5 ივლისს 18:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, მასპინძლობს თანამედროვე ქართული მხატვრული კერამიკის გამოფენას „თიხის სივრცე“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის 14 ავტორის 42 კერამიკული ნამუშევარი.
მონაწილე ავტორები: მერაბ გუგუნაშვილი, ნატო ერისთავი, ოთარ ვეფხვაძე, მარიამ იზორია, ნინო კოპალაძე, გიგიშა პაჭკორია, ირინა სალმინა, ბექა ტაბაღუა, ლალი ქუთათელაძე, მალხაზ შველიძე, ელენე ჩლაიძე, ნინო ციციშვილი, ანა ჯაფარიძე, ირინე ჯიბუტი. კურატორია ქეთევან კორძახია. გამოფენა გაგრძელდება 2022 წლის 30 აგვისტომდე.
„ხელის სიმღერას, ცეცხლის ხელოვნებას, სულის მუსიკას ეძახიან მხატვრები კერამიკას, – უძველეს, რთულ და მომხიბვლელ ხელობას.
კერამიკული ხელოვნების ოსტატთა შემოქმედებითი ძალა მრავალმხრივია და უსაზღვრო…
მიწა, წყალი და ცეცხლი მათ ხელში მშვენიერებად გადაიქცევა.
მათი ქმნილებები საუკუნოდ ინახავენ ადამიანის სულის თრთოლვას.
თიხა – კერამიკის მთავარი ნედლეული, განსაკუთრებული მინერალური ნარევია. პლასტიკურობის გამო ადვილად ემორჩილება ადამიანის ნებას, მოდელირებისას ინარჩუნებს მიცემულ ფორმას, გაშრობისა და გამოწვის შემდეგ მყარი და წკრიალა ხდება. მის ზედაპირზე მკაფიოდ რჩება თითის ანაბეჭდები, – ოსტატის ხელების ცოცხალი შეხების კვალი.
მაგრამ, ცეცხლში მოპოვებული სიმყარე მუდმივი არ არის, – კერამიკული ნამუშევარი მყიფეა და ამიტომაც უნდა „როგორც ცოცხალთან“ მოპყრობა.
განსაკუთრებული სიფრთხილით კერამიკულ ნამუშევრებთან თავად კერამიკოსები არიან, – იციან, რა რთულია ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. სასურველი შედეგის მისაღწევად „ცეცხლით ნათლობის“ გზის ყველა სირთულის ცოდნაა საჭირო.
როგორ ნერვიულობს მხატვარი გამოწვის დროს, როცა ნებსით თუ უნებლიედ ნამუშევართან ღუმელის მჭიდროდ დახურული კარი აშორებს?!
და რამდენი სიხარული მოაქვს ხელახალ შეხვედრას?!
დასრულებული, გაცივებული კერამიკის მინანქრის ნაზი ბზვინვარება, მეტალის მარილების იდუმალი ბრწყინვალება, შებოლილი სიბრტყეებისა და მოცულობების თანაბარი სუნთქვა… ამიტომაა, რომ ჩვეულებრივი თიხის ჭურჭელი ჩვენს ეპოქაშიც ადამიანურად თბილი და მომხიბვლელია. ის ადამიანის შექმნილია“.
ალდე კაკაბაძე