„ასე გამოიყურება გამარჯვება,“ – განაცხადა ილონ მასკმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორედ ვადით არჩევის დღეს. „მე წარმოუდგენლად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ… ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ღირებულება, რაც ძალიან მიყვარს, სწორედ ოპტიმიზმია.“
საინტერესოა, ამავეს ფიქრობს თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის მე-100 დღეს, როდესაც ამერიკის საფონდო ბირჟამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი სტარტი აჩვენა – S&P 500-იც და Dow Jones-იც დაახლოებით 8%-ით დაეცა, რაც დიდწილად ტრამპის სავაჭრო და ტარიფების პოლიტიკით არის გამოწვეული.
ამერიკულმა Forbes-მა იმ მილიარდერების ათეულები შემოგვთავაზა, რომელთა ქონება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა და შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ილონ მასკმა განიცადა – ის ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე 45 მილიარდი დოლარით გაღარიბდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მასკი საჯაროდ დაუპირისპირდა ტარიფების მიმართულებით ტრამპის მრჩეველ პიტერ ნავაროს, თავი დაანება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ყურადღება კვლავ Tesla-სკენ მიმართა. შეგახსენებთ, ტარიფების შიშმა და მასკის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა კომპანიის აქციების ფასის 33%-იანი ვარდნა გამოიწვია.

თუმცა მასკი ერთადერთი მილიარდერი არაა, ვინც ტრამპის მეორე ვადაში მნიშვნელოვნად დაზარალდა. მთლიანობაში, ამერიკელი მილიარდერები ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან დღემდე $300 მილიარდით გაღარიბდნენ. ყველაზე მეტად დაზარალებულთა ათეულში მასკთან ერთად ასევე მოხვდნენ ჯეფ ბეზოსი (Amazon), სერგეი ბრინი (Google) და მარკ ცუკერბერგი (Meta), რომლებიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრნენ – ამ დღის შემდეგ მათი ქონება, შესაბამისად, $35, $26 და $22 მილიარდით შემცირდა.
გაღარიბდნენ ტრამპის მხარდამჭერი სხვა მილიარდერებიც. ლარი ელისონი (Oracle), რომელმაც ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში $500-მილიარდიან ინიციატივაზე ისაუბრა, $28 მილიარდით გაღარიბდა და მასკისა და ბეზოსის შემდეგ, დანაკარგის მოცულობით, მესამე ადგილზეა. Blackstone-ის დამფუძნებელ სტივენ შვარცმანის ქონება კი $11 მილიარდით შემცირდა.
თუმცა, ამერიკელი მილიარდერების ნაწილმა, გამდიდრება ბაზარზე არსებულ ქაოსშიც მოახერხა. მათ შორის არის უორენ ბაფეტი, რომელმაც „ტარიფები გარკვეულწილად ომის აქტად“ შეაფასა. მან Berkshire Hathaway-ის აქციების სტაბილურად შენარჩუნება და კომპანიის რეკორდული, $334 მილიარდის ნაღდი ფულით გაძლიერება შეძლო. ეს ნაბიჯი კომპანიის აქციების ფასის 13%-ით ზრდას დაეხმარა და ბაფეტი $20 მილიარდით გაამდიდრა.

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გამდიდრებულ სხვა მილიარდერებს შორის არიან: პიტერ ტილი (+$4.9 მლრდ) და ალექსანდრ კარპი (+$3.6 მლრდ), რომლის კომპანია Palantir-ი აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებული თავდაცვისა და პროგრამული უზრუნველყოფის კონტრაქტების წყალობით ბაზარზე უფრო პოპულარული გახდა. Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის მემკვიდრე შვილებმა, თითოეულმა მინიმუმ $3 მილიარდი შემატა ქონებას. Walmart-მა მომხმარებელთა დიდი ნაწილის ყურადღება მაღალი ინფლაციის ფონზე სწორი ნაბიჯებითა და აქციებით მიიპყრო.
აღნიშნულ პერიოდში, Microsoft-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა, რომლის ქონების დიდი ნაწილი სწორედ ამ კომპანიის აქციებზე მოდის, $8 მილიარდი დაკარგა. თუმცა კომპანიის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ქონება სხვადასხვა ინვესტიციებზე გაანაწილა, მათ შორის 35%-იან წილზე ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანია Republic Services-ში (რომლის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა), რისი წყალობითაც ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ მოგებული მილიარდერების ათეულში მოხვდა.
რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტ ტრამპს, მისი ქონება $1.5 მილიარდით შემცირდა, რაც Truth Social-ის მშობელი კომპანიის – Trump Media & Technology Group-ის აქციების 35%-ით გაუფასურებამ გამოიწვია.
წარმოგიდგენთ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში ყველაზე მეტად გაღარიბებულ და გამდიდრებულ მილიარდერებს:
წაგებულები:
1. ილონ მასკი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
ქონება: $388.6 მილიარდი
ზარალი: -$45.3 მილიარდი
2. ჯეფ ბეზოსი
სიმდიდრის წყარო: Amazon
ქონება: $204.6 მილიარდი
ზარალი: -$34.8 მილიარდი
3. ლარი ელისონი
სიმდიდრის წყარო: Oracle
ქონება: $176.4 მილიარდი
ზარალი: -$28.2 მილიარდი
4. ლარი პეიჯი
სიმდიდრის წყარო: Google
ქონება: $134 მილიარდი
ზარალი: -$27.4 მილიარდი
5. სერგეი ბრინი
სიმდიდრის წყარო: Google
ქონება: $128.4 მილიარდი
ზარალი: -$25.6 მილიარდი
6. ჯენსენ ჰუანგი
სიმდიდრის წყარო: Nvidia
ქონება: $95.2 მილიარდი
ზარალი: -$24.9 მილიარდი
7. მარკ ცუკერბერგი
სიმდიდრის წყარო: Facebook
ქონება: $190.3 მილიარდი
ზარალი: -$21.5 მილიარდი
8. მაიკლ დელი
სიმდიდრის წყარო: Dell Computers
ქონება: $98.2 მილიარდი
ზარალი: -$16.8 მილიარდი
9. სტივენ შვარცმანი
სიმდიდრის წყარო: Blackstone
ქონება: $41.6 მილიარდი
ზარალი: -$10.9 მილიარდი
10. სტივ ბალმერი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ქონება: $117.6 მილიარდი
ზარალი: -$8.4 მილიარდი
მოგებულები:
1. უორენ ბაფეტი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ქონება: $165.8 მილიარდი
მოგება: +$19.6 მილიარდი
2. პიტერ ტილი
სიმდიდრის წყარო: Facebook, ინვესტიციები
ქონება: $19.3 მილიარდი
მოგება: +$4.9 მილიარდი
3. ბრედ ჯეიკობსი
სიმდიდრის წყარო: ლოჯისტიკა
ქონება: $12.6 მილიარდი
მოგება: +$4 მილიარდი
4. ლინ ბინი
სიმდიდრის წყარო: სმარტფონები
ქონება: $15 მილიარდი
მოგება: +$3.7 მილიარდი
5. ალექსანდრ კარპი
სიმდიდრის წყარო: Palantir
ქონება: $10.6 მილიარდი
მოგება: +$3.6 მილიარდი
6. რობ უოლტონი და ოჯახი
სიმდიდრის წყარო: Walmart
ქონება: $113.4 მილიარდი
მოგება: +$3.1 მილიარდი
7. ჯიმ უოლტონი და ოჯახი
სიმდიდრის წყარო: Walmart
ქონება: $112.2 მილიარდი
მოგება: +$3.1 მილიარდი
8. ელის უოლტონი
სიმდიდრის წყარო: Walmart
ქონება: $104.4 მილიარდი
მოგება: +$3 მილიარდი
9. რობერტ დაგანი
სიმდიდრის წყარო: ფარმაცევტული საშუალებები
ქონება: $15.4 მილიარდი
მოგება: +$2.9 მილიარდი
10. ბილ გეიტსი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ქონება: $108.9 მილიარდი
მოგება: +$2.5 მილიარდი
*დაფუძნებულია აშშ-ის მოქალაქეებზე, რომელთა ქონების ძირითადი ნაწილი საჯარო კომპანიებშია თავმოყრილი. ქონებრივი ცვლილებები გამოთვლილია 2025 წლის 17 იანვრისა და 2025 წლის 28 აპრილის ბაზრის დახურვის მდგომარეობით.