ტომას მელია "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნას ექსპროპრიაციას უწოდებს

ტომას მელია "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნას  ექსპროპრიაციას უწოდებს

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნა. სესიაზე, რომელზეც საინვესტიციო ურთიერთობები განიხილებოდა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი მატკავას მთავრობის მხრიდან მსხვილი კომპანიების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შეკითხვები დაუსვეს. USAID-ის ადმინისტრატორის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, თომას მელიამ კონკრეტული საქმეები ახსენა, მათ შორის “ფილიპ მორისის” “რუსთავი 2”-სა და “ჯორჯიან მანგანეზის” საქმე.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე “ჯორჯიან მანგანეზის” საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას “გაუმჭვირვალე” და “გაუგებარი” უწოდეს.

ტომას მელიამ განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და უმსხვილესი ექსპორტიორია.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენ განაცხადეთ, რომ გაქვთ ღია ეკონომიკა და ეყრდნობით ლიბერალურ მიდგომებს. მაგრამ არის კონკრეტული მაგალითები და კითხვები. “ჯორჯიან მანგანეზი“ ამერიკული კომპანიაა, რომელიც არის უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორი. საკითხი რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, გაუმჭვირვალე და გაუგებარი ჩანს. ეს ფაქტიურად ექსპროპრიაცია იყო.

ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაც რამდენიმე კვირის წინ, რომელიც ასევე სასამართლო სისტემას ეხებოდა. საქართველომ ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციოს”, – განაცხადა ტომას მელიამ.

თავის მხრივ კი ირაკლი მატკავამ განაცხადა, რომ საქართველომ არაერთი რეფორმა გაატარა და ქვეყანას ესმის თუ რამდენად მნიშვნელობანია ამ პროცესის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ “ჯორჯიან მანგანეზში“სპეციალური მმართველი გარემოს დაცვის სამინისტრომ 11 მაისს დანიშნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *