგინა. დედაქალაქში 2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების 8 353 გაყიდვა დაფიქსირდა, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მარტი (3 360 ტრან­ზაქცია).

თბილისის თუ არ ჩავთვლით, 2017 წლის პირველ კვარტალში ქართული უძრავი ქონების ბაზარი მხოლოდ 1.2%-ით გაიზარდა. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქონების გაყიდვებში მაღალი წილით გამოირჩეოდა კახეთი (10.7%) და აჭარა (10.2%).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამგორი, რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი გაყიდვა ვაკეში (1 759 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, საბურთალო (1 585 ერთეული, 19.0%) და სამგორი (819 ერთეული, 9.8%) ინაწილებდნენ.

ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.0%-ით შემცირდა და 301.1 ათასი კვ.მ. შეადგინა (193.3 მილიონი კვ.მ. – საცხოვრებელი უძრავი ქონება, 107.8 მილიონი კვ.მ. – კომერციული უძრავი ქონება).

2017 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი  5.1%-ით, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 6.6%-ით შემცირდა. ამასთან, 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 836 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუალო ფასმა 6.91 აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის პირველ კვარტალში კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის საშუალო ფასის (1 061 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.61 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (553 აშშ დოლარი), ხოლო ქირის ფასის მიხედვით – გლდანი (4.27 აშშ დოლარი).

მარტში (წინა თვესთან შედარებით) კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინ­დექსი 4.4%-ით გაიზარდა, იჯარის ფასის ინდექსი კი 8.6%-ით შემცირდა. ამასთან, 1 კვ.მ. კომერციული უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 010 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 9.83 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა.

ბათუმში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა პირველ კვარტალში 720 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება ქუთაისის იმავე მაჩვენებელს (354 აშშ დოლარი).

2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი ბათუმში 12.6%-ით შემცირდა, ხოლო ქუთაისში 11.7%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *