თბილისის ზღვის მომავალი

თბილისის ზღვის მომავალი

დედაქალაქის მთავრობას „თბილისის ხელოვნური წყალსაცავის“ გარე ტერიტორიის ტურისტულ, დასასვენებელ და სავაჭრო ცენტრად გადაქცევის კონკრეტული გეგმა აქვს. თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარების კონცეპტუალური გეგმა მერიის დაკვეთით მსოფლიოში ცნობილმა საკონსულტაციო კომპანია PwC-მა მოამზადა. 1951 წელს გვალვიანი სამგორის ველის მოსარწყავად შექმნილი თბილისის ხელოვნური წყალსაცავი დღეს შეიძლება ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის წყარო გახდეს.

ბოლო წლებში თბილისის ზღვა დედაქალაქის მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად იქცა. სანამ ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია მომზადდებოდა, თბილისის ზღვაზე აშენდა იახტკლუბი, მოქმედებს რეგიონში ერთ-ერთი გრანდიოზული აკვაპარკი, „ველნეს ცენტრი“, აშენდა „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“. უკვე განხორციელებული პროექტები მიუთითებს, რომ წყალსაცავის შემოგარენს საკმაოდ დიდი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია.

თბილისის მერიის დაკვეთით, თბილისის ზღვის განვითარების კვლევაზე ხელშეკრულება თბილისის მერიასა და „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს საქართველოს ფილიალს“ შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმდა. დეტალური ანალიზის საფუძველზე კვლევამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა შესთავაზა, რაც, კვლევის ავტორების თქმით, თბილისის ზღვას დედაქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, რეკრეაციულად განვითარებულ ზონად ჩამოაყალიბებს.

თბილისის წყალსაცავის „მომავლის პროექტის“ განვითარების კონცეპტუალური გეგმის შემუშავებაში დედაქალაქის მთავრობამ მსოფლიოში ცნობილ საკონსულტაციო კომპანია PwC-ს $207,680 გადაუხადა. წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისად, კვლევის ავტორები ქალაქის მთავრობას თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებითა და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას ურჩევს.

PwC-ის ანალიზით, თბილისის ზღვას აქვს პოტენციალი, 262 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდოს. აქედან, კერძო სექტორის წილმა საინვესტიციო პროექტებში შეიძლება 158.79 მილიონი ევრო შეადგინოს, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციად კი 4.69 მილიონი ევრო მოიაზრება. თბილისის ზღვის გარშემო განსახორციელებელ პროექტებს სჭირდება ასევე დაფინანსების სხვა წყაროებიც, მათ შორის საკონსულტაციო კომპანია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის შედეგად პროექტის განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობად 98.75 მილიონ ევროს ასახელებს.

კვლევაში მოცემულია 40 ბიზნესინიციატივა პირველადი ფინანსური გათვლებით, რომლის განვითარებაც მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

PWC-ის კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის შემდეგი სფეროები შეიძლება იყოს: ლუქს-სასტუმრო, წყლის პარკი, ექსკლუზიური მაღაზიები, გარე აგრობაზარი, წყლის ტრამვაი, საბაგირო, წვეულებისათვის განკუთვნილი ნავი, ველოსიპედების კომუნიკაცია, ნავსაყუდელი, კემპინგი, სავაჭრო სოფელი, ველურ ბუნებაში ეკოლოგიური დასვენება, ლუქს-ეკოლოგიური დასვენება, მოტივტივე ეკოლოგიური დასვენება, კლუბი და გოლფის მოედანი, საკონფერენციო ცენტრი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, საცხენოსნო ცენტრი, ამფითეატრი, ღონისძიებების ადგილი, გარე ამფითეატრი, პეინტბოლის მოედანი, საწყალოსნო სპორტი, სპორტული ცენტრი, ვენახი, საფარი-პარკი, სპორტული სასტუმრო, სამვარსკვლავიანი სასტუმრო, კონვენციის სასტუმრო, აპარტ-სასტუმრო, მუნიციპალური სანაპირო, ბიზნესინკუბატორი, თავისუფალი ვარდნის ატრაქციონი, საგანმანათლებლო ბილიკი, სპეციალიზებული მუზეუმი, პარაპლანით სერფინგი, ხელოვნური სათხილამურო ტრასა, მინიატურული თემატური პარკი, ოჯახური ტიპის პარკი.

შეთავაზებების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა როგორ გაწერს თბილისის მერია თითოეულ პროექტს საინვესტიციო პაკეტებში დაინტერესებული მხარეებისთვის, ცნობილი ჯერ არ გამხდარა. მერიაში საინვესტიციო პაკეტების შექმნას გენერალური გეგმის ჩარჩოს ფარგლებში მოიაზრებენ, თუმცა როდის დასრულდება სამუშაო პროცესი, უცნობია.

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული კერძო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები წყალსაცავის განვითარების კონცეფციაში მოექცევა. თბილისის მერი განმარტავს, რომ თბილისის ზღვას, რომელიც დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის გამოიყენება, შესაბამისი კანონი იცავს, რაც სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში იქნება გათვალისწინებული. კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პროექტები კვლევისა და ჩარჩო-დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდება.

PwC-ის მიერ მომზადებული კონცეფციის მიხედვით, პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება და 2028 წელს დასრულდება. რა ტიპის პროექტების განხორციელებით დაიწყება დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის განაშენიანება, მერია ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.