1916 წლის 29 სექტემბერს მსოფლიოს პირველი მილიარდერი შეემატა. Standard Oil-ის აქციების ღირებულების ზრდის გავლენით, კომპანიის უმსხვილესი აქციონერის ჯონ როკფელერის ქონების ღირებულება $1-მილიარდიან ნიშნულს გაუტოლდა. ამის შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს 2,781 მილიარდერი ჰყავს – მაგრამ კვლავ არც ერთი ტრილიონერი.
Informa Connect Academy-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ილონ მასკი იქნება. ანგარიში პროგნოზებს ინდივიდის სიმდიდრის საშუალო წლიურ ზრდაზე დაყრდნობით აკეთებს. ამჟამად Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის რეიტინგით, მასკის ქონების წმინდა ღირებულება $252.5 მილიარდს უტოლდება. Connect Academy-ის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ მასკის ქონება განაგრძობს ზრდას საშუალო წლიური 110%-ით, Tesla-ს დამფუძნებელი ტრილიონერი 2027 წლისთვის გახდება.
იმავე ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მეორე ტრილიონერი Adani Group-ის კონგლომერატის დამფუძნებელი, ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი იქნება. ადანის ქონება ამჟამად $80.5 მილიარდს უტოლდება და ის Forbes-ის რეიტინგში 21-ე პოზიციაზეა. Connect Academy-ის პროგნოზით, თუ ადანის ქონების საშუალო წლიური ზრდა 123%-ზე შენარჩუნდება, ინდოელი მილიარდერის ქონება ტრილიონიან ღირებულებას სავარაუდოდ 2028 წლისთვის მიღწევს.
Connect Academy-ის ვარაუდით, მსოფლიოს მესამე ტრილიონერი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი იქნება. ჰუანგის ქონების წმინდა ღირებულება უკანასკნელ 5 წელიწადში $3 მილიარდიდან $100 მილიარდამდე გაიზარდა. ამჟამად ჰუანგი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში $104.2 მილიარდით მე-14 ადგილზეა, Connect Academy-ის თანახმად კი, ტრილიონერი 2028 წლისთვის გახდება. ამისთვის, ჰუანგის ქონების საშუალო წლიურმა ზრდამ 112% უნდა შეადგინოს.
ანგარიშის თანახმად, ტრილიონერის სტატუსს ჰუანგის შემდეგ Barito Pacific-ის დამფუძნებელი პრაჯოგო პანგესტუ მოიპოვებს. ინდონეზიელი მილიარდერი ამჟამად Forbes-ის რეიტინგის 22-ე პოზიციაზეა და $78.9 მილიარდს ფლობს. მსოფლიოს მეხუთე ტრილიონერი კი LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნო იქნება – ამჟამად მეხუთე უმდიდრესი ადამიანი, $170.4-მილიარდიანი ქონებით. ანგარიშის ავტორის ვარაუდით, ფრანგი ბიზნესმენი ტრილიონერის სტატუსს 2030 წლისთვის, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგთან ერთად მოიპოვებს. ცნობისთვის, ცუკერბერგის ქონება ამჟამად $182 მილიარდს უტოლდება.
Informa Connect Academy-ის ანგარით, 10 ადამიანი, რომელთა ქონებაც, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ტრილიონს მიაღწევს, ასე გამოიყურება:
ქონება | სავარაუდო თარიღი | წლიური ზრდა | |
ილონ მასკი | $252.5 მილიარდი | 2027 | 110% |
გაუტამ ადანი | $80.5 მილიარდი | 2028 | 123% |
იენსენ ჰუანგი | $104.2 მილიარდი | 2028 | 112% |
პრაჯოგო პანგესტუ | $78.9 მილიარდი | 2028 | 136% |
ბერნარ არნო | $170.4 მილიარდი | 2030 | 29% |
მარკ ცუკერბერგი | $182 მილიარდი | 2030 | 36% |
ფილ ნაითი | $35.3 მილიარდი | 2030 | 8% |
მუკეშ ამბანი | $115 მილიარდი | 2033 | 28% |
მიშელ დელი | $100.4 მილიარდი | 2033 | 31% |
სტივ ბალმერი | $124.7 მილიარდი | 2034 | 26% |