ტრამპის კლონი

ტრამპის კლონი

ჰარი ტანოესოედიბჯოს უფრო მეტი საერთო აქვს 45-ე პრეზიდენტთან, ვიდრე ძვირფასი კურორტებია. ინდონეზიელი მილიარდერი ნამდვილ მინიტრამპად იქცა, თავისი სილამაზის კონკურსების, სატელევიზიო შოუებისა და გაუთავებელი ტვიტინგის ჩათვლით. ახლა კი უკვე ნიადაგს იმზადებს, მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი რომ გახდეს.

ინდონეზიელი მილიარდერი ჰარი ტანოესოედიბჯო დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობს, მაგრამ არის ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან კარგად იცის: „დიდი“. მისი მეფის სადარი სახლი ჯაკარტაში? „დიდი“. მისი ბიზნესიმპერია? „ძალიან დიდი“. მისი აზრი ბალის კურორტის შესახებ, ახლა რომ აშენებს? „ყველაზე დიდი და საუკეთესო“.

მის Hummer H2-ს მძღოლი მართავს, ჩვენ უკან ვსხედვართ და ლიდოდან ვბრუნდებით – ეს მისი მორიგი დეველოპერული პროექტია, ჯაკარტის გარეთ და 30-ჯერ დიდი, ვიდრე რასაც ახლა ბალიზე აკეთებს.

„დიდი პროექტია, არა?“ – კითხულობს ტანოესოედიბჯო.

დადებითი პასუხის მოსმენის სურვილით შეპყრობილი, მძღოლს მეტოქე კურორტზე შესვლისკენ მოუწოდებს – დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე, რანკამაიაში. ამერიკულ სტილში გადაწყვეტილ McMansion-ებს რომ ჩავუვლით, მას სურს, მიმახვედროს, რომ ლიდოს ვილები, დიახაც, „გაცილებით დიდი“ იქნება, ვიდრე რანკამაიასი; რანკამაიას ვილები დაახლოებით 1,300 კვადრატული ფუტისაა. გეგმავს, რომ ლიდოს მამულები 100,000 კვადრატული ფუტის იყოს. „არც ესაა ცუდი, მაგრამ ჩვენი უკეთესი იქნება“.

ეს სიტყვები ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს ხომ არ გახსენებთ? ეს შემთხვევითობა როდია. ტანოესოედიბჯო ტრამპის პარტნიორია ინდონეზიაში, მათი კავშირი კი გაცილებით ძლიერია. პრეზიდენტის ლამის ყველა უცხოელ პარტნიორს მასთან ერთი-ორი თვისება აერთიანებთ: უმთავრესად, ეს თვითრეკლამირების ნიჭია, რაღაც ისეთი, კარნავალის თავმომწონე წამყვანებს რომ ახასიათებთ. მაგრამ 51 წლის ტანოესოედიბჯოსთვის ტრამპი 360-გრადუსიანი როლური მოდელია, რომელსაც ყველა შესაძლო გზით ბაძავს.

ტრამპის მსგავსად, თავისი ქონება – $1.1 მილიარდად შეფასებული – უშველებელი ვალის ხარჯზე უძრავი ქონებიდან და მედიიდან დააგროვა. ის გაუთავებლად წერს ტვიტერში და 1 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. სილამაზის კონკურსებს აწყობს. უყვარს რეალიტი-შოუები. გლამურული ცოლი ჰყავს. და ზუსტად ისე, როგორც ტაბლოიდები ტრამპს სახელით – დონალდით – მოიხსენიებენ, ინდონეზიურ პრესასაც ურჩევნია, მას უბრალოდ ჰარი დაუძახოს.

მაგრამ ჰარის, როგორც ჩანს, ეს არაკმაყოფილებს. დღეს უკვე ისიც ავლენს მისწრაფებას პოლიტიკური ძალაუფლებისკენ, კერძოდ კი მსოფლიოში ყველაზე დიდი მუსლიმური ქვეყნის, მეოთხე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და მშპ-ის მიხედვით მეთექვსმეტე უმსხვილესი ეკონომიკის პრეზიდენტობა მოისურვა. ტრამპის მსგავსად, ეს მილიარდერიც ანტიელიტისტურ კამპანიაში ხედავს გზას ძალაუფლებისკენ. და ტრამპის მსგავსად, ისიც სკანდალების მაგნიტი ხდება, მათ შორისაა ბოლოდროინდელი ბრალდება (რაზეც აქამდე დასავლეთში არ გავრცელებულა ცნობები), რომლის თანახმადაც, ის ინდონეზიის წინა პრეზიდენტის დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა, სქემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სიტუაცია ისე მოეწყოთ, ინდონეზიის ყოფილი მაღალჩინოსანი მკვლელად რომ გამოეყვანათ; ჰარი ნებისმიერ როლს მრისხანედ უარყოფს.

„ტანოესოედიბჯოს აქვს ფული, საარჩევნო მანქანა რომ დააფინანსოს, და მედია, რეალური გავლენა რომ იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე, – ამბობს რეინერ ჰეფერსი, ჯაკარტაში მდებარე ორგანიზაცია Center for Indonesian Policy Studies-ის თანადამფუძნებელი. – შესაბამისად, მას აქვს პოტენციალი, შედარებით მოკლე დროში აქტუალურ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს“. ჰეფერსის აზრით, ჰარი ყველა ნიშანს ავლენს, ინდონეზია მონაწილეობაზე დაფუძნებული დემოკრატიიდან უფრო ავტორიტარულ სტილზე რომ გადაიყვანოს.

იანვარში ჰარი ამერიკაში ჩავიდა, ტრამპის ინაუგურაციას რომ დასწრებოდა. შეხვედრა მის ვაჟებთან, ერიკ და დონალდ უმცროსთან, და ლანჩი ნიუ-იორკის მედიის თავშეყრის ადგილას, Michael’s-ში, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის დაბადებით გამოწვეულ ზარ-ზეიმში გადაიზარდა. ინდონეზიაში ჰარი თავს იკავებს თავისი პოლიტიკური ამბიციების ხაზგასმისაგან, მაგრამ ინაუგურაციის წინა ღამეს, ვაშინგტონში, Trump International Hotel-ის ვესტიბიულში მჯდომისთვის სასიამოვნოდ აღელვებული ფუსფუსი გადამდებია.

„ათ წელიწადში, ვფიქრობ, ქვეყნის მართვას შევძლებ“, – ამბობს ის და ამაში ისევეა დარწმუნებულია, როგორც მისი მენტორი.

NIRWANA BALI GOLF CLUB-იკურორტის მთავარი გასართობია, რომელსაც ჰარი და ტრამპები მალე გადააკეთებენ, ხოლო ამ კურორტის კლდეზე მდებარე გოლფის მეშვიდე მოედანი უკვე ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ პანორამას ქმნის. 214-იარდიანი პარ-3-ის გვერდით Tanah Lot-ი მდებარეობს – მე-16 საუკუნის ინდუისტური კუნძულის ტაძარი. წმინდა ადგილიდან მონაბერი საკმევლის სურნელი ხშირად დაიქროლებს გოლფის მოედანზე, სადაც Nirwana-ს ბურთის მომწოდებელი ქალბატონები (მხოლოდ მდედრობითი სქესის არიან), მწვანე უნიფორმებსა და კონუსისებრ ქუდებში გამოწყობილები, როგორც წესი, გოლფის გრძელ ჯოხებს გთავაზობენ, ბოლო სამიზნე ხვრელამდე რომ მიაღწიო, რომელსაც მთავარი მოედნიდან შავი ქვიშიანი ნაპირი აშორებს.

„ეს საუკეთესო უძრავი ქონებაა ბალიზე, საკულტოდ უნდა ვაქციოთ, ამბობს ჰარი და ინდოეთის ოკეანეს გადაჰყურებს. – ვერტმფრენების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიც უნდა გავაკეთოთ“, – განაგრძნობს ამოუსუნთქავად.

პერსონალი მას ახლად გამოწურულ ქოქოსის წვენს აწვდის საწრუპით. მისი გუნდი ზრუნავს, რომ მუდამ მომარაგებული ჰქონდეთ მისთვის ჰიგიენური ხელსაწმენდები (ტრამპის მსგავსად, მიკრობები მასაც აფრთხობს), ზრუნავს იმაზეც, რომ ლიფტში ის პირველი შევიდეს და საგანგებოდ დახარისხებული, ამობეჭდილი დღის განრიგი მიიღოს. დაცვის თანამშრომლები მას ენერგიული ღიმილითა და სალმით ეგებებიან. ხშირად პოლიციის ესკორტთან ერთად მოძრაობს და ნებას რთავს მძღოლს, ინდონეზიის საცობებიან ქუჩებში, გზის ორივე მხარეს გაძვრეს. ხოლო იმ დღეს, დილას, ვიდრე Nirwana–ში ჩამოაღწევდა, მისი პერსონალის პატარა ჯგუფი შემოწმებაზე გამოსული ჯარივით ჩამწკრივდა წინა კიბეებზე, ოღონდ ხელში არა იარაღი, არამედ ქათქათა ხელის პირსახოცები და ანანასის წვენი ეჭირათ.

2013-ში ჰარიმ Nirwana-ს კურორტი დაახლოებით $200 მილიონად იყიდა, ისევე როგორც Lido – იმავე ფასის მქონე უძრავი ქონება ჯაკარტის გარეთ. Lido-ს სასტუმროსა და გოლფის მოედნის ნაწილი იმავე წლის ბოლოს დახურა, ხოლო Nirwana ღია დატოვა და იმაზე დაიწყო ფიქრი, რა უნდა ექნა ამ ორი უძრავი ქონებისთვის. გუნდს სთხოვა, ბაზარზე დამკვიდრებული მდიდრული სასტუმროების კომპანიათა მოკლე სია შეედგინათ, ჰოდა, ასე გავიდა Trump Organization-თან კონტაქტზე. „ტრამპი სასტუმროებსა და გოლფის მოედნებში სპეციალიზდება. ამიტომაც შევარჩიეთ ტრამპი, – ამბობს ჰარი. – ამასთან, – უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპის იმიჯი საკმაოდ მაღალი კლასისაა“.

2015 წლის ხელშეკრულებებმა ტრამპებს საშუალება მისცა, სასტუმროები და გოლფის მოედნები Trump-ისბრენდიანი უძრავი ქონების სახით ემართათ, პარალელურად კი თავიანთი სახელის ლიცენზირებას ადგილზე მდებარე ვილებისა და სასტუმრო-აპარტამენტებისთვის ახდენდნენ. ჰარი არ აკეთებს Trump-თან დადებული ხელშეკრულების ფინანსურ პირობებზე კომენტარს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა მიაჩნიათ ინდუსტრიის წყაროებს ტიპურად, მაშინ ტრამპები, სავარაუდოდ, სასტუმროს შემოსავლიდან – 5%-ს, გოლფის მოედნიდან კი 3%-ს აიღებენ (თავის მხრივ, არც ტრამპები აკეთებენ ამ თემაზე კომენტარს). ყველაფრის მფლობელი ჰარია და ყველა რისკზე ის მიდის, აბანდებს რა ფულს Lido-სა და Nirwana-ს მშენებლობაში.

ჰარის საქმე, უმეტესწილად, დონალდ უმცროსსა და ერიკთან აქვს. პირველად მათ რამდენიმე თვით ადრე შეხვდა, სანამ პარტნიორობის შესახებ გახდებოდა ცნობილი. პრეზიდენტ ტრამპს „ერთი-ორჯერ“ შეხვედრია, მათ შორის, არჩევნების შემდგომ შეკრებაზე იანვარში, თუმცა დეტალებს არ გვიამბობს, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი „ისეთივე იყო, უბრალოდ გარს სულ დაცვა და საიდუმლო სამსახურის აგენტები ეხვივნენ“.

რემონტი Nirwana-ში წელს მოგვიანებით უნდა დაიწყოს და, როგორც ჰარი ამბობს, მან უკვე მოაგვარა, რომ ფილ ნიკელსონმა გოლფის მოედნის (ამ მოედნის თავდაპირველი დიზაინი გრეგ ნორმანს ეკუთვნის 1990-იანებში) ახალ კონცეფციასა და გაზრდაზე იფიქროს, რადგან იმედი აქვს, რომ PGA-ის ღონისძიებას გამოჰკრავს ხელს. სასტუმროზეც გრანდიოზულ იმედებს ამყარებს, სადაც ღამე ამჟამად $100-დან $200-მდე ღირს. როცა ორი წლის შემდეგ ის Trump-ის სასტუმროს რანგში გაიხსნება, ჰარი იმედოვნებს, რომ ფასები ღამეში $600-დან დაიწყება და $3,000-ს მიაღწევს.

Lido Nirwana-ზე უფრო ვრცელ რემონტს საჭიროებს და ჰარი გეგმავს, მისი დიდი ნაწილის დემონტაჟი მოახდინოს, მანამ ერნი ელსი გოლფის მოედნის დიზაინს შექმნის, რომლის ადგილასაც ჯერჯერობით დიდი ტალახიანი მდელოა. Lido-ს მასიური ზომა ჰარის საშუალებას აძლევს, იქ 250-აკრიანი თემატური პარკიც დაამატოს. „ხალხი რომ შემოდის, ეს იდეა მაშინვე აღაფრთოვანებთ”, – ამბობს ის. პროექტის დასრულებისთვის, რაც 2018-დან 2020-მდე პერიოდშია ნავარაუდევი, მისი თქმით, ის თითქმის $2 მილიარდს დააბანდებს Lido-სა და Nirwana-ს ტრანსფორმაციაში.

ცხადია, ყველა ამ ამბიციას აშკარა რისკები ახლავს: ჰარიმ Trump-ი იმ ქვეყანაში უნდა გაყიდოს, რომლის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობაც მუსლიმია – 258 მილიონი მოქალაქიდან დაახლოებით 90%. ინაუგურაციამდე, ჰარიმ არად ჩააგდო ტრამპის კამპანიის ანტიმუსლიმური კომენტარები და თქვა, რომ ხალხმა მას „სწორად ვერ გაუგო“ და რომ ტრამპი მხოლოდ „რადიკალ მუსლიმებს“ გულისხმობდა. პრეზიდენტ ტრამპის სკანდალური სტარტის შემდეგ, მათ შორის მისი სამგზავრო აკრძალვის შემდეგ, ჰარი ჩართულ დიქტოფონთან ტრამპთან დაკავშირებულ საკითხებზე დიდად აღარ ლაპარაკობს.

ტრამპის პრეზიდენტად არჩევის წინა ღამეა. ჰარი Trump International Hotel-ის ვესტიბიულის ბართან ახლო ზის. მილიარდერმა, როგორც ჩანს, ცოტაოდენი დალია. ძალების აღდგენას პიტნის ჩაით ცდილობს და მოწადინებულია, მას შევუერთდე, თავის ჩაის ფინჯანს ჩემი სკოჩის ჭიქას უჭახუნებს და მეუბნება: „დაამთავრე“.

„სულ მალე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, – ამბობს ჰარი და თავისი დალხენილი განწყობის მიზეზს ააშკარავებს. – ის ყველასათვის შთაგონების წყაროა, მათ შორის, ჩემთვისაც“.

ამ შთაგონების ფესვები ჰარის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ტრამპის მსგავსად, მამამისიც მშენებელი იყო – აღმოსავლეთ იავის საპორტო ქალაქ სურაბაიაში. შვილთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები ჰქონდა და ის სასწავლებლად კანადაში გაგზავნა. ჰარიმ მართლაც ოტავაში, კარლტონის უნივერსიტეტში ისწავლა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ისევ, ტრამპის მსგავსად, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად, 1989-ში, ფული მამას გამოართვა. ჰარის შემთხვევაში, მამამისის $5,000 საბროკერო ბიზნესის დაფინანსებაში დახარჯა; ერთ წელიწადში ეს ბიზნესი მან ჯაკარტიდან დასავლეთით, 15 საათის სავალზე გადაიტანა და გაყიდვებით $24 მილიონის კეთება დაიწყო, მერე კი, 1997 წელს, თავისი კომპანია, რომელსაც მოგვიანებით MNC Group-ი დაერქვა, საჯარო ბაზარზე გაიტანა – პირდაპირ აზიური ფინანსური კრიზისის ხახაში. გეზი იცვალა და გადაწყვიტა, ეკონომიკური არეულობა კომპანიების იაფად შესყიდვისთვის გამოეყენებინა. „ეს ჩემი ოქროს ხანა იყო“, – ამბობს ის. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ათობით გარიგება გაჩარხა და დაახლოებით $1 მილიარდამდე ინვესტიცია განახორციელა.

მის შენაძენთა შორის ოთხი სატელევიზიო არხი იყო, მათ შორის, ორის მფლობელებად ცოტა ხნით ადრე გადაგდებული დიქტატორის, სუჰარტოს შვილები ირიცხებოდნენ.

არხებზე სხვა კომპანიათა შოუები გადიოდა, ჰოდა, 2000-იანებში ჰარიმ ეს მოდელი შეცვალა და MNC-ის მიერ შექმნილი სერიალების გადაცემა დაიწყო, რისთვისაც ტალანტების მენეჯმენტის ბიზნესიც დააფუძნა, რათა თავისი შექმნილი ვარსკვლავები ეკონტროლებინა. მიხვდა, რომ ტალანტების მაძიებელი შოუები ინდონეზიაში კარგად იმუშავებდა: უკიდურესად დაყოფილი კლასები, ამერიკასთან შედარებით, იქ გაცილებით რთულს ხდის ტალანტი დიდებად და ქონებად აქციო; ამიტომაც, XFactor-ის და American Idol-ის ადგილობრივი ვერსიები ჩაუშვა (MNC სხვა სახის პროგრამებსაც ამზადებს, მათ შორის, პოპულარულ დრამას, რომლის სახელი დაახლოებით „თავდაყირა მსოფლიოდ“ ითარგმნება. შოუს მთავარი გმირი ოჯახის მარჩენალი ქალია, კაცი კი „სახლში ზის და ყველა საქმეს აკეთებს“, – განმარტავს ჰარი და სულ მთლად კაცებით დაკომპლექტებულ მხლებლებში ხითხითს იწვევს). 2015-დან მოყოლებული, მან სილამაზის კონკურსის, „მის ინდონეზიის“ გამართვა დაიწყო, 2013-ში კი „მის მსოფლიოს“ უმასპინძლა. MNC-ს ინდონეზიის პრაიმტაიმ-მაყურებლის 40% ჰყავს დაპყრობილი და ქვეყნის ათი ყველაზე პოპულარული პროგრამის მფლობელია.

დაუღალავი ჰარი ცდილობს, ერთ დღეში მაქსიმალურად ბევრი რამ ჩატიოს. ტრამპის მსგავსად, მასაც თითქმის არ სძინავს – ღამეში დაახლოებით ოთხი საათი და დილის ოთხ ან ხუთ საათზე იღვიძებს, ი-მეილებსა და WhatsApp-ის მესიჯებს რომ უპასუხოს (მთელი დღის მანძილზე ტელეფონს არ იცილებს ხელიდან და რამდენიმე წუთში ერთხელ ეკრანს ჩასცქერის). მისი აღმასრულებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, ფეხი რომ აუწყონ. „ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებს. ვერც კი წარმოიდგენთ, რას გვიშვრება ოფისში, – ამბობს MNC-ს ვიცე-პრეზიდენტი ივან კასადევალი, რომელიც Trump-ის პროექტებშია ჩართული. – 18-საათიანი დღეები გვაქვს, 12-იანი კი არა“.

მისი მოუსვენარი ტემპერამენტის წყალობით MNC მნიშვნელოვნად გააფართოვა და ვალიც ბლომად აიღო ამისთვის. დღეს კომპანია ფლობს 60-ზე მეტ ადგილობრივ ტელეარხს, ოთხ ნაციონალურ ტელეარხს, გაზეთს, უძრავი ქონების დეველოპერ ბიზნესს (რომელმაც MNC-ს ოფისები ააშენა ჯაკარტაში, სანამ Trump-ის კურორტებზე გადავიდოდა) და მთელ რიგ ფართო ასორტიმენტის ინვესტიციებს, მათ შორის, ქვანახშირის საბადოებში. შედეგად, ვალი გაიბერა. ხუთ წელიწადში დავალიანებები დაახლოებით 350%-ით, $2.2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო S&P-ს შეფასებით, 2018-ისთვის $800 მილიონის სესხს აიღებენ. ჰარი ამ მაჩვენებლებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ სინამდვილეში, ციფრების ნახევარზეა ლაპარაკი. როგორც Moody, ისე S&P-ის მშობელი კომპანია MNC-ის ობლიგაციებს უვარგისად აფასებს და უარყოფითად აღიქვამს. „როცა ამ დონეზე ხარ, ფინანსური გაჭირვების მაღალ რისკზე იწყებ ლაპარაკს“, – ამბობს S&P-ის სინგაპურში დაფუძნებული საკრედიტო ანალიტიკოსი ქსავიე ჯანი, რომლის თანახმადაც, დეფოლტის თავიდან ასარიდებლად, მომდევნო თვეებში, MNC-ს, შესაძლოა, ზოგიერთი სესხის რესტრუქტურირება მოუხდეს.

ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება, როცა ჰარი, როგორც ტრამპი კამპანიის დროს, აშკარად ნაკლებ ყურადღებას უთმობს თავის ბიზნესს. შარშან MNC-ის უმსხვილესი მედიაპლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა. „უკვე ვიბნევი, აქ როცა მოვდივარ“, – ამბობს ის, როცა MNC-ს ერთ-ერთ ოფის-ცათამბჯენში ესკალატორზე არასწორ ადგილას ტრიალდება.

MNC-ის ვალთან დაკავშირებულ დარდებს არად აგდებს და ამბობს, რომ კომპანიის მეტად გაზრდას აღარ გეგმავს. „კიდევ რომ გავფართოვდე, დიდი დრო დამჭირდება, მე კი პოლიტიკაში მინდა წასვლა, – ამბობს ის. – ბიზნესს უნდა დავცილდე და პოლიტიკისკენ დავიწყო სვლა“.

 

ინდონეზიის ეროვნულ პოლიტიკაში ჰარის გააქტიურებას ქაოსი ახლდა თან. ეს 2014 წელს მოხდა, არჩევნებამდე. ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, მან ერთი პარტია, Nasdem-ი, დატოვა და მეორეს, Hanura-ს, შეუერთდა და არმიის ყოფილი გენერლის, ვირანტოს (რომელსაც, ბევრი ინდონეზიელის მსგავსად, მხოლოდ ერთი სახელით მოიხსენიებენ) კამპანიაში ჩაერთო, როგორც ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი. მალევე, უფრო ძლიერი და ცნობილი კანდიდატების გამოჩენასთან ერთად, მათმა კამპანიამ მარცხი იწვნია.

მარცხის შედეგად, ჰარიმ პრაბოვო სუბიანტოს დაუჭირა მხარი – კიდევ ერთ ყოფილ გენერალს, რომელიც ახირებულ კამპანიას ატარებდა და უფრო ავტოკრატული პრეზიდენტობისკენ დაბრუნების ნიშნებს ავლენდა. ბოლოს უფრო ზომიერმა ჯოკო ვიდოდომ გაიმარჯვა.

ჰარიმ არც აცია, არც აცხელა და 2014 წლის ოქტომბერში თავისი პოლიტიკური პარტია, Perindo, ჩამოაყალიბა. სოციალური მედია მალე იქცა მისი საჯარო პროფილის მომძლავრების მთავარ ინსტრუმენტად. დაქირავებული ფოტოგრაფები მას ლამის ყველგან დაჰყვებიან და ყოველი მისი ნაბიჯის დოკუმენტირებას ახდენენ, ხოლო მრავალი ასეთი სურათი Twitter-ზე პოულობს ბინას. ჰარი ხშირად პოსტავს Twitter-ზე – დღეში ათჯერ ან მეტჯერ.

ჰარის აქამდე ერთგვარად დაუშოშმინებია მისი საპრეზიდენტო ამბიციების ირგვლივ გაჩენილი სპეკულაციები: „ყველას უნდა, რომ ვიყარო კენჭი, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია“. თუმცა იანვარში, ვაშინგტონში, ჩემთან საუბრის დროს, პრეტენზია კვლავ გამოთქვა: „ჩემი პოლიტიკური პარტია პროგრესის მამოძრავებელია… პროგრესის მამოძრავებელი და შეუძლია, ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. უნდა ვიყარო კენჭი“.

მას ბევრი დაბრკოლება ექნება გადასალახი, გარდა იმისა, რომ პოპულისტის მანტიაში შემოსილი მილიარდერია. ჰარი ეთნიკური ჩინელია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 99% სხვა წარმოშობისაა, და არის ქრისტიანი მსოფლიოს ყველაზე დიდ მუსლიმურ ქვეყანაში. მაგრამ, გარკვეულწილად, ჰარის გზავნილისთვის სიტუაცია მომწიფებულია. ეკონომიკური ზრდა შეფერხებულია: ბოლო მონაცემებით, თუ 2011-ში ინდონეზიის ეკონომიკა 6.2%-ით იზრდებოდა, 2015-ში ეს მაჩვენებელი 4.8%-ია. „ამერიკაში თქვენ გაქვთ ‘დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება’, – ამბობს ჰარი, – აქ კი ‘დავუბრუნოთ ინდონეზიას ძველი დიდება’ გვექნება. ამიტომაც მივდივარ პოლიტიკაში“.

ჰარი „მოდიფიცირებული“ დემოკრატიის სარგებელს ხედავს – „ისეთი კი არა, თქვენ რომ გაქვთ შტატებში“ – და ანტითავისუფალი ბაზრის მომხრეა. „ეს ჩემთვის არის კარგი, მაგრამ არა ინდონეზიისთვის“, – ამბობს ის. მისთვის პარადიგმა ჩინეთი და მისი მთავრობის მიერ კონტროლირებული ეკონომიკაა. მაგალითად, წარმოუდგენია, რომ ინდონეზიამ უნდა შეამციროს შაქრის ლერწმის იმპორტი ადგილობრივი მკის დროს ისე, რომ ფერმერებმა შეძლონ თავიანთი მოსავლის უფრო ძვირად გაყიდვა. გამოხატვის თავისუფლებას ემხრობა… გარკვეულწილად. „ყველას უნდა ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება, თუმცა არა მას, ვინც ხელისუფლებაშია“, – ამბობს ის, რითაც რთულად ნიღბავს ინდონეზიის იმ ამჟამინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, რომელიც დემონსტრანტებს გარკვეული მოსაზრებების გახმოვანებისთვის ფულს უხდის. მხარს უჭერს დაბინავებისა და განათლების სესხების სუბსიდირებას ღარიბთათვის.

„ვფიქრობ, ტრამპის სტრატეგია კარგი რამეების კეთებაა დაბალი ფენის ხალხისთვის, – ამბობს ჰარი. – და მეც ამაზე ვარ აქორიენტირებული“. რაც შეეხება დასავლურ გავლენებს მის ქვეყანაში, ჰარი ამაზე ჯერ დადებითად საუბრობს („როცა ქვეყანას უჭირს, ძალიან ადვილია მათგან დახმარების მიღება, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან“), მაგრამ მეორე წუთას დამცინავად იხსენიებს („მსოფლიო ბანკი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხოლოდ ჯაკარტას ხედავენ, სხვა არაფერი იციან“).

„ჩვენი პარტია დღეს ამომავალი ვარსკვლავია“, – აცხადებს ის რაღაც მომენტში, თუმცა ამ მოსაზრებას ლამის ყველა ინდონეზიელი პოლიტიკური ექსპერტი უარყოფს, რომელთა აზრით, მისი კანდიდატურა შანსებსაა მოკლებული მისი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების გამო და იმის გამოც, რომ მისი სახელი დაბალი ცნობადობისაა ქვეყანაში, რომლის 13,466 კუნძულზე 700-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. მისი ყველაზე რეალისტური კურსი, შესაძლოა, კვლავ ვინმეს ვიცე-პრეზიდენტად კენჭისყრა იყოს 2019 წლის არჩევნებში, კამპანიის დაფინანსება და მერე, მოგვიანებით, პრეზიდენტად გახდომის უკვე პირადად ცდა.

თუმცა მას ორი ღირებული აქტივი აქვს: თავისი მედიაბიზნესი, რომელიც მძლავრი მეგაფონით უზრუნველყოფს, და კავშირები ტრამპთან. „შესაძლოა, გაჩნდეს აღქმები, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობის გამო უპირატესობით სარგებლობს“, – ამბობს კევინ ო’რურკი, სტაჟიანი ინდონეზიელი ანალიტიკოსი და კორპორაციული რისკების კონსულტანტი.

„ყველა მისტერ ტრამპთან დაკავშირებით მისვამს კითხვებს, – ამბობს ჰარი ერთ-ერთ საღამოს, სადილის შემდგომ, Cohiba-ს სიგარებისა და $3,500-იანი კონიაკის თანხლებით. – ი-მეილებს მწერენ, მესიჯებს მწერენ. ვეუბნები, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ბიზნესს ნიშნავს და არა მისტერ ტრამპთან პერსონალურ კონტაქტს“. არც პოლიტიკას. „ბიზნესშიც კი არაა ჩართული“. და მაინც, ჰარი ამბობს, რომ პრეზიდენტ ვიდოდოს რომ ეთხოვა, ტრამპთან დააკავშირებდა. „შუამავლობა რომ მთხოვონ, – ამბობს მხრების ჩეჩით, – სიამოვნებით დავეხმარებოდი“.

 

ჰარის თეთრი სახლი მისი როლური მოდელისას არ უდებს ტოლს. ჯაკარტაში თითქმის მთლიანი უბანი უკავია და თავისი პალმებითა და მარმარილოს მაღალი სვეტებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს „ნაიარევი სახის“ სახლს… ან Mar-a-Lago-ს. იქ ნახავთ კოი-თევზებით სავსე გუბურებს, ათ საძინებელსა და 23 ადამიანისგან დაკომპლექტებულ პერსონალს, რომელიც 24 საათი/კვირაში 7 დღე თქვენს განკარგულებაშია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი მეტად ტრამპულია.

ჰარი მშვიდ განწყობაზეა. კარგია, იმიტომ რომ სადილად საკმაოდ დაძაბულ ღამეს დამპატიჟა. რვა წლის წინ ინდონეზია გახმაურებული სკანდალის მოწმე შეიქნა. ქვეყნის ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარე ანტასარი აჟარი დააკავეს, გაასამართლეს და მეგობრის მკვლელობის გამო 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ორნი, გავრცელებული ცნობებით, სასიყვარულო სამკუთხედში იყვნენ ჩაბმულნი. მაგრამ სპეკულაციები იმაზე დაიწყო, იქნებ აჟარი, კორუფციის შეფის რანგში, „არასწორ“ ადამიანს დაედევნა და სასჯელს ამისთვის იხდისო. აჟარი დროზე ადრე, 2016 წლის ნოემბერში გამოუშვეს; ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა.

ერთი დღით ადრე, სანამ ჰარის სახლში ვეწვეოდი, აჟარი ყოვლად სკანდალური საჯარო ბრალდებით გამოვიდა: ინდონეზიის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, სუსილო ბამბანგ იუდჰოიონომ მომიწყო ყველაფერი, მუქარის გადმოსაცემად კი ჰარი გამოიყენაო; ამ უკანასკნელმა აჟარის, თითქოსდა, უთხრა, რომ იუდჰოიონოს ნათესავის გამოძიებისთვის თავი უნდა მიენებინა, თუ არა და უსიამოვნებებს ვერ აუვიდოდა. „ფრთხილად უნდა იყო“, – აჟარის თქმით, ასე უთხრა მას ჰარიმ. აჟარი ამ საკითხზე დიდად არც დაფიქრებულა („კანონაღსრულებაში მუშაობის გამო ასეთ რამეებს მიჩვეული ვიყავი“, – ამბობს ის), სანამ სასამართლოში არ ამოჰყო თავი.

აუზთან მოკალათებული ჰარი ინდიფერენტულობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ აშკარად თავის შემდეგ სვლაზეა ჩაფიქრებული. „პოლიტიკა ბინძური თამაშია, – აღნიშნავს ის, პირიდან Cohiba-ს სქელ ბოლს უშვებს და ახლად დასხმულ ბორდოს წრუპავს. – პოკერის მოთამაშის სახე უნდა შეინარჩუნო და აუღელვებელი უნდა დარჩე“. იუდჰოიონოს მსგავსად, ისიც ამბობს, რომ აჟარის კომენტარები უღირსია და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა მასზე.

და ამ სიტყვებზე ტრამპის სადარ საოჯახო სადილზე მეპატიჟება შიგნით: მაგიდა 18 კაცზეა გაშლილი, ვარდებითა და შროშანებით მორთული, მიმტანებს შავი ჰალსტუხები უკეთიათ და შავი ჟილეტები აცვიათ და მაგიდაზე, ყველა სკამთან მენიუ დევს. მისი ცოლი და ოთხი შვილი (ერთ-ერთი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს) გვიერთდებიან, მათ შორის, მისი ერთადერთი ვაჟი, 15 წლის უორენი, რომელსაც მამამ უორენ ბაფეტის პატივსაცემად შეურჩია სახელი.

შევექცევით ცივ ხორცს, იხვის კონსომეს, მოლუსკებს, ვაგიუს ხორცსა და თეთრი შოკოლადის მუსს. ღვინო, მათ შორის, 2000 წლის Château Lafite Rotschild-ი, ბარაქიანად იღვრება ჭიქებში, ხოლო ჰარი, როგორც ხდება ხოლმე, მთავარი მოსაუბრეა; ხელებს ცოცხლად იქნევს და ყოველ ჯერზე თვალს მისი საგანგებოდ შექმნილი Richard Mille-ის საათი ჭრის, რომელზეც ბრილიანტებით გველია ამოტვიფრული („ეს ერთადერთია მსოფლიოში“, – ამბობს ის საათზე, რომელიც, სავარაუდოდ, $1 მილიონი დაჯდა). გულწრფელი ოჯახური ურთიერთობის მომენტებიც გამოერევა – ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი ბავშვობაში ჰარიმ და ლილიანამ ან როგორც წავიდნენ იერუსალიმში, სადაც ღრმად ქრისტიანმა ცოლ-ქმარმა ვაჟისთვის ილოცა, ცხრა თვეში კი უორენი ეყოლათ. მაგრამ, ძირითადად, ჰარი მისვამს კითხვებს პრეზიდენტ ტრამპზე – აინტერესებს, როგორ მოიგო არჩევნები, ქვეყნის რომელ რეგიონებში გაიმარჯვა და, ზოგადად, სხვა შეკითხვებსაც ვიღებ ამერიკაზე.

„ვინ გააგრძელა ‘შეგირდი’?“ – კითხულობს ჰარი, რომელიც ადგილობრივი ვერსიის წამოწყებას განიხილავს. წამყვანი, ცხადია, თავად იქნება. ბოლო-ბოლო, ეს ხომ ის როლია, დონალდ ტრამპი ახლებურად რომ შეფუთა, როგორც ბიზნესწარმატების უზენაესი არბიტრი, საბოლოოდ კი პრეზიდენტად აქცია?!

მაშინ, აბა, თუ პრეზიდენტის საფირმო ფრაზა „გაგდებული ხარ“ იყო, ჰარი რას გამოიყენებს? მილიარდერს მყისვე აფიქრდება ფრაზა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად მოეწონებოდა: „ბრიყვი ხარ“.

ამ წერილის კონტრიბუტორები დენ ალექსანდერი და შინტია ფელისიტასი არიან.