ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მასკის ქონება $20 მილიარდით გაიზარდა | რა ბედი ეწიათ სხვა მილიარდერებს?

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მასკის ქონება $20 მილიარდით გაიზარდა | რა ბედი ეწიათ სხვა მილიარდერებს?

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა რესპუბლიკელთა კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გამარჯვებისთვის საჭირო, საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა უკვე მოაგროვა. არსებული შედეგებით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 295 ხმა აქვს, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის 20 იანვარს, ყოფილი პრეზიდენტის აწ უკვე მეორე ინაუგურაციას ვიხილავთ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას შესამჩნევი ცვლილებები მოჰყვა, მათ შორის საფონდო ბირჟებზე: მაგ; გაიზარდა ტრამპის საკუთრებაში არსებული Trump Media & Technology Group-ისა და რესპუბლიკელთა კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, მასკის Tesla-ს აქციების ღირებულება. არჩევნების დაწყებამდე, ტრამპის გამარჯვების მოლოდინით, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ბიტკოინის ფასმა. ღირებულების ზრდა ტრამპის კრიპტომეგობრული პოლიტიკითაა განპირობებული.

არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფმა გავლენა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიმდიდრეზეც იქონია. ტრამპის გამარჯვების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია იმ პირებზე, რომელთაც ძლიერი კავშირები აქვთ კრიპტოვალუტასთან. მათ შორის $20 მილიარდით გაიზარდა ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემწირველის, ილონ მასკის ქონება.

ილონ მასკი: Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება, ოთხშაბათის მონაცემებით, თითქმის $21 მილიარდითაა გაზრდილი. დაახლოებით 15%-ითაა მომატებული ელექტრომობილების მწარმოებელი გიგანტის აქციების ღირებულება. ვაჭრობის დასრულების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი მიმდინარე წლის მაქსიმუმამდე – $288.53-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მასკს, ის Forbes-ის რეიტინგით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და ბოლო მონაცემებით, $285.6 მილიარდს ფლობს.

ჯეფ ბეზოსი: Amazon-ის მიერ ნაჩვენები მაღალი შედეგების გავლენით, კომპანიის დამფუძნებლის ქონება $7 მილიარდით, $223.5 მილიარდამდე გაიზარდა. Amazon-ის აქციების ზრდამ კი, 3.8% შეადგინა. შედეგად, ბეზოსი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს.

ლარი ელისონი: თითქმის 12 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი. ბიზნესმენის ქონება $220.8 მილიარდს აღწევს და უფრო მეტად ამცირებს სხვაობას Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მეორეადგილოსან, ბეზოსთან.

უორენ ბაფეტი: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მილიარდერის, უორენ ბაფეტის ქონება ოთხშაბათს $7.6 მილიარდით გაიზარდა. ამჟამად, ამერიკელი ინვესტორი $147.4 მილიარდით, მსოფლიოს მეექვსე უმდიდრესი ადამიანია. ოთხშაბათს, ვაჭრობის დასრულების შემდეგ, 5%-ზე მეტით გაიზარდა Berkshire Hathaway-ის აქციების ღირებულება.

ბრაიან არმსტრონგი: კრიპტოპლატფორმა Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება, ოთხშაბათის $2.6-მილიარდიანი ზრდის შემდეგ, $11 მილიარდს აღწევს. პარალელურად, 31%-ით მაღალია Coinbase-ის აქციის ღირებულებაც და $254.31-ს უტოლდება. ვაჭრობის დასრულების შემდეგ, $600 მილიონით მდიდარია პლატფორმის თანადამფუძნებელი ფრედ ერსამიც.

ვლად ტენევი და ბაიჯუ ბჰატი: ოთხშაბათის მონაცემებით, კრიპტობირჟა Robinhood-ის აქციების ღირებულება თითქმის 20%-ით გაიზარდა. შედეგად, მისი თანადამფუძნებლები ახლა საშუალოდ $300-300 მილიონით უფრო მდიდრები არიან. ტენევისა და ბჰატის ქონება, ცალ-ცალკე, $1.9 მილიარდს აღწევს.

მაიკლ სეილორი: ბიტკოინის სტრატეგიული ფირმა MicroStrategy-ის დამფუძნებელი ოთხშაბათის შემდეგ თითქმის $600 მილიონით უფრო მდიდარია. სეილორის ქონების წმინდა ღირებულება $6.6 მილიარდს უტოლდება. ხოლო კომპანიის თითო აქციის ფასი, 13%-ით, მიმდინარე წლის მაქსიმუმამდე – $257.81-მდეა გაზრდილი.

ამის საპირისპიროდ, შემცირდა Meta-ს თანადამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება. მცირედი ვარდნის შედეგად, ცუკერბერგი ახლა $197.9 მილიარდს ფლობს და Forbes-ის რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს. თითქმის შეუმჩნევლად, $0.38-ით, $572.05-მდე შემცირდა ვაჭრობის დასრულების შემდეგ Meta-ს აქციების ღირებულება.