იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ საკუთარი ფლაგმანური მოდელის, Land Cruiser-ის ჰიბრიდული ვერსია წარადგინა. კომპანია ახალი ჰიბრიდული Land Cruiser-ის გაყიდვაში ჩაშვებას თავდაპირველად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, შემდეგ კი სხვა ბაზრებზე გეგმავს.
ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალი მოდელი ავტომობილის თავდაპირველი ვარიანტის, 1951 წლის Land Cruiser-ის ხასიათს გაიმეორებს. კომპანიის განმარტებით, ახალი მოდელი იაპონიაში, მცირე ზომის 2 ქარხანაში იწარმოება და სხვა ბაზრებზე სწორედ იაპონიიდან განაწილდება.
ავტომობილის ჰიბრიდულ ვერსიასთან ერთად ბენზინისა და დიზელის ძრავაზე მომუშავე ვერსიებსაც გამოუშვებენ. თუმცა, ეს უკანასკნელნი ევროპისა და ავსტრალიის ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი.
ახალი Land Cruiser-ი იაპონიაში 2024 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, აშშ-ში კი იმავე წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ავტომობილის ღირებულება $50,000-დან დაიწყება. კომპანიის განმარტებით, ბენზინისა და დიზელის ძრავის მქონე ვერსიები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი. იაპონიისათვის კი ავტომწარმოებელი შედარებით მცირე ზომის ვერსიის წარმოებას გეგმავს.