დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქვეყანამ შეერთებულ შტატებს იშვიათი მინერალები მიაწოდოს. აღნიშნულ ნაბიჯს ტრამპი უკრაინის მხრიდან გადახდის ალტერნატივად განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინის მთავრობა ამ გარიგებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. აშშ-ისთვის იშვიათი მიწა-მეტალების მიწოდებას ტრამპი უკრაინისთვის $300 მილიარდით დახმარების კომპენსაციად აღიქვამს.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ იშვიათ მიწა-მინერალებზეა საუბარი. მინერალების აღნიშნული ჯგუფი 17 მეტალისგან შედგება, რომლებიც ისეთ ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორიცაა: მანქანათმშენებლობა, ავტოინდუსტრია, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა.
ცნობისთვის, უკრაინა ურანის, ლითიუმისა და ტიტანის დიდ მარაგებს ფლობს. აღნიშნული და სხვა ტიპის იშვიათი მიწა-მეტალების მარაგები აშშ-ის ტერიტორიაზეც გვხვდება, თუმცა შეერთებულ შტატებში იშვიათი მიწა-მეტალების მხოლოდ ერთი მაღარო ფუნქციონირებს. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში იშვიათი მიწა-მეტალების მოპოვების მოცულობით პირველ ადგილზე ჩინეთია.