ტრამპს სიძე მოესწრო

ტრამპს სიძე მოესწრო

ტრამპის კამპანიის საიდუმლო იარაღი მისი სიძე, ჯარედ კუშნერი გახლდათ. მან მონაცემთა საიდუმლო მანქანა შექმნა, რომელიც ბერკეტად სოციალურ მედიას იყენებდა და ისე მუშაობდა, როგორც სილიკონის ხეობის სტარტაპი. შევიხედოთ თანამედროვე პოლიტიკის ისტორიის ყველაზე მოულოდნელი შოკის შიდა სამზარეულოში.

უკვე ერთი თვეა, რაც დონალდ ტრამპმა თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე უცაბედი შოკი მოახდინა. მისი სათავო ოფისი ნიუ-იორკში, 58-სართულიან, ონიქსით შემინულ მეხსარიდიან Trump Tower-ში მდებარეობს. მეხუთე ავენიუზე ბარიკადები, დიდი სატელევიზიო მანქანები და გამპროტესტებლები არიან გამაგრებულნი. ჟურნალისტებისა და სელფის გადაღების მოსურნე ტურისტთა არმია Trump Tower-ის ვარდისფერი მარმარილოს ვესტიბიულშია ჩასაფრებული იმ იმედით, რომ როგორმე შეძლებენ და კადრში მოახვედრებენ პოლიტიკის მორიგ ძლევამოსილ მოთამაშეს. ოცდაექვსი სართულით ზემოთ, იმ შენობაში, სადაც დიდებადაკარგული ცნობილი სახეები ერთ დროს ტრამპისგან კურთხევის მოპოვებას ცდილობდნენ შოუ „შეგირდში“, არჩეული პრეზიდენტი თავის კაბინეტს აკომპლექტებს, ეს კონკურსი კი მისი ძველი რეალიტი-შოუსთვის დამახასიათებელ ყველა საჩოთირო ელემენტს მოიცავს.

გამარჯვებულთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი. მაგრამ დღეს მთელი ყურადღება ყველაზე მეტად წაგებულისკენაა მიმართული. ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი გვყავს მხედველობაში, რომელსაც, მასთან ასოცირებულ ადამიანთა უმეტესობასთან ერთად, ის-ისაა, ჩამოერთვა ტრანზიციის ხელმძღვანლის როლი. ამ ეპიზოდს „დანებით ბრძოლას“ უწოდებენ, რომლის ფინალიც „სტალინური წმენდაა“.

მაგრამ ამ ინტრიგების ყველაზე საინტერესო ფიგურას Trump Tower-ში ვერ ნახავდით. ჯარედ კუშნერი სამხრეთით, სამი კვარტალის იქით, მეხუთე ავენიუს 666-ში, საკუთარ ცათამბჯენში განთავსებულიყო, საიდანაც თავისი ოჯახის უძრავი ქონების იმპერიას, Kushner Companies-ს მართავს. უზადოდ გამოყვანილ ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, უზადოდ წკრიალა ოფისში, ტყავის ყავისფერ სავარძელზე მოკალათებული ტრამპის სიძე უზადოდ თავაზიან მანერებს ავლენს, რამაც ამ 35 წლის კაცს თავმბრუდამხვევი რაოდენობის გავლენიანი მეგობარი შესძინა, და ეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ თავისუფალი სამყაროს ახალი ლიდერის ყურადღებასა და ნდობას მოიპოვებდა.

„ექვსი თვის წინ მე და გუბერნატორმა კრისტიმ გადავწყვიტეთ, რომ ეს არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც აქამდე გვიკეთებია, და ერთად წარმატებულად ვიმუშავეთ, – ამბობს კუშნერი მხრების აჩეჩით. – მედია უამრავი სხვა რამით სპეკულირებდა და რამდენადაც პრესას არ ველაპარაკები, თავის ჭკუაზე მოქმედებენ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიდექი მისი ან მისი ხალხის გაწევის გეგმის უკან“.

სპეკულაცია უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა, მით უფრო, თუ ამბის შექსპირისეულ განვითარებას მივიღებთ მხედველობაში: 2005 წელს, აშშ-ის იუსტიციის მინისტრის რანგში, კრისტიმ კუშნერის მამა გადასახადებისთვის თავის არიდების, არჩევნების გაყალბებისა და მოწმეზე ზეწოლის ბრალდებებით დააკავა. რევანშისტულ თეორიებს სულ რომ თავი დავანებოთ, კუშნერის გარშემო ატეხილი აურზაური კონკრეტული ხაზის მქონე და სიმპტომატური იყო. ერთი წლის წინ მას პოლიტიკაში არავითარი გამოცდილება და არავითარი ინტერესი არ ჰქონია. უეცრად კი გლობალური პოლიტიკის ცენტრში მოგვევლინა. ჩაასო თუ არა მან კრისტის ზურგში მახვილი (ტრამპის ხალხის მტკიცებით, კრისტის ყველაფერი Bridgegate-ის სკანდალმა დამართა), ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კუშნერისთვის ეს ადვილი იყო, ასეთი ძალაუფლება კი დამსახურებულად მოიპოვა.

კუშნერი საჯაროდ თითქმის არასდროს საუბრობს (FORBES-სთან მისი ინტერვიუ პირველი შემთხვევაა, როცა ის ტრამპის კამპანიაზე ან ამ კამპანიაში საკუთარ როლზე ალაპარაკდა), მაგრამ მასთან, მისა და ტრამპის კამპანიის გარშემო მყოფ ათობით ადამიანთან ინტერვიუებს ერთ გარდაუვალ ფაქტამდე მივყავართ: წყნარმა, იდუმალებით მოცულმა ახალგაზრდა მაგნატმა ამერიკის ისტორიაში დიდებაზე ყველაზე მეტად დახარბებულ, ყველაზე უფრო ქედმაღალ კანდიდატს პრეზიდენტობა მოუტანა.

„ძნელია, გადააჭარბო და ძნელია, შეაჯამო ჯარედის როლი ამ კამპანიაში, – ამბობს მილიარდერი პიტერ ტილი – სილიკონის ხეობის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ტრამპს საჯაროდ უჭერდა მხარს. – ტრამპი რომ აღმასრულებელი დირექტორი ყოფილიყო, მაშინ ჯარედი, უპრობლემოდ, ოპერაციების დირექტორი იქნებოდა“.

„ჯარედ კუშნერი 2016 წლის არჩევნების ყველაზე დიდი სიურპრიზია, – ამატებს Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი, რომლის დახმარებითაც შეიქმნა კლინტონის კამპანიის ტექნოლოგიური სისტემა. – ყველაზე მთავარი, რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ჯარედი კამპანიას მართავდა და თანაც, პრაქტიკულად, ურესურსოდ“.

ურესურსოდ – დასაწყისში, ალბათ. არასაკმარისი ფინანსებით – მთელი კამპანიის მანძილზე, ნამდვილად. მაგრამ ტრამპის კამპანიას კუშნერი სილიკონის ხეობის სტარტაპივით მართავდა (და ეს, განსაკუთრებით, მონაცემთა საიდუმლო ოპერაციას ეხება), რითაც მან, საბოლოოდ, ტრამპის სასარგებლოდ გადმოხარა მერყევი შტატები. და ეს საქმე ისე გააკეთა, რომ უდავოდ შეიცვლება მომავალი არჩევნების წაგებისა და მოგების რაგვარობა. პრეზიდენტი ობამა უპრეცედენტოდ წარმატებული იყო ამომრჩეველთა ტარგეტირების, ორგანიზებისა და მოტივირების თვალსაზრისით. მაგრამ რვა წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. კონკრეტულად – სოციალური მედია. ობამას სტრატეგიათა წიგნიდან კლინტონმა ბევრი ელემენტი ისესხა, თუმცა, ამავე დროს, ტრადიციულ მედიასაც დაეყრდნო. ტრამპის კამპანია კი ამასობაში გზავნილთა ინდივიდუალიზებით, განწყობების მანიპულირებითა და ე.წ. მანქანური სწავლებით იყო დაკავებული. ტრადიციული კამპანია მკვდარია. ის ინტერნეტის გაუფილტრავი დემოკრატიის მორიგი მსხვერპლია და თუ მის მკვლელზე მიდგა საქმე, ეს ადამიანი – ყველა იმ ადამიანზე მეტად, ვისაც დონალდ ტრამპი არ ჰქვია – სწორედ კუშნერი გახლავთ.

ეს წარმატება, ტრამპის პირად ნდობასთან გაწყვილებული, სიძისადმი რომ აქვს, კუშნერს უნიკალურ პოზიციაში აყენებს, რაც უმაღლესი რიგის ძალაუფლების ბროკერის რანგში ყოფნას, სულ ცოტა, ოთხი წლის მანძილზე გულისხმობს. „ყველა პრეზიდენტს, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი, ჰყავს ერთი ან ორი ისეთი ადამიანი, რომელსაც ინტუიციურად და სტრუქტურულად ენდობა, – ამბობს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, რომელიც ათწლეულებია, ტრამპს სოციალურ კონტექსტში იცნობს და ამჟამად არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის საკითხებში რჩევებით უზრუნველყოფს. – ჩემი აზრით, ჯარედი, შესაძლოა, სწორედ ასეთი ადამიანი იყოს“.

ჯარედ კუშნერის აღზევება ივანკა ტრამპის არცთუ ცნობილი ქმრიდან დონალდ ტრამპის კამპანიის მხსნელამდე თანდათანობით მოხდა. ამ ახირებული კამპანიის პირველ ხანებში ეკიპაჟის ყველა წევრის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, კუშნერი კი გადასახადებისა და ვაჭრობის საკითხების პოლიტიკური პოზიციონირების კვლევის კუთხით იყო ჩართული. მაგრამ როცა კამპანიამ ტემპი აკრიფა, სხვა მოთამაშეებმა თავნება კანდიდატთან მისი შუამავლად გამოყენება დაიწყეს. „უამრავი ურთიერთობის გამარტივებაში მივიღე მონაწილეობა, რაც სხვაგვარად არც კი შედგებოდა“, – ამბობს კუშნერი და ამატებს, რომ ხალხი მასთან საუბრისას თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. მათ არ ეშინოდათ, რომ ინფორმაციას შეიძლება, გაეჟონა. „ხალხს ვაშინგტონში ეუბნებობდნენ, ტრამპთან თუ იმუშავებთ, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკაში ვეღარასდროს შეძლებთ მუშაობასო. საგადასახადო პოლიტიკის ძალიან კარგი ექსპერტი დავიქირავე, რომელიც ორი პირობით დაგვთანხმდა: არავისთან არ უნდა გვეთქვა, რომ კამპანიისთვის მუშაობდა და ორმაგი თანხა უნდა გადაგვეხადა“.

პარტიაში ტრამპის დაწინაურების კვალდაკვალ, კუშნერის როლიც იზრდებოდა… და მისი ენთუზიაზმიც. გასულ ნოემბერს კუშნერმა სიმამრისთვის უკვე მთელი ძალისხმევა მომართა, როცა ნახა, თუ როგორ ბობოქრად გადაავსო ამ უკანასკნელმა ორშაბათ საღამოს სპრინგფილდის (ილინოისი) სტადიონი. „ხალხმა მართლა ამოიკითხა იმედი მის გზავნილში, – ამბობს კუშნერი. – მათ რაღაც ისეთი სჭირდებოდათ, რაც მთლად ნათელი არ იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც მე ნიუ-იორკის მედიასამყაროში, ზემო ისტ-საიდში ან Robin Hood [Foundation]-ის სადილებზე ვხვდებოდი“. ჰოდა, ამ ჰარვარდის განათლებამიღებულმა, პრივილეგიებით განებივრებულმა ახალგაზრდა კაცმა თავზე კვასკვასა წითელი ქუდი დაიხურა, წარწერით „დაუბრუნეთ ამერიკას ძველი დიდება“ (Make America Great Again), და ხელები დაიკაპიწა.

მაგრამ Trump Tower-ში მას ძალაუფლების ვაკუუმი ელოდა. როცა კუშნერის სპრინგფილდურ ეპიფანიამდე რამდენიმე კვირით ადრე FORBES-ი ცათამბჯენში ტრამპის კამპანიის სართულს ესტუმრა, იქ, ფაქტობრივად, ვერაფერი ნახა. არც ხალხი და არც შტაბის წევრების მომლოდინე მაგიდები, სკამები თუ კომპიუტერები. იქ მხოლოდ კამპანიის მენეჯერი, ქორი ლევანდოვსკი და პრესმდივანი, ჰოუპ ჰიკსი იყვნენ და კიდევ ტრამპის მყვირალა, ჰედლაინებად ქცეულ განცხადებებზე ცენტრირებული სტრატეგია – სტრატეგია, რომელიც სატელევიზიო შოუებში ხშირ სტუმრობას გულისხმობდა და, ტრადიციული კამპანიის იმიჯის შენარჩუნების მიზნით, კვირაში ერთი ან ორი სახალხო გამოსვლითაც იყო განმტკიცებელი. ეს სურათი, პრაქტიკულად, სუპერმსუბუქი სტარტაპის სიმბოლო იყო – ცოტა დანახარჯით სასურველი შედეგების მიღწევის სიმბოლო.

კუშნერმა ამ სურათის რეალურ კამპანიად გარდაქმნა განიზრახა. მალევე ის უკვე სიტყვით გამოსვლის ექსპერტთა და პოლიტიკურ გუნდს აკომპლექტებდა და ტრამპის განრიგსა და ფინანსებს განაგებდა. „დონალდი სულ იმას ამბობდა, არ მინდა, ხალხი კამპანიით გამდიდრდეს, მინდა, დავრწმუნდე, რომ ყოველ დოლარს ისე ვაკონტროლებთ, როგორც ბიზნესშიო“.

ამ სტრუქტურამ ბაზა შექმნა, თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო ჰილარი კლინტონის შტატიდან-შტატამდე მანქანასთან შედარებით. გადაწყვეტილებას, რამაც ტრამპი პრეზიდენტად აქცია, საფუძველი გასულ ნოემბერს, იმ ცნობილი სპრინგფილდური გამოსვლის შემდეგ ჩაეყარა, კერძოდ კი მაშინ, როცა ტრამპი თავისი Trump Force One-ის სახელით ცნობილი პირადი ბოინგით, 757-ით, შინ მიფრინავდა. ტრამპი და კუშნერი McDonald-ის სენდვიჩებს, Filet-O-Fish-ს, შეექცეოდნენ და საუბრობდნენ, როგორ უმნიშვნელოდ იყენებდა კამპანია სოციალურ მედიას. კანდიდატს სიძისთვის უთხოვია, ჩემი Facebook-ის გვერდი შენ აკონტროლეო.

მართალია, ტრამპის ენას Twitter-ზე ძვალი არა აქვს, ის ახალ ტექნოლოგიებს არ წყალობს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ამბებს ბეჭდური მედიით ან ტელევიზიით ეცნობა, ხოლო ი-მეილის მისეული ვარიანტი ხელნაწერი წერილია, რასაც შემდეგ მისი ასისტენტი ასკანირებს და მიბმული ფაილის სახით გზავნის. მის ახლო წრეში მაინცდამაინც კუშნერის შერჩევა თანამედროვე კამპანიის შესაქმნელად ბუნებრივი მოვლენა იყო. კი, ტრამპის მსგავსად, პირველ რიგში, ისიც უძრავი ქონების წარმომადგენელია, მაგრამ ინვესტიციებს უფრო ფართოდ ახორციელებს, მათ შორის, მედიაში (2006 წელს, მან New York Observer-ი იყიდა) და ციფრულ ვაჭრობაში (მისი დახმარებით ჩაეშვა უძრავი ქონების დიდი გარიგებების ბაზრობა Cadre). და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კუშნერმა იცოდა, ვინ იყო სწორი ხალხი: Cadre-ს თანაინვესტორთა რიცხვშიტილი და Alibaba-ს ჯეკ მა არიან და კუშნერის უმცროსი ძმაც, ჯოში – მეტად კომპეტენტური ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც $2.7-მილიარდიანი სადაზღვევო ფასკუნჯის, Oscar Health-ის თანადამფუძნებელიც გახლავთ.

„რამდენიმე მეგობარს დავურეკე სილიკონის ხეობაში, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ მარკეტოლოგებს, და ვკითხე, როგორ ხდებოდა ასეთი რამეების ოპტიმიზება, – ამბობს კუშნერი. – მათ სუბკონტრაქტორებით მომამარაგეს“.

თავიდან კუშნერი დილეტანტურად ჩაერთო საქმეში და ტრამპის სავაჭრო საქონლის გამოყენებით ბეტა-ტესტირებას შეუდგა. „ერთ ადამიანს დავურეკე, რომელიც იმ ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს, ვისთანაც მე ვთანამშრომლობ, ჰოდა, ვთხოვე, ინსტრუქციები მოეცა, რათა Facebook-ის მიკროტარგეტირების გამოყენება მესწავლა“, – ამბობს კუშნერი. ტრამპის არაორაზროვან, მარტივ გზავნილებთან სინქრონიზებით, ამან იმუშავა. ტრამპის კამპანიამ დღეში $8,000-ის ტოლფასი ქუდებისა და სხვა რამეების გაყიდვით, $80,000-ის ტოლფასი შემოსავლების მიღება დაიწყო, ე.წ. ადამიანი-ბილბორდების რიცხვიც გაზარდა და ბოლო-ბოლო, კონცეფციის ვარგისობაც დაასაბუთა. კიდევ ერთ სატესტო პლატფორმაში კუშნერმა $160,000 დახარჯა, რათა იმ დაბალტექნოლოგიური პოლიტიკური ვიდეოების რეკლამირება მოეხდინა, რომლებშიც ტრამპი ლაპარაკისას პირდაპირ კამერაში იყურება. ამ სერიებს, ჯამში, 74 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა.

ივნისისთვის, როცა ცხადი გახდა, რომ ტრამპს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა შორის გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, კუშნერმა მონაცემებზე დაფუძნებული ყველა საქმე გადაიბარა. სამ კვირაში, სან-ანტონიოს გარეუბანში მდებარე ერთ არაფრით გამორჩეულ შენობაში, მან შექმნა ის, რაც მოგვიანებით 100-თანამშრომლიან მონაცემთა ცენტრად იქცა და რამაც სახალხო შემოწირულებების, გზავნილებისა და ტარგეტირების სფეროებს ერთად მოუყარა თავი. ამ საიდუმლო კულუარულ ოფისს ბრედ პარსქეილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც Trump Organization-ისთვის მანამდე პატარ-პატარა ვებგვერდები შეექმნა, და სწორედ ამ ოფისში იღებდნენ ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას კამპანიის ბოლო თვეებში. „ჩვენი საუკეთესო ხალხი უმეტესად ის ხალხი იყო, ვინც ჩემთან მოხალისედ, მხოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის სახელით მუშაობდა, – ამბობს კუშნერი, – ხალხი ბიზნესის სამყაროდან, არატრადიციული გამოცდილების მქონე ხალხი“.

კუშნერმა ოპერაციის იმგვარი სტრუქტურირება მოახდინა, რომ მთავარი ფოკუსი ყოველი დახარჯული დოლარის მაქსიმალურ ამოღებაზე ყოფილიყო. „Moneyball-ს ვთამაშობდით და საკუთარ თავებს ვეკითხებოდით, რომელ შტატებში ამოვიღებდით ინვესტიციას ყველაზე უკეთ ელექტორალური ხმებით, – ამბობს კუშნერი. – კითხვას ვსვამდი, ტრამპის გზავნილი ამ მომხმარებლებს მინიმალური დანახარჯით როგორ უნდა მივაწვდინოთ-მეთქი“. ფედერალური საარჩევნო კომისიის დავთრების თანახმად, ოქტომბრის შუა პერიოდამდე, ტრამპის კამპანიაში კლინტონის კამპანიის დაახლოებით ნახევარი დაიხარჯა.

როგორც ტრამპის არაკლასიკურმა სტილმა მისცა მას საშუალება, რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებული კანდიდატი გამხდარიყო და თან ისე, რომ ტრადიციულ ოპონენტებზე გაცილებით ნაკლები ფული ეხარჯა, ზუსტად ასევე, კუშნერის პოლიტიკური გამოუცდელობა უპირატესობად იქცა. ტრადიციული კამპანიის ჩატარებაში გაუთვითცნობიერებულმა კუშნერმა შეძლო, პოლიტიკის ბიზნესისთვის ისე შეეხედა, როგორც სილიკონის ხეობის არაერთი ანტრეპრენიორი აკვირდება სხვა დიდრონ ინდუსტრიებს.

ტელევიზია და ონლაინრეკლამები? ცოტა და კიდევ უფრო ცოტა. კამპანიისთვის ცეცხლი Twitter-სა და Facebook-ს უნდა შეენთო და ეს პლატფორმები არა მხოლოდ ტრამპის გზავნილთა გავრცელების იარაღი უნდა ყოფილიყო, არამედ პოტენციური მხარდამჭერები სამიზნეებად უნდა გაეხადა, ხმის მიმცემთა მასიური ოდენობის მონაცემები მოეპოვებინა და რეალურ დროში ეგრძნო, როგორ იცვლებოდა განწყობები.

„ცვლილებების არ გვეშინოდა. არ გვეშინოდა ჩავარდნის. ვცდილობდით, ყველაფერი ძალიან იაფად, ძალიან სწრაფად გვეკეთებინა, ხოლო თუ რამე არ იმუშავებდა, ადგილზევე ჩავკლავდით, – ამბობს კუშნერი. – ეს ნიშნავდა სწრაფ გადაწყვეტილებებს, გაფუჭებული რაღაცების შეკეთებასა და იმ საკითხების ოპტიმიზებას, რაც მუშაობდა“.

ეს მთლად ახლად გამომცხვარი სტარტაპი როდი იყო. კუშნერის გუნდს რესპუბლიკელთა ნაციონალური კომიტეტის მონაცემთა მანქანიდან სარგებლის მიღება შეეძლო. ხალხის ტარგეტირებისთვის მათ ისეთი პარტნიორი დაიქირავეს, როგორიც გახლავთ Cambridge Analytica. მათი დახმარებით, ამომრჩევლის სამყაროთა რუკის შექმა და ტრამპის პლატფორმის იმ ელემენტთა იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებდა, იქნებოდა ეს ვაჭრობა, იმიგრაცია თუ ცვლილებები. Deep Root-ის მსგავსმა ინსტრუმენტებმა სატელევიზიო რეკლამებისთვის ხარჯების შემცირება შეძლეს; ამისათვის კი იმ შოუების იდენტიფიცირებას ახდენდნენ, რომლებიც კონკრეტული რეგიონის კონკრეტულ ამომრჩეველთა ჯგუფებში იყო პოპულარული; ანუ ადგენდნენ, რომ, ვთქვათ, NCIS-ს ObamaCare-ის მოწინააღმდეგე ამომრჩევლები უყურებდნენ, ხოლო „მოსიარულე მკვდრებს“ (The Walking Dead) – იმიგრაციით შეწუხებული ადამიანები. კუშნერმა მომხმარებელზე მორგებული geo-ლოკაციის ინსტრუმენტიც შექმნა, რომლითაც Google Maps-ის ცოცხალ ინტერფეისზე ამომრჩევლის დაახლოებით 20 ტიპის ადგილსამყოფლის სიმჭიდროვის გაკვალვა იყო შესაძლებელი.

მალე სწორედ მონაცემთა ოპერაციის კარნახით მიიღებოდა კამპანიასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს მგზავრობა, სახალხო შემოწირულებები, რეკლამები, საჯარო გამოსვლათა ადგილები თუ თვით საჯარო გამოსვლათა თემები. „მან ათასი სხვადასხვა ელემენტი გააერთიანა, – ამბობს პარსქეილი. – სასაცილო კი ისაა, რომ გარეშე მაყურებელი იმდენად იყო შეპყრობილი ამა თუ იმ პატარა ელემენტით, რომ ვერც კი მიხვდნენ, ყველაფერი ასე კარგად რომ იყო ორკესტრირებული“.

სახალხო შემოწირულებებისთვის ე.წ. მანქანურ სწავლებას მიმართეს: სავაჭრო სართულზე ციფრული მარკეტინგული კომპანიები განათავსეს, რათა ისინი ბიზნესისთვის შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. არაეფექტურ რეკლამებს წამებში აშთობდნენ, ხოლო წარმატებული რეკლამების ოპტიმიზება ასევე სწრაფად ხდებოდა. კამპანია, ყოველდღიურად, 100,000-ზე მეტ უნიკალურად ადაპტირებულ რეკლამას უგზავნიდა სამიზნე ამომრჩეველს. და ყველაზე მდიდარმა კაცმა, ვინც კი ოდესმე პრეზიდენტად აურჩევიათ, და ვის მცდელობებსაც საჯარო შემოწირულებებისთვის თავიდან სამართლიანად დასცინოდნენ, საბოლოოდ, ოთხ თვეში, უმეტესად წვრილი დონორებისგან, $250 მილიონზე მეტი მოიზიდა.

როცა არჩევნები უკვე ფინალურ ფაზაში შედიოდა, კუშნერის სისტემამ, თავისი მაღალი მარჟებითა და ამომრჩეველთა წუთებში განახლებადი მონაცემებით, საკმაო ფულიც მოიტანა და იდეაც, თუ სად უნდა დახარჯულიყო ეს ფული. როცა კამპანია მიხვდა, რომ მიჩიგანსა და პენსილვანიაში ვითარება ტრამპის სასარგებლოდ იხრებოდა, კუშნერმა მიზნობრივი სატელევიზიო რეკლამების გაშვება დაიწყო, ამასთან, ბოლო წუთში მიტინგების ორგანიზებაც მოახერხა და ათასობით მოხალისე კარდაკარ გაუშვა, დანარჩენს კი ამომრჩევლებთან ტელეფონით დაკავშირება დაავალა.

ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ კამპანიის ბოლო დღეებამდე არც ერთმა გარეშე პირმა არაფერი იცოდა. მათ, ვისაც არ ესმის, როგორ მოხდა, რომ ჰილარი კლინტონმა ტრამპს, სულ ცოტა, 2 მილიონი პოპულარული ხმით აჯობა, მაგრამ საარჩევნო კოლეგიით მაინც გვარიანად დამარცხდა, კუშნერის ფაქტორი ალბათ გარკვეულ სიცხადეს მოჰგვრის. თუ კამპანიის საყოველთაო განწყობას შიში და ბრაზი წარმოადგენდა, გადამწყვეტი როლი ამ საქმეში მონაცემებსა და ანტრეპრენიორობას ეკისრება.

„ჯარედს ონლაინსამყარო ტრადიციული მედიის ხალხზე გაცილებით უკეთ ესმოდა. საპრეზიდენტო კამპანია მან ახალი ტექნოლოგიისა და მცირე ბიუჯეტის გამოყენებით წარმართა და გაიმარჯვა კიდეც. ეს სერიოზული ამბავია, – ამბობს Google-ის მილიარდერი შმიდტი. – ხომ გახსოვთ არაერთი სტატია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ ჰქონდათ ფული, ორგანიზაციული სტრუქტურა, არ ჰყავდათ ხალხი?! ჰოდა, მოიგეს კიდეც. და ეს ჯარედის თაოსნობით მოხდა“.

პიროვნულ თვისებებსა და სტილზე თუ მიდგება საქმე, რთულია, ტრამპისაგან იმაზე უფრო განსხვავებული ადამიანი იპოვო, ვიდრე მისი სიძეა – თავდაჭერილი, უჩინარი და მშვიდი. თუნდაც Twitter-ი ავიღოთ. ამ სოციალურ მედიაში ტრამპის იმპულსურმა აქტივობამ თავისი 15.5 მილიონი მიმდევრის წინაშე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი თანამშრომლები იძულებული გახადა, მისთვის ტელეფონი დაემალათ. აი, კუშნერს კი, რომელსაც Twitter-ზე 2009 წლის აპრილიდან აქვს გახსნილი ანგარიში, ერთი ტვიტიც კი არ დაუპოსტავს.

ხოლო თუ ტრამპის ოფისის ყველა კედელი ტიპური დონალდია – სუვენირებით გაძეძგილი ეგოს საკურთხეველი, Kushner Companies-ის სათავო ოფისი მეჩხრად გაფორმებული და რაციონალურია. ტყავის ყდაში ჩასმული ებრაული სწავლებების, „პირკეი ავოტის“, ერთი ეგზემპლარი მისაღებ ოთახში, ხის პიედესტალზეა მოთავსებული, ყოველი კაბინეტის კარი კი იდენტური ვერცხლისფერი მედუზებით არის შემკული. მისი ვრცელი, ტერასიანი შეხვედრების ოთახის ერთადერთ დეკორაციას მისი ბებია-ბაბუის ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტი წარმოადგენს, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ემიგრირდნენ. მაგრამ შედით კუშნერის კუთხის კაბინეტში და („მორჩი პანიკას“ წარწერიანი ნახატის ქვეშ და New York Observer-ისგვერდებიანი ტილოს თავზე) ორ კრიტიკულ გადაკვეთის წერტილს დაინახავთ, რაც სიძე-სიმამრს აერთიანებთ: უძრავი ქონების გარიგებებში მოპოვებულ ჯილდოებს და ივანკას ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს. თუ გაინტერესებთ, რაში მდგომარეობს კუშნერის ან ტრამპის სტაბილური იდეოლოგია, ის ერთ სიტყვაში შეიძლება, მოექცეს: ოჯახი.

ჯარედმა და ივანკამ ერთმანეთი ბიზნესლანჩზე გაიცნეს, ხოლო 2007 წლიდან ერთმანეთს ხვდებოდნენ. პაემნების პერიოდში, კუშნერი დონალდს მხოლოდ რამდენჯერმე, ისიც შემთხვევით, შეხვდა, ხოლო როცა იგრძნო, რომ ურთიერთობა სერიოზულდებოდა, მან მომავალ სიმამრს შეხვედრა სთხოვა. Trump Grill-ში (რომელსაც ტრამპმა თავისი ავადგანთქმული ტვიტით ტაკოს შესახებ უმალ სახელი გაუთქვა) ლანჩის დროს მათ წყვილის მომავალი განიხილეს. „ვუთხარი, ჩემი და ივანკას ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შედის და უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ვიწყებთ-მეთქი, – ამბობს კუშნერი და იცინის. – მიპასუხა, შენთვისვე ჯობია, ამ საქმეში სერიოზული იყოო”.

„ჯარედი და მამაჩემი თავიდან ჩემი და უძრავი ქონების კომბინაციამ დააკავშირა ერთმანეთთან, – ამბობს ივანკა ტრამპი თავის Trump Tower-ის კაბინეტში, კორიდორებში კი უკვე საიდუმლო სამსახურის მუქ კოსტიუმებში გამოწყობილი აგენტები დგანან. – ბევრი პარალელი არსებობს ჯარედს, როგორც დეველოპერსა, და მამაჩემს შორის, როგორიც ის დეველოპერული კარიერის პირველ წლებში იყო“.

ტრამპის მსგავსად, არც კუშნერი გაზრდილა მანჰეტენზე. პირველი ქუინსში გაიზარდა, მეორე კი ნიუ-ჯერსიში. ასევე, ტრამპის მსგავსად, კუშნერიც იმ კაცის შვილია, ვინც ადგილობრივ ბაზარზე უძრავი ქონების იმპერია შექმნა (ჩარლზ კუშნერი, დროთა განმავლობაში, ჩრდილო-აღმოსავლეთის 25,000 ბინას აკონტროლებდა) და შვილები ოჯახურ ბიზნესში ჩართო. „მამაჩემს არასდროს სჯეროდა ზაფხულის ბანაკების, ამიტომ მის ოფისში დავდიოდით, – იხსენებს კუშნერი. – სამსახურს ვეძებდით, მშენებლობებზე ვმუშაობდით“. სამ დედმამიშვილთან ერთად, მორწმუნე ებრაულ ოჯახში, ლივინგსტონში (ნიუ-ჯერსი) გაზრდილი, ჯერ კერძო ებრაულ სკოლაში დადიოდა, მერე კი ჰარვარდში (მოგვიანებით, 2006 წლის დავთარი კოლეჯში მიღების შესახებ კუშნერს გამოჰყოფს, როგორც ნიმუშს იმისა, თუ როგორ პრივილეგირებულად ეპყრობიან ყოფილი კურსდამთავრებულის შვილს; ამ წყაროში ციტირებულმა ადმინისტრატორებმა მოგვიანებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს განცხადების სისწორე და მას „დამახინჯებული“ და „მცდარი“ უწოდეს). ჰარვარდს ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მოჰყვა და J.D.-ის (იურისპრუდენციის დოქტორის) და M.B.A-ის (ბიზნესადმინისტრაციის მაგისტრის) ორმაგი დიპლომი.

კუშნერის მამა, ჩარლზი, დემოკრატების დიდი მხარდამჭერი იყო და 2002 წელს დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს $1 მილიონი შესწირა, ხოლო 2000-ში – $90,000 ჰილარი კლინტონის სენატორულ კამპანიას. ჯარედიც, დიდწილად, მისდევდა მამის კვალს: დემოკრატიული კომიტეტებისთვის $60,000-ზე მეტი აქვს შეწირული, ხოლო კლინტონისთვის – $11,000. მაგისტრატურის დროს, ის ინტერნად მუშაობდა რობერტ მორგენთაუსთან – მანჰეტენის ოლქის რწმუნებულთან იურიდულ საკითხებში (რომელიც, თავის მხრივ, ამ პოსტს 1975 წლიდან 2009-მდე იკავებდა), სანამ ოჯახურმა სკანდალმა მისი ცხოვრება თავდაყირა არ დააყენა. 2004 წელს ჩარლზ კუშნერმა სამივე წარდგენილი ბრალი აღიარა: მას გადასახადებისთვის თავის არიდებაში, კამპანიისთვის თანხების უკანონო შეწირვასა და მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ამ უკანასკნელმა ბრალდებამ ეროვნული ტაბლოიდების ყურადღება აღძრა. დის ქმარზე იმის გამო გაბრაზებულმა, რომ ეს უკანასკნელი პროკურორებს ესაუბრებოდა, ჩარლზმა მისთვის მახის დაგება განიზრახა: მეძავს ფული გადაუხადა, მათი პაემანი ჩუმად გადაიღო და ჩანაწერი საკუთარ დას გაუგზავნა.

ჯარედს, როგორც უფროს ვაჟს, რომელიც ის-ისაა, 24-ის გამხდარიყო, მოულოდნელად ოჯახის შენარჩუნების პასუხისმგებლობა დაეკისრა. სამუშაო დღეების უმეტეს ნაწილს დედასთან ატარებდა, შაბათ-კვირას კი ალაბამაში მიფრინავდა, მამა რომ ციხეში მოენახულებინა. ამ პერიოდში ის განსაკუთრებულად დაუახლოვდა თავის ძმას, ჯოშს, რომელსაც სწორედ სკანდალის პირველ დღეებში დაეწყო ჰარვარდში სწავლა. „ეს ის ადამიანია, ვისაც რჩევისა და მხარდაჭერისთვის მივმართავ, სულ ერთია, რას ეხება საქმე“, – ამბობს ჯოში, რომელიც ჯარედს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს.

„ამ ყველაფერმა მასწავლა, რომ არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რაც შენს კონტროლს მიღმაა, – ამბობს კუშნერი. – რისი კონტროლიც შეგიძლია, ეს შენივე რეაქციებია მსგავს სიტუაციებზე, და უბრალოდ შეგიძლია, სცადო და ვითარება ისე შეცვალო, როგორც შენ გინდა. სასურველი შედეგების მიღებას მთელ ძალისხმევას ვახმარ. და თუ მოვლენები ჩემდა სასიკეთოდ არ ვითარდება, მაშინ მიწევს, შემდეგ ჯერზე მეტი ვიმუშაო“.

ეს მიდგომა საოჯახო ბიზნესზეც ვრცელდებოდა, რომელსაც უკვე კუშნერი მართავდა. საქმე რომ ახალი ფურცლიდან დაეწყო, მან მანჰეტენი ამოიღო მიზანში, ზუსტად ისევე, როგორც ეს ტრამპმა გააკეთა 40 წლით ადრე, და მტკიცედ გადაწყვიტა, ამერიკის უძრავი ქონების ყველაზე სარფიან და კონკურენტულ ბაზარში ეთამაშა.

ამაზე ცუდ დროს ალბათ ვერც კი შეარჩევდა. Kushner Companies-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში, მისი პირველი მსხვილი შესყიდვა – მეხუთე ავენიუს 666 რეკორდულ $1.8 მილიარდად – 2007 წელს გაფორმდა; ფაქტობრივად, სულზე მოუსწრო ფინანსურ კრიზისს. გაქირავებების რიცხვი დავარდა, საიჯარო ხელშეკრულებები გაუქმდა, დაფინანსება გაქრა. გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად, კუშნერმა შენობის სავაჭრო სივრცის 49% Carlyle Group-სა და სხვებს $525 მილიონად მიჰყიდა და თითქოს შეძლო კიდეც ყველა შესაძლო სასესხო ხელშეკრულების რესტრუქტურირება, რითაც აჩვენა მზაობა, რომ მომავალში კვლავაც შეძლებდა გადახდას და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც წამოდგებოდა ფეხზე. საბოლოოდ მან თავიდან აირიდა გაკოტრების იმგვარი მანევრები, ტრამპმა რომ მიმართა 1990-იანებში, და მძიმე ვითარებიდან კატასტროფული ზიანის გარეშეც გამოძვრა.

კუშნერისთვის ეს გაკვეთილი იყო. ნაცვლად იმისა, ნიუ-იორკში ძვირად ღირებულ, „ცისფერკოჭა“ მისამართებზე ენადირა, მას უფრო მოდურ, პერსპექტიულ და პერსპექტივის პოტენციალის მქონე უბნებზე უნდა დაედო ფსონი. ასეც მოიქცა: ოფიციალური ინფორმაციით, მან $14 მილიარდი დახარჯა შესყიდვებსა და დეველოპერულ პროექტებში ისეთ ადგილებში, როგორიცაა მანჰეტენის SoHo და ისტ-ვილიჯი და ბრუკლინის Dumbo. „ჯარედს ახალგაზრდული ხედვა, ინოვაციური განწყობა შემოაქვს ძალიან ტრადიციულ ინდუსტრიაში, რომელიც, დიდწილად, 70 წლის კაცებითაა დაკომპლექტებული“, – ამბობს ივანკა ტრამპი. კუშნერი ახლიდან გამოცოცხლებულ ტერიტორიებშიც იჭრება, – ქუინსის ასტორიასა და ჯერსი სიტის ჯერნალ სქუეარში, – ადგილებში, რომლებიც ფრედ ტრამპისა (პირველი) და ჩარლზ კუშნერის (მეორე) საყვარელი სათამაშო მოედნები იყო.

მიზეზი, რატომაც ჯარედ კუშნერმა ასეთი საჯარო ინტერესი აღძრა, მისი ახლად მოპოვებული ძალაუფლებისა და მისი ლამის მედიაუჩინრობით გამოწვეული ცნობისმოყვარეობის გარდა, ნაწილობრივ იმ პარადოქსებს უკავშირდება, რასაც ის წარმოადგენს.

სილიკონის ხეობის ეთიკა, რომლისთვისაც გახსნილობა და ინკლუზიურობაა მნიშვნელოვანი, კუშნერმა იმ კამპანიაში ჩართო, რომელიც ადამიანებს ჩაკეტილ საზღვრებს, ვაჭრობის დაცვასა და რელიგიური ნიშნით ხალხის გარიცხვას ჰპირდებოდა. ამასთან, კუშნერი დემოკრატიული პარტიის სერიოზული დონორის შთამომავალია და მიუხედავად ამისა, მან რესპუბლიკური პარტიის კამპანიის მართვა წარმატებით შეძლო. ის ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების შვილიშვილია, რომელიც ომის ლტოლვილთა გაძევების ქომაგად მოგვევლინა. ფაქტების მოყვარული იურისტი, რომლის რჩეულმა კანდიდატმა გლობალურ დათბობას თაღლითობა უწოდა, ვაქცინები აუტიზმს დაუკავშირა და პრეზიდენტ ობამას მოქალაქეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მედიამაგნატი, რომელიც ყალბი ახალი ამბებით წაქეზებულ კამპანიაში იღებდა მონაწილეობას. მორწმუნე ებრაელი, რომელიც ექსტრემალური მემარჯვენეების მოწონებულ და კუ-კლუკს-კლანის მიერ მხარდაჭერილ არჩეულ პრეზიდენტებს ამარაგებს რჩევებით.

კუშნერის პასუხი ყველა ამ კონფლიქტურ ფენომენზე ერთ ფუნდამენტურ რწმენამდე დადის: მას უპირობოდ სჯერა დონალდ ტრამპის. და ამ რწმენას – რაც კამპანიაში მისი როლის გათვალისწინებით, ირონიულია – ის იმ „მონაცემებით“ იცავს, რომლებიც იმ კაცის შესახებ მოაგროვა, ვისთანაც ათ წელზე ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.

„თუ ადამიანს ვიცნობ და მასზე ყველა ამბობს, რომ საშინელი პიროვნებაა, – აცხადებს კუშნერი, – მე არ ვიფიქრებ, რომ ეს პიროვნება მართლაც საშინელია და არ დავიწყებ საკუთარი თავის მისგან გამიჯვნას მაშინ, როცა ემპირიული მონაცემები და გამოცდილება გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე ბევრი ამ დასკვნების გამომტანი ადამიანი. რას იფიქრებდეთ ჩემზე, საკუთარი მოსაზრება სხვების მოსაზრებებზე დაყრდნობით რომ შემეცვალა და არა იმ ფაქტებზე, რაც პირადად ვიცი?“

რაც შეეხება ტრამპის მსოფლმხედველობას: „არა მგონია, რაიმე ძალიან სკანდალური იყოს იმაში, რომ არჩევნების გზით შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდე და ამბობდე, რომ შენი პოზიცია, პირველ რიგში, ამერიკის წინ წამოწევაა, და რომ ნაციონალისტი იყო და არა გლობალისტი“.

და რას იტყვის ჯარედ კუშნერი ტრამპის გაუთავებელ მუქარის შემცველ განცხადებებზე, რამაც შეურაცხყოფა მიაყენა მუსლიმანებს, მექსიკელებს, ქალებს, ომის ტყვეებსა და აშშ-ის გენერლებს, სხვა ჯგუფებთან ერთად? „მე უბრალოდ ვიცი, რომ ბევრი ის საკითხი, რითაც ხალხი მასზე თავდასხმას ცდილობს, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს: ან გაზვიადებულია, ან არასწორად აღქმული. ვიცი მისი ხასიათი, ვიცი, ვინც არის, და ნამდვილად არ დავუჭერდი მხარს, სხვაგვარად რომ ვფიქრობდე. თუ ქვეყანა მისცემს მას შანსს, ნახავენ, რომ ის არც სიძულვილის შემცველ რიტორიკას დაუშვებს და არც ასეთ ქცევას“.

საკუთარ პოლიტიკურ აფილაციაზე საუბრისას, კუშნერი ამბობს: „მთავარია, მტკიცე იყო. გადაწყვეტილება არ მიმიღია. მოვლენები გზადაგზა ვითარდება“. და ამატებს: „არის გარკვეული ასპექტები დემოკრატების პარტიაში, რაც არ მომწონს და ასევეა რესპუბლიკურ პარტიაშიც. პოლიტიკური სამყაროს წარმომადგენლები ცდილობენ, არსებულიდან გამომდინარე სხვადასხვა უჯრაში მოგვათავსონ. ვფიქრობ, ტრამპი თავის უჯრას ქმნის – ეს არის ნაზავი იმისა, რაც მუშაობს და იმის აღმოფხვრა, რაც არ მუშაობს“ (თუმცა, ტრადიციული სიტყვათა შეთანხმების „დემოკრატიული პარტიის“ ნაცვლად, რესპუბლიკური პარტიის საყვარელი დამაკნინებელი ტერმინის, „დემოკრატების პარტიის“ ხმარებით, კუშნერი თავისი „უჯრის“ შიგთავსზე გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს).

აი, ანტისემიტიზმის ბრალდებებს კი უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვა კუშნერის საქმიან „ოჯახში“. ივლისში ტრამპმა ერთი გრაფიკა დადო Twitter-ზე, რომელშიც ჰილარი კლინტონია გამოსახული, ფონად კი დოლარის კუპიურები და ექვსქიმიანი ვარსკვლავია, რომელშიც შემდეგი სიტყვებია ჩაწერილი: „ყველა დროის ყველაზე კორუმპირებული კანდიდატი“. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გამოსახულება პირველად რასისტულ ინტერნეტფორუმში გამოჩნდა. კუშნერის Observer-ის რეპორტიორმა, დანა შვარცმა, გაზეთის საიტზე წერილი გამოაქვეყნა (რომელსაც უამრავი მკითხველი ჰყავდა), სადაც თავის უფროსს – იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ეს უკანასკნელი თავის რწმენასა და ოჯახს – ტვიტის დაგმობისკენ მოუწოდებდა. კუშნერმა შვარცს საავტორო წერილით უპასუხა, რომელშიც ტრამპს ჩვეულ სტილში იცავდა: რომ ის იცნობს ტრამპს. „როცა სულ ოდნავ ირღვევა ის, რასაც სიტყვის პოლიცია კორექტულ ენად მიიჩნევს და თუ ამას უმალ „რასისტოს“ გესლიანი წამოძახებები მოჰყვება, მაშინ როგორღა უნდა გავკიცხოთ რეალური რასისტები?“

კუშნერის მტკიცებით, ტრამპის ადმინისტრაციაში, მთლად ზედა რგოლიდან დაწყებული, სიძულვილის არავითარ ელემენტს არ ექნება ადგილი. „შეუძლებელია, 69 წლის მანძილზე არ იყო რასისტი და მერე, სრულიად მოულოდნელად, რასისტი გახდე, ხომ მართალია? – ამბობს ის. – შეუძლებელია, 69 წლის მანძილზე არ იყო ანტისემიტი და მერე, სრულიად მოულოდნელად, ანტისემიტი გახდე მხოლოდ იმიტომ, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ხარ ჩართული“.

როგორია კუშნერის რეაქცია ექსტრემისტულ ელემენტებზე, როგორიცაა KKK-ი და თეთრი ექსტრემისტი მემარჯვენეები, რომელთაც ტრამპი სიხარულით მიიღეს? „ტრამპმა მათ მხარდაჭერაში რაიმე როლი 25-ჯერ უარყო. დაგმო სიძულვილი, დაგმო ფანატიზმი და დაგმო რასიზმი. ალბათ ზოგიერთი ადამიანისთვის ამდენი დაგმობა არ იყო საკმარისი“. შემდეგ კუშნერი ერთი ციტატის პერიფრაზირებას ახდენს, რომელსაც რონალდ რეიგანს მიაწერს: „მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი მხარს მიჭერენ, არ ნიშნავს, რომ მეც ვუჭერ მათ მხარს“.

კუშნერის მხარდაჭერა ტრამპის სტრატეგიულ მრჩეველზე, სტივ ბენონზეც ვრცელდება. ამ უკანასკნელს ყოფილი ცოლი დებს ანტისემიტურ კომენტარებში ბრალს (რასაც ბენონი უარყოფს) და ამასთან, მის ვებგვერდზე, Breitbart-ზე ხშირად გამოქვეყნებულა ისეთი სტატიები, რომლებიც რასისტული, ანტისემიტური განწყობების აღმძვრელ ფარულ შინაარს შეიცავს. „თქვენი აზრით, მე ვარ პასუხისმგებელი ყოველ ტექსტზე, რაც კი Observer-ს დაუწერია? ანუ ჩემი ნააზრევია ყველა მათგანი? – ამბობს კუშნერი. – რაც სტივის შესახებ ვიცი, ჩემი მასთან მუშაობის გამოცდილებაა. ის არაჩვეულებრივი სიონისტია და უყვარს ისრაელი. საკუთრების უფლების აღკვეთის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. და რაც მასთან მუშაობის შედეგად ვნახე, საერთოდ არ ჯდება იმ დახასიათებაში, რასაც ხალხი მას მიაწერს. მირჩევნია, ის საკუთარი გამოცდილებისა და მის მიერ შესრულებული საქმის მიხედვით განვსაჯო და არა იმით, რასაც ხალხი ამბობს მასზე“.

და აქედანაც ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს კუშნერს თავისი გაკვირვებული მეგობრების მიმართ, რომელთაც სულაც არ მოეწონათ მისი როლი იმ ადამიანის არჩევის საქმეში, რომელიც მათ ღირებულებებს შეურაცხყოფს… და ისე შეურაცხყოფს, რომ არჩევნებამდე ზოგიერთმა მათგანმა სიბრაზის შემოტევისას კუშნერს მისწერა კიდეც. „მე ამას ექსფოლიაციას ვეძახი. ნებისმიერი, ვინც მეგობრობის ან ბიზნესისთვის წერტილის დასმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ვიღაცა ვიღაცას უჭერს მხარს პოლიტიკაში, არაა მაინცდამაინც საიმედო ადამიანი“.

„ხალხი ძალიან მერყევია, – ამატებს კუშნერი. – უნდა იპოვო ის, რისიც გჯერა, გამოწვევები უნდა მოუწყო საკუთარ ჭეშმარიტებებს. და თუ რაღაცის, თუნდაც არაპოპულარულის, გჯერა, ბოლომდე უნდა გაიტანო“.

მრავალი ასეთი მერყევიმეგობარი, სავარაუდოდ, ახლა უკან დაბრუნდება იმის გათვალისწინებით, რომ კუშნერს, ტრამპის გასაოცარი გამარჯვების ორგანიზების შედეგად, ახალი პრეზიდენტის ნდობა აქვს მოპოვებული. იმის გამოცნობა, თუ როგორ გამოიყენებს კუშნერი ამ ძალაუფლებას, მკითხველისთვის მიგვინდვია.

ამ ეტაპზე კუშნერი თავმდაბლობას არჩევს: „უამრავი ადამიანი მეუბნება, რომ უფრო ოფიციალური სტატუსით უნდა ჩავერთო. მაგრამ უნდა ვიფიქრო, რას ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ბიზნესისთვის და უნდა დავრწმუნდე, რომ ეს გადაწყვეტილება არაერთი მიზეზით სწორი იქნება“.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის თეთრ სახლში კუშნერმა ფორმალური პოსტი დაიკავოს. ნეპოტიზმის კანონები, რომლებიც მას მერე შემოიღეს, რაც პრეზიდენტმა კენედიმ თავისი ძმა, ბობი, იურიდიულ საკითხებში გენერალურ მრჩევლად დანიშნა, უკრძალავს პრეზიდენტს, ნათესავები, მათ შორის, სიძეები, სამთავრობო ფუნქციებით აღჭურვოს. გავრცელებული ცნობებით, ადმინისტრაცია ყველა კანონიერ გზას სინჯავს, რომ კუშნერი როგორმე „დასავლეთ ფრთაში“ დაასაქმოს, იმაზეც კი თანახმაა, უხელფასო მრჩევლად დანიშნოს, თუმცა კანონი, შესაძლოა, ამასაც შეეხოს, რომელიც კონსტიტუციის, და არა ინდივიდის, ერთგულების უზრუნველსაყოფად დაიწერა.

მაგრამ ეს, შესაძლოა, სადავო საკითხად იქცეს. არა აქვს მნიშვნელობა სამთავრობო ტიტულსა თუ $170,000-იან ფედერალურ ხელფასს; არავითარი კანონი არ არსებობს, რომელიც პრეზიდენტს რჩევის მიღებას აუკრძალავდა ნებისმიერი ადამიანისგან, ვისგანაც კი მოისურვებდა. ნათელია, რომ ამერიკის ტექნოლოგიური და ანტრეპრენიორული ლიდერები, რომლებიც მსუყედ უჭერდნენ კლინტონს მხარს, ხოლო ტრამპს კოლექტიურად გმობდნენ, ახლა შუაკაცად კუშნერს გამოიყენებენ და თავად ტრამპიც არანაკლებ დაეყრდნობა სიძეს.

„ვვარაუდობ, რომ ის პრეზიდენტობის მთელი ვადის პერიოდში თეთრ სახლში იქნება, – ამბობს New Corp.-ის მილიარდერი რუპერტ მერდოკი. – მომდევნო ოთხი ან რვა წლის განმავლობაში ის ძლიერ ხმად მოგვევლინება, შესაძლოა, ყველაზე ძლიერ ხმადაც კი ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ“. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *