Transfermarkt-მა „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება განაახლა. მან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერის ფასი 5 მილიონი ევროთი, 80 მილიონ ევრომდე შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზე შემცირდა ხვიჩას თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის ფასიც. ნიგერიელის საბაზრო ღირებულება, მოცემული დროისთვის, 110 მილიონ ევროს შეადგენს. მონაცემი 10 მილიონი ევროთი არის შემცირებული.
ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების შემცირება, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მათ მიმართ კრიტიკამ განაპირობა. ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, იტალიის მოქმედი ჩემპიონი შარშანდელივით ვერ ბრწყინავს. თუკი „ნაპოლის“ გაჩემპიონებას დიდწილად კვარაცხელიასა და ოსიმენს მიაწერდნენ, კლუბის ცუდ პერიოდზე პასუხისმგებლობასაც ბევრი კრიტიკოსი სწორედ მათ აკისრებს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სეზონის დაწყებამდე „ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, მისმა შემცვლელმა, რუდი გარსიამ კი კლუბის ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა. გარსიას გათავისუფლების შემდეგ, „ნაპოლი“ ვოლტერ მაცარიმ ჩაიბარა, რომელიც კლუბის ძველი სათამაშო ფორმის აღდგენას ცდილობს.
ამ დროისთვის, იტალიის სერია A-ს ცხრილში „ნაპოლი“ მე-5 ადგილს იკავებს. მას 16 შეხვედრაში 27 ქულა აქვს მოგროვებული და ცხრილის ლიდერამდე, „ინტერამდე“ 14 ქულა აშორებს. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ბოლოს ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან სამში დამარცხდა, ერთ-ერთი მატჩი კი სწორედ „ინტერთან“ დათმო.