Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა კომპანიის $87.8 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის შევსებული დოკუმენტაციის თანახმად, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ტიმ კუკის მიერ ყველზე დიდი მოცულობით გასხვისებული აქციებია.
ტიმ კუკმა კომპანიის 511,000 აქცია გაყიდა, რომელთა ღირებულებაც გაყიდვის მომენტში ჯამში $87.8 მილიონს შეადგენდა. საბოლოოდ კი, გადასახადების გამოკლებით, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა $41.5 მილიონი მიიღო.
დიდი რაოდენობით აქციები ბოლოს ტიმ კუკმა 2021 წლის აგვისტოში გაყიდა. მაშინ უმსხვილესი ტექკომპანიის CEO-მ $355 მილიონი მიიღო. აშშ-ის ფასიანი ქაღლადების კომისიის ინფორმაციით, ტიმ კუკის მფლობელობაში Apple-ის 3.3 მილიონი აქციაა, რომელთა ღირებულება ამჟამად $565 მილიონს შეადგენს.
ცნობისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-ის აქციათა ფასი 13% შემცირდა, რაც სმარტფონებზე მოთხოვნის პროგნოზირებულზე დაბალმა ზრდამ და ამ პროცესზე ინვესტორების გადაწყვეტილებებმა განაპირობა.
შეგახსენებთ, გასულ თვეს Apple-მა ახალი სმარტფონი iPhone 15 წარადგინა, თუმცა სმარტფონის ფასები არ გაუზრდია. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამის მიზეზი სმარტფონებზე მოთხოვნის შედარებით შენელებაა.