თურქული KAAN-ის პროტოტიპის პირველი ფრენა წარმატებით შესრულდა

თურქული KAAN-ის პროტოტიპის პირველი ფრენა წარმატებით შესრულდა

თურქეთში ადგილობრივი წარმოების მე-5 თაობის სტელსის ტიპის გამანადგურებლის, KAAN-ის პროტოტიპის პირველი სატესტო ფრენა წარმატებით განხორციელდა. თურქული სამხედრო-სამრეწველო კომპანია Turkish Aerospace Industries-ის (TAI) მიერ შექმნილი გამანადგურებელი ყველაზე განვითარებული და მაღალტექნოლოგიური თურქული საფრენი აპარატი იქნება, რომელიც ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს და თურქეთის საჰაერო ძალების პოზიციონირებას რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდის.

პირველი სატესტო ფრენის დროს KAAN-ის პროტოტიპს მეგზურობა ამერიკული წარმოების F-16D-გამანადგურებელმა გაუწია.

თურქეთის საჰაერო სარდლობის მიზანია საკუთარი ამერიკული გამანადგურებლების, F-16-ების ფლოტი სწორედ აღნიშნული ადგილობრივი წარმოების მეხუთე თაობის სტელსის ტიპის გამანადგურებლებით ჩაანაცვლოს. აღნიშნულის იმპლემენტაცია კი 2030 წლისთვისაა დაგეგმილი.

თურქული გამანადგურებლის, KAAN-ის წარმოების პროექტი 2016 წელს დაიწყო. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, საფრენი აპარატის საოპერაციო ვერსიის მასობრივად წარმოების დაწყებას კიდევ ათ წლამდე დასჭირდება. სრული საწარმოო ფაზის დასრულება 2040 წლისთვის მოიაზრება. თურქეთი საბოლოო ჯამში საჰაერო ძალებში 300 ერთეული KAAN-ის ოპერირებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად თურქეთის საჰაერო ძალების შესაძლებლობები თითქმის სრულად ამერიკულ F-16-ებზეა დამოკიდებული, რომელთაც უკვე მოძველებულად თვლიან. გარდა ამისა, თურქეთი ჩახსნილია F-35-ების პროგრამიდანაც აშშ-სთან პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზით რუსეთისაგან ჰსთ-ის სისტემების, S-400-ების ყიდვის გამო. დამატებითი F-16-ების მიყიდვის პროცესი კი ბოლო რამდენიმე თვეა, ჭიანურდება. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თურქეთისათვის F-16-ების მიყიდვას მწვანე შუქი აუნთო, თუმცა საკითხი წარმომადგენლობით პალატაში იბლოკება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თურქეთის თვითმყოფადი სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია დასავლური მოწინავე ტექნოლოგიების ალტერნატივას ეძებს. მეხუთე თაობის სტელსის ტიპის გამანადგურებლის, KAAN-ის ადგილობრივად განვითარების გადაწყვეტილებაც სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.