მარკ ცუკერბერგის Meta-ს მიერ Twitter-ის კონკურენტი სოციალური პლატფორმა Threads-ის გაშვების შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულებამ ბოლო 52 კვირის მაქსიმუმს მიაღწია. 13 ივლისს Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის აქციები 2%-ით გაძვირდა და თითოეულის შემთხვევაში 316 აშშ დოლარს გადააჭარბა.
Threads-ის გაშვების შემდეგ Meta-ს აქციების ფასი მთლიანობაში 7%-ით არის გაზრდილი, რისი წყალობითაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას 63 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა.
საინვესტიციო ბანკ Cowen-ის ანალიტიკოსები Meta-ს აქციების კვლავ გაძვირებას წინასწარმეტყველებენ და ვაჭრობაში დადებითი შედეგის ჩვენების შემდეგ ფასის პროგნოზი 60%-ით, $220-დან $345-მდე გაზარდეს. გარდა ამისა, Cowen-ის პროგნოზით, საბაზისო სცენარის მიხედვით, Meta-მ მომავალ წელს Threads-დან 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი უნდა მიიღოს.
ფირმებს შორის, რომლებიც Meta-ს აქციების ფასის ზრდას პროგნოზირებენ, ასევე არის Global Equities Research-ი, რომლის ვარაუდითაც, Meta-ს აქციების ფასი $400 მიაღწევს. ეს კომპანიის მიერ მისი არსებობის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ Meta-ს თითო აქციის ფასი აღნიშნულ თანხამდე გაიზრდება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც მოცემული დროისთვის $800 მილიარდს აღემატება, $1 ტრილიონს გადააჭარბებს.
ცნობისთვის, Meta მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში ამჟამად მე-8 ადგილზეა. ჩამონათვალში მასზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ: Tesla ($880 მილიარდი) – მე-7 ადგილი; NVIDIA ($1.135 ტრილიონი) – მე-6 ადგილი; Amazon ($1.377 ტრილიონი) – მე-5 ადგილი; Alphabet ($1.514 ტრილიონი) – მე-4 ადგილი; Saudi Aramco ($2.077 ტრილიონი) – მე-3 ადგილი; Microsoft ($2.547 ტრილიონი) – მე-2 ადგილი; Apple ($2.996 ტრილიონი) – 1-ელი ადგილი.