World Travel & Tourism Council-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს გლობალურად დახარჯული ყოველი $10-დან $1 მოგზაურობის ხარჯებზე მოდის. გლობალურ ეკონომიკაში მოგზაურობის კონტრიბუცია წელს $11 ტრილიონს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ანგარიშის თანახმად, ადამიანებმა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვისას სულ უფრო მეტად დაიწყეს მოგზაურობის ხარჯების გათვალისწინება. WTTC-ის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის ტურიზმის ინდუსტრიის გლობალურ მშპ-ში კონტრიბუცია წინა წელთან შედარებით 12.1%-ით გაიზრდება და გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 7.5% აღემატება 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მონაცემს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში გაწეულ სამოგზაურო ხარჯებზე მოვა. 2024 წელს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 348 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 13.6 მილიონით აღემატება.