ბრიტანული როკჯგუფი Rolling Stones-ი 2005 წლის შემდეგ პირველ სტუდიურ ალბომს, Hackney Diamonds-ს გამოუშვებს. დეტალები სრულად ცნობილი ოთხშაბათს, აღმოსავლეთ ლონდონში, ჰაკნის რაიონში დაგეგმილ ღონისძიებაზე გახდება.
ჯგუფის წევრებ მიკ ჯაგერთან, კიტ რიჩარდსა და რონ ვუდთან ინტერვიუს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით YouTube-ის საშუალებით გადაიცემა, „ღამის შოუს“ წამყვანი ჯიმი ფელონი გაუძღვება. „ჰაკნი შესაძლოა Hackney Diamonds-ის გულში იყოს, თუმცა ჩვენ გვსურს, ეს მომენტი მთელ მსოფლიოში თაყვანისმცემლებს გავუზიაროთ“, – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯგუფი ახალ მასალებს მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა, თუმცა შესვენება 2016 წელს, ბლუზის სტანდარტების ალბომის ჩასაწერად აიღო. როგორც ცნობილია, 18 წლის შემდეგ გამოშვებულ პირველ ალბომში, სულ მცირე, ერთი სიმღერა, Beatles-ის წევრების, პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის მონაწილეობით გამოვა.
ალბომი პირველი იქნება ჯგუფის დამაარსებელი წევრის, ჩარლი უოტსის გარდაცვალების შემდეგ. უოტსი, 1962 წელს, როკჯგუფის დაარსების შემდეგ, Rolling Stones-ის ათასობით კონცერტში და თითქმის ყველა ჩაწერილ სიმღერაში მონაწილეობდა. გასულ შემოდგომას, ჯგუფის მიერ გამართულ ბოლო ტურნეში, უოტსის ნაცვლად, დრამერი სტივ ჯორდანი უკრავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები თითქმის 80 წელს აღწევენ, Stones-ი 21-ე საუკუნეშიც რეგულარულად ატარებს ტურნეებს. პანდემიით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ ჯგუფმა 2021 წლის შემოდგომას, ჩრდილოეთ ამერიკაში „No Filter“-ტურნე გამართა, გასულ წელს კი მრავალკონცერტიანი ტურნე, სახელწოდებით „Sixty“, ჯგუფის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.