თიბისის პირველი წლის გეგმები უზბეკეთში

თიბისის პირველი წლის გეგმები უზბეკეთში

TBC Uzbekistan ტაშკენტში პირველი წლის გეგმებზე საუბრობს. ამის შესახებ Forbes Uzbekistan-ი წერს. Forbes.uz-ს ამ დრომდეც დაუწერია ქართულ ბანკზე, რომელმაც უზბეკეთში ოპერირების ნებართვა მოიპოვა. თიბისი ბანკი ოპერირებას დედაქალაქ ტაშკენტში ივნისიდან დაიწყებს. ეს იქნება ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ თიბისი უზბეკეთში 20 ფილიალს გახსნიდა ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე, თუმცა, კორონავირუსის გამო მიღებული ზომების შედეგად გეგმები შეიცვალა: სამი ფილიალი გაიხსნება ტაშკენტში და ქსელის აქტიური გაფართოვება დაიწყება მომავალ წელს უზბეკეთის რეგიონებში. ამის შესახებ Forbes.uz-ს სანდრო რთველაძემ უპასუხა, რომელიც თიბისის უხელმძღვანელებს უზბეკეთში. აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსმა ბანკის გეგმები და კომერციული ბიუჯეტი უმნიშვნელოდ შეცვალა.                            

“2021 წლიდან, ფილიალები გაიხსნება უზბეკეთის სხვა დიდ ქალაქებში – გეგმა, რომ დავფაროთ მთელი ქვეყანა, ძალაშია. ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით ბაზარზე ცვლილებების საკითხზე კარანტინის დასრულების შემდეგ. ცალკეულ პროდუქტებს მომხმარებელს მოგვიანებით შევთავაზებთ“.

მისივე თქმით, ბანკი დაგეგმილ პროდუქტებს მომხმარებელს დისტანციური არხებით შესთავაზებს, მაგალითად კურიერების დახმარებით. ამას გარდა, თიბისი პარტნიორობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან, რათა მათაც უზრუნველყონ პროდუქტები თიბისის მომხმარებლებისა და პოტენციური მომხმარებლებისთვის.

როგორც Forbes.uz-ი ამ დრომდეც იტყობინებოდა, ბანკი ამ ეტაპზე მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტებს, მათ შორის სესხებს, რომლებიც უზრუნველყოფილია ხელფასებით და ასევე ავტო სესხებს, საბანკო ბარათებს, მობილური აპლიკაციას, P2P–ტრანზაქციებს, თანხის გადარიცხვას, კომუნალური გადასახადის გადახდას და ა.შ.

თიბისი ბანკის ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ თებერვალში განაცხადა IntelliNews-თან ინტერვიუში, რომ ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებზე გააკეთებდა აქცენტს.

რთველაძის თქმით, უზბეკეთში ოპერირების პირველ წელს, ბანკი ფოკუსირებული იქნება ინდივიდუალურ მომხმარებელზე, 2021 წლიდან კი დაიწყება ბიზნესებთან მუშაობაც.

“ჩვენ შევთავაზებთ მათ საინტერესო კონკრეტულ პროდუქტებს:  სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებულებისთვის, და სხვა მიზნობრივ პროდუქტებს. ჩვენ ასევე ერთ თვეში ავამოქმედებთ სამომხმარებლო ონლაინ სესხებს. ეს კარანტინის პირობებში ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება“.

რთველაძის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, მთავარი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ პროგნოზები არ იცვლება. როგორც მოსალოდნელია, პირველ წელს, დანაკარგი იქნება 6-დან 8 მილიონ დოლარამდე, მეორე წელს დაგეგმილია რომ იყოს ნული, ხოლო მესამე წელს ბანკი წავა მოგებაზე.

TBC PLC Group-მა ბანკის ავტორიზებულ კაპიტალში $12,6 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს, წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით $9,4 მილიონის ინვესტირება. საბოლოო რიცხვები დამოკიდებული იქნება პოტენციურ ახალ აქციონერებთან შეთანხმებებზე. (მათ შორის არის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და უზბეკ–ომანის საინვესტიციო კომპანია). TBC PLC იქნება მთავარი აქციონერი 51%-იანი წილით.

Payme, Vendoo და Tkt.uz

თიბისი უზბეკეთის ბაზარზე ერთ წელზე მეტია რაც შევიდა, როდესაც Payme-ს 51%-იანი წილი $5,5 მილიონად შეიძინა. ახლა ეს კომპანია ბანკისგან დამოუკიდებლად აგრძელებს ოპერირებას, თუმცა, თანამშრომლობა მათ შორის კვლავ ძალიან მჭიდროა. გასულ წელს Payme-ს შემოსავლები 84%-ით გაიზარდა და 8.6 მილიონი ლარი შეადგინა. დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა.

სანდრო რთველაძის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ფინანსური მაჩვენებლები უკეთესია:

“ზრდა სხვადასხვა მიმართულებით შეინიშნება. პირველი კვარტლის შედეგებმა ბიუჯეტს 20%-ით გადააჭარბა. ასევე წელს უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, ვიდრე გასულ წელს. ერთ თვეში ახალი საინტერესო პროდუქტებიც ამუშავდება. მომავალში დაგეგმილია საერთო პროდუქტების გაშვებაც,  ბანკისა და Payme-ს ბრენდული ბარათების დამზადება“.

მოსალოდნელია, რომ 2020 წლის შემოსავლები $4 მილიონს გადააჭარბებს.

“გუნდს შექმნილი ვითარების ზუსტი ანალიზი და შეფასება აქვს, თუმცა, დროა საჭირო იმისათვის რომ კორონავირუსის ბიზნესზე საერთო გავლენა შეფასდეს“, – დასძინა ბანკის ხელმძღვანელმა უზბეკეთში.

თიბისი ბანკმა უზბეკეთში ლიზინგით ელექტრონული საქონლის სავაჭრო პლატფორმა Vendoo 2019 წლის დეკემბერში აამოქმედა, ხოლო იანვარში ამოქმედდა ბილეთების გაყიდვის ონლაინ საიტი Tkt.uz.

Vendoo ტაშკენტში წარმოდგენილი იყო 25 სავაჭრო პუნქტით, თუმცა, საკარანტინე ზომების ამოქმედების გამო, ბიზნესი დროებით შეჩერდა. რამდენიმე კვირაში კი Vendoo დაუბრუნდება მუშაობას, მაისის ბოლოს ონლაინ ვერსიაც ამოქმედდება. სამომხმარებლო სესხები ამ შემთხვევაში გაიცემა ბანკისგან და არა  Vendoo-სგან.

“ლიზინგი როგორც პროდუქტი კარგად ვითარდება. პირველი სამი თვის მონაცემები, რომლითაც ჩვენ პროდუქტი გავტესტეთ, ძალიან კარგია, კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორც აღიქვა მომხმარებელმა პროდუქტი და სერვისი. 5000–ზე მეტი მსესხებელი იყო, პორტფოლიოს ხარისხი იყო ძალიან კარგი“, – აღნიშნა სანდრო რთველაძემ.

თიბისი ბანკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ Vendoo-სთან მუშაობით, მან შეძლო უზბეკეთში საკრედიტო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შემოწმება და კომპანია შედეგებით კმაყოფილია.

“ეს არხები უზბეკეთში უკვე კარგად ვითარდება. ცენტრალური ბანკი ცდილობს ბანკები უზრუნველყოს ციფრული სერვისებით, არსებობს საკრედიტო ბიუროები, შესაძლებელი იქნება საგადასახადო სერვისებთან ინტეგრირება“, – ამბობს რთველაძე.

რაც შეეხება Tkt.uz-ს, აღნიშნული ბიზნეს მოდელი ქართული ვერსიის Tkt.ge-ს იდენტურია. უზბეკურმა ვერსიამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, საიტი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, პირველ თვეებში დიდი შედეგების მიღწევა ამ მხრივ არც იყო დაგეგმილი. პირველ სამ თვეში 500–მდე გაყიდვა დაფიქსირდა, ბრუნვა კი $7000 იყო.

საერთო ჯამში თიბისი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები ფუნდამენტურ გავლენას ვერ მოახდენს მის გეგმებზე:

“ყველა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის პროგნოზები, რაც კი მინახავს, გვიჩვენებს, რომ უზბეკეთში ვითარება იქნება უკეთესი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ყველა პროგნოზით, დაგეგმილია მშპ-ის ზრდა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში მოსალოდნელია მშპ–ს შემცირება. კორონავირუსის გამო, ვითარება არ იქნება ისეთ კარგი, როგორსაც ველოდებოდით, თუმცა, 2021 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან, ვითარება დაუბრუნდება ადრინდელ მაჩვენებელს“, – აღნიშნა რთველაძემ.

ცნობისთვის, სანდრო რთველაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი, მას მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. ადრე ის რითეილ საბანკო სერვისების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო Bayport Financial Services-ში. მანამდე კი ლიბერთი ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. კარიერის დასაწყისში კი UBS Investment Bank-ში ანალიტიკოსად მუშაობდა.

TBC PLC შეიქმნა ინგლისსა და უელსში 2016 წლის თებერვალში. 2016 წლის 10 აგვისტოს იგი გახდა თიბისი ბანკის დედა კომპანია. TBC PLC–ი FTSE 250 Index-ზე დალისტული კომპანიაა.