თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლას გადახალისებული კაბინეტით შეუდგება. შეიძლება ითქვას, რომ ცვლილება ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროების გარდა თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო.
ქვეყნის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისოდ აღიარებული ყოფილი ბანკირი მეჰმეთ სიმსეკი დანიშნა. ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2009-2015 წლებშიც იკავებდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი მინისტრად დაბრუნება ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ პოლიტიკას შეცვლის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ინფლაციის მიუხედავად საპროცენტო განაკვეთს არ ზრდიდა. სიმსეკი კი ერდოღანის ეკონომიკურ პოლიტიკას ღიად და საჯაროდ ოპონირებდა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი დაინიშნა. მან პოსტზე მევლუთ ჩავუშოღლუ ჩაანაცვლა, რომელიც ქვეყნის საგარეო მიმართულებას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჰაქან ფიდანი ერდოღანის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც 2010 წლიდან „ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი გახლდათ.
საინტერესოა, რომ ერდოღანმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარიც შეცვალა. თურქეთის თავდაცვის მინისტრი ამიერიდან შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი იასარ გულერი იქნება.
ერდოღანმა დაასახელა ვიცე-პრეზიდენტის ვინაობაც. თურქეთის პარლამენტის დაგეგმარებისა და საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჩევდეთ ილმაზი თურქეთის ახალი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
იხილეთ ახალი მინისტრთა კაბინეტის სია სრულად:
ვიცე პრეზიდენტი: ჩევდეთ ილმაზი
საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰაქან ფიდანი
სახაზინო და ფინანსთა მინისტრი: მეჰმეთ სიმსეკი
თავდაცვის მინისტრი: იასარ გულერი
შინაგან საქმეთა მინისტრი: ალი იერლიკაია
განათლების მინისტრი: იუსუფ ტეკინი
იუსტიციის მინისტრი: ილმაზ თუნჩი
ოჯახისა და სოციალური სერვისების მინისტრი: მაჰინურ ოზდემირ გოქთასი
შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი: ვედათ ისიხანი
გარემოს, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი: მეჰმეთ ოზჰასეკი
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი: ალფარსლან ბაირაქთარი
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი: ოსმან აშკინ ბაქი
კულტურისა და ტურიზმის მინისტრი: მეჰმეთ ნური ერსოი
ჯანდაცვის მინისტრი: ფაჰრეთინ ქოჩა
ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრი: მეჰმეთ ფათიჰ ქაჩირი
სოფლის და სატყეო მეურნეობების მინისტრი: იბრაჰიმ იუმაქლი
ვაჭრობის მინისტრი: ომერ ბოლათი
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: აბდულქადირ ურალოღლუ