ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში ჩატარებული პრესკონფერენციისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მიზნად ისახავს, 2053 წლისათვის ლოგისტიკური ზესახელმწიფო გახდეს. ამის მისაღწევად კი სახელმწიფოს სპეციალური სტრატეგია აქვს შემუშავებული, რომელიც „2053 წლის ხედვის“ სახელითაა ცნობილი.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ამ მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო საშუალება და შესაძლებლობა აქვს. პრეზიდენტის სურვილია, თურქეთი იყოს გეოგრაფიული ჰაბიც, რომელიც მოიცავს მთელ მსოფლიოს ლონდონიდან პეკინამდე და ციმბირიდან სამხრეთ აფრიკამდე.
ბუნებრივია, ამ მიზნების განსახორციელებლად საჭიროა, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი სარკინიგზო ქსელის გაფართოებაა. ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთი საკუთარ სარკინიგზო ქსელს არსებული 10,959 კილომეტრიდან 13,022 კილომეტრამდე გაზრდის. 2053 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 28,590 კილომეტრი იქნება.
გარდა ამისა, თურქეთში ამ პერიოდისათვის ჩქაროსნული მატარებლის ქსელის გაზრდაც იგეგმება. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ერთმანეთთან დაკავშირებული პროვინციების რიცხვს. ამჟამად ეს მაჩვენებელი 8-ს შეადგენს, გეგმის მიხედვით კი 52-ს გაუტოლდება.
საკუთარ გამოსვლაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასაქმების მხარდასაჭერად სამთავრობო ინიციატივებსაც შეეხო. მისი ინფორმაციით, შრომის სამინისტრო ახალ დასაქმებულ მუშაკებს სამიდან ექვს თვემდე ვადაში ხელფასსა და სოციალური დაცვის გადასახადს დაუფარავს.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მულტიმილიარდ დოლარიანი პროექტების დახმარებით, თურქეთში მაგისტრალებისა და შიდა გზების ქსელი 3,633 და 28,647 კილომეტრამდე გაფართოვდა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ კარაისმაილოღლუს ინფორმაციით, 2003-დან 2021 წლამდე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 172 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა. მისი განცხადებით, 2053 წლამდე დამატებით 198 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.
სხვადასხვა დათვლების მიხედვით, აღნიშნული ინვესტიციები თურქეთს 176 მილიარდ აშშ დოლარს დაუზოგავს. აქედან 59 მილიარდი აშშ დოლარი დროში დაიზოგება, $26 მილიარდი – საწვავში, $10 მილიარდი – უბედური შემთხვევების ხარჯებში, $31 მილიარდი – გამონაბოლქვის შემცირების ხარჯები იქნება, $56 მილიარდს კი სხვა გარე ფაქტორებით დაზოგავენ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისა, „2053 წლის ხედვა“ სატვირთო გზების 38,060 კილომეტრამდე გაზრდასაც გულისხმობს. 56-დან 61-მდე გაიზრდება აეროპორტების რაოდენობაც.