TBC Bank Group PLC-ის ინფორმაციით, მის შვილობილ კომპანია „თიბისი ბანკსა“ და ფრანგულ საფინანსო ინსტიტუტ Proparco-ს შორის, 100 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. სესხის ვადად შვიდი წელია განსაზღვრული, საწყის ეტაპზე კი, საქართველოში კლიმატურ საკითხებთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და მეწარმე ქალთა დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.
„თიბისი ბანკი“ და Proparco ერთად უკვე მესამე პროექტს ახორციელებენ. „ხელშეკრულებით ინსტიტუტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ადგილობრივი ბიზნესის მდგრად განვითარებას, ქალი მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და მწვანე ინვესტიციების ზრდას, რაც თავის მხრივ, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და გრძელვადიან სარგებელს მოუტანს ქვეყანას“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის, სტეფან ფროისარდეის შეფასებით, რეგიონში Proparco-ს ძირითად პრიორიტეტებს შორის კლიმატური და გენდერული საკითხების დაფინანსება შედის. ტრანზაქცია ქვეყანაში Proparco-ს უმსხვილესი დაფინანსებაა, რაც მას TBC-ის სიდიდით მესამე კრედიტორად აქცევს. ფროისარდეის განცხადებითვე, ხელშეკრულება ხაზს უსვამს საფრანგეთის მხარდაჭერასაც ქართველი ერისადმი, განსაკუთრებით იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის.
Proparco, რომელიც Agence Française de Développement Group-ის შვილობილი კომპანიაა, უკვე 45 წელია, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობს. 23 ადგილობრივი ოფისისგან შემდგარი საერთაშორისო ქსელით, Proparco პარტნიორებთან ერთად, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში არსებული გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებაზეა ორიენტირებული.
Proparco-ს სექტორის შესაბამისი ექსპერტული გამოცდილება და ფინანსური გადაწყვეტილების ფართო სპექტრი ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა მორგებული. ამას ემატება კომპანიის ტექნიკური დახმარების პროგრამა Propulse, რომელიც პარტნიორების შედეგებისა და ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. Proparco-ს ახალი 2023-2027 წლების სტრატეგია კი – „ერთად ვიმოქმედოთ მეტი გავლენისთვის“ – პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებას ისახავს მიზნად.