აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის დახურვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელს, სავარაუდოდ, დღეს, 20 მარტს მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემები თეთრი სახლის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
Bloomberg-ისა და Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები განათლების მინისტრ ლინდა მაკმაჰონს ავალებს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები განათლების დეპარტამენტის დახურვისა და „სახელმწიფოებისთვის განათლების უფლებამოსილების დასაბრუნებლად“. თუმცა ტრამპის მიერ აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერის მიუხედავადაც, საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, კონგრესის თანხმობაც დასჭირდება.
USA Today-ის ინფორმაციით, აღმასრულებელი ბრძანება განათლების დეპარტამენტის მიერ დაწესებული „რეგულაციებისა და დოკუმენტაციის“ შემცირებას ისახავს მიზნად. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, რეგულაციები სააგენტოს პერსონალს იმ დროს ართმევს, რომელიც მათ მთავარ ვალდებულებას – სწავლებას უნდა დაეთმოს.
გარდა ამისა, ბრძანება ხაზს უსვამს იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების, პროგრამებისა და შეღავათების „უწყვეტი მიწოდების“ აუცილებლობას, როლებზეც ამერიკელები დამოკიდებულნი არიან. შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტებისა და დაბალი შემოსავლის მქონე სკოლების დაფინანსება, ასევე სტუდენტური სესხის პირობები, თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით უცვლელი დარჩება.
ბრძანების თანახმად, ფედერალური დაფინანსება შემცირდება ნებისმიერი პროგრამისთვის, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, თანასწორობას და ინკლუზიურ ძალისხმევას.
პრეზიდენტმა ტრამპმა განათლების დეპარტამენტის შემოწმებისა და დახურვის შესახებ განცხადება ინაუგურაციის შემდეგ არაერთხელ გააკეთა. ტრამპის გეგმებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა თანამშრომლების ნახევრის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მაკმაჰონის განცხადებით, ეს „პრეზიდენტის დავალება“ იყო.
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი 1979 წელს, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა. დეპარტამენტი ფედერალური კანონმდებლობის ქვეშ მოქმედებს, რის გამოც, მისი დახურვის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კონგრესის თანხმობაც დასჭირდება, რაც სენატში გამოსვლისას მაკმაჰონმაც დაადასტურა.