ტრამპის შეცვლილი სატარიფო პოლიტიკის გავლენა საფონდო ბირჟებზე | საუკეთესო დღე ბოლო 16 წელიწადში

ტრამპის შეცვლილი სატარიფო პოლიტიკის გავლენა საფონდო ბირჟებზე | საუკეთესო დღე ბოლო 16 წელიწადში

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა საპასუხო ტარიფების 90 დღით შეჩერების შესახებ განაცხადა, საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშშ-ის შეღავათიანი პერიოდი თითქმის ყველა ქვეყნისთვის იმოქმედებს, გარდა ჩინეთისა, რომლისთვისაც იმპორტზე გადასახადი 125%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, შენარჩუნდება საბაზისო 10%-იანი ტარიფებიც.

ტრამპის მიერ საპასუხო ტარიფების 90 დღით შეჩერებას საფონდო ბირჟებზე ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულების სწრაფი ზრდა მოჰყვა. განცხადებიდან მალევე, Dow-Jones-ის ინდექსი 2,963 პუნქტით, შესაბამისად 7.87%-ით გაიზარდა, S&P 500-ზე მატებამ 9.52% შეადგინა, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი 12.16%-ით გაიზარდა.

ტარიფების შეჩერების გავლენით, S&P 500-ს 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ საუკეთესო დღე ჰქონდა. ამასთან ერთად კი ბენჩმარკ ინდექსისთვის ეს დღე მესამე საუკეთესო იყო მას შემდეგ, რაც 1957 წელს მისი თანამედროვე ვერსია ჩამოყალიბდა. ისტორიაში მეორე საუკეთესო და 2001 წლის იანვრის შემდეგ საუკეთესო დღე ჰქონდა Nasdaq-საც, ხოლო Dow-მა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი შედეგი გამოაქვეყნა.

FactSet-ის მონაცემებით, ტარიფების შეჩერების შემდეგ S&P 500-ზე დალისტული თითქმის ყველა კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. მათ შორისა: Amazon-ის აქციების ღირებულება 11.98%-ით გაიზარდა, Nike-ის – 11.39%-ით, United Airlines-ი გაიზარდა 26.14%-ით, Delta Air Lines-ი – 23.38%-ით და American Airlines-ი – 22.6%-ით.

Nasdaq-ზე დალისტულ კომპანიებს შორის Apple-ის აქციების ღირებულების ზრდამ 15.33% შეადგინა, Nvidia-ს – 18.72%, Palantir-ის ფასმა თითო აქციაზე 19%-ით იმატა, ხოლო Tesla-ს – 22.69%-ით.

საფონდო ინდექსების ზრდის მიუხედავად, S&P 500-ის მაჩვენებელი კვლავ 3.7%-ით ჩამოუვარდება 2 აპრილის ბაზრის დახურვის შემდგომ მდგომარეობას (ტრამპის საპასუხო ტარიფების გამოცხადებამდე). Nasdaq-ი 2 აპრილთან შედარებით კვლავ 2.7%-ითაა დავარდნილი.