ქეთი ვუდმა ბერკეტად გამოიყენა ინოვაციისადმი საკუთარი მგზნებარე რწმენა და ის $29-მილიარდიან (აქტივებით) საინვესტიციო ფირმად და $250-მილიონიან ქონებად აქცია. მის პროგნოზთა შორის ასეთსაც შეხვდებით: Tesla $1 ტრილიონის ტოლფას რობო-ტაქსიების ქარავანს შექმნის.
2019-ის მაისისთვის Tesla-ს აქციები დაკოჭლებულიყო და დაახლოებით იმ ფასად ბრუნავდა (სადღაც $200-ად), როგორადაც ხუთი წლის წინ. სწორედ ამ დროს ილონ მასკის ყველაზე მსხვილმა პრომოუტერმა Wall Street-ზე თამამ ექსპერიმენტს მიმართა. ქეთი ვუდი და მისი Ark Investment Management-ი უკვე ცნობილები იყვნენ თავიანთი არაკონვენციური პროგნოზებით, რომელთა თანახმად, Tesla $1 ტრილიონის ტოლფას რობო-ტაქსების ავტოპარკს შექმნიდა და 2023-ისთვის მისი აქციების ფასი 20-ჯერ ან 30-ჯერ გაიზრდებოდა. ამჯერად ვუდმა კვლავ ახალ მღელვარებას მისცა დასაბამი და Ark-ის ახალი, ოპტიმისტური ღირებულების – $1.4 ტრილიონის – შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელსაც ზურგს Excel-ის გამოთვლებითა და ათასგვარი არგუმენტებით უმაგრებდა. მსგავსი ღირებულება კი, თავის მხრივ, გულისხმობდა, რომ თითო აქციის ფასი $6,000-ს გადააჭარბებდა.
ამას სწრაფი და მძვინვარე კრიტიკა მოჰყვა. Tesla-ს ე.წ. შორტ-გამყიდველმა, ჯიმ ჩანოსმა, რომელიც Enron-ის თაღლითობის გამომჟღავნებით არის ცნობილი, ვუდი Tesla-ს წმინდა მარჟებთან დაკავშირებული პროგნოზების გამო გაკიცხა. “ის, რაც Ark-მა წარმოადგინა, [ე.წ.] სამომავლო ფასია Tesla- სი და არა ღირებულება“, – შენიშნა New York University-ის ფინანსების პროფესორმა და ღირებულების ექსპერტმა ავათ დამოდარანმა. ეს მოდელი, მისი თქმით, არ მოიცავდა ფასდაკლებული ფულადი ბრუნვის ანალიზს და არასრულ პროგნოზებს აკეთებდა Tesla-ს ხარჯების შესახებ, რომლებიც კომპანიას მანქანების წარმოების მასშტაბების ზრდისთვის დასჭირდებოდა. და რა შეიძლება, ითქვას $1 ტრილიონის ტოლფას ღირებულებაზე, Ark-ი რომ Tesla-ს არარსებულ რობო-ტაქსების ქარავანს ანიჭებს? “უფრო ზღაპარს ჰგავს, ვიდრე ღირებულებას“, – გახლდათ დამოდარანის პასუხი.
თექვსმეტი თვის თავზე Tesla-ს აქციები – აგვისტოში ფონდის ხუთი-ერთზე განაწილების შემდეგ – $400-ად ბრუნავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქციათა ფასი გაათმაგდა, რაც, მეტწილად, მასკის თვითმავალი ავტომობილების, ბატარეის ტექნოლოგიისა და Tesla-ს მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური ეფექტიანობის თანმხლებ სპეკულაციასა და მღელვარებას უნდა მივაწეროთ. მასკის ავტოკომპანია დღეს ხუთჯერ უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე Ford-ი და General Motors-ი ერთად აღებული, ვუდი კი გამდიდრდა. სკეპტიკოსები, მისი აზრით, ყურადღებას წვრილმანებს აქცევენ და ვერ ხედავენ დიდ სურათს: რაც უფრო მეინსტრიმული ხდება ელექტრომანქანები საწარმოო ეფექტიანობა და ბატარეებისა თუ სხვა ტექნოლოგიების ინოვაციები სულ უფრო შეამცირებენ იმ ხარჯებს, რაც მათ დასამზადებლადაა სჭირო. და რაც უფრო დაეცემა რეკლამირებული ფასები, მით უფრო აიწევს მოთხოვნა, მათ შორის, ისეთი ბიზნესებისგან, როგორიც ე.წ. მგზავრობის გაზიარების კომპანიებია. სექტემბერში მასკმა პირობა დადო, რომ სამ წელიწადში ერთი მანქანა $25,000 ეღირებოდა.
ამასობაში, 64 წლის ვუდი სავსებით კმაყოფილია, ამდენი ერთხმად მოჭიკჭიკე კრიტიკოსი რომ ჰყავს: “გულწრფელად რომ გითხრათ, ამის გამო თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ეს ნიშნავს, რომ თუ მართლები გამოვდექით, ჯილდო შთამბეჭდავი იქნება“.
კომფორტი, რომელიც საკუთარ ჭკუაზე სიარულს ახლავს, ვუდს ეხმარება, Ark-ი მსოფლიოში ერთ- ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ეფექტიან საინვესტიციო ფირმად აქციოს. მისი საფირმო, $8.6-მილიარდიანი Ark Innovation Fund-ი გასაოცარ 75%-იან ზრდას უჩვენებს 2020-ში, ხოლო ბოლო ხუთი წლის მანძილზე მისი საშუალო წლიური უკუგება 36%-ს შეადგენს, რაც ლამის სამჯერ აღემატება S&P 500-ის იმავე მაჩვენებელს.
თუ აქციათა ვარსკვლავი შემრჩევები, როგორც წესი, საკუთარ საქმიანობას ისე უდგებიან, როგორც სახელმწიფო საიდუმლოებებს, ვუდი Ark-ის კვლევას ონლაინ აქვეყნებს და უსასყიდლოდ მისაწვდომს ხდის ყველასთვის, პარალელურად კი თავისი ფირმის რეალურ დროში მიმდინარე ვაჭრობათა ინფორმაციასაც ასაჯაროებს. ბიზნესადმინისტრირების მაგისტრთა დაქირავების ნაცვლად, მას ურჩევნია, ახალგაზრდა ანალიტიკოსები დაასაქმოს, რომელთაც ისეთ სფეროებში აქვთ გამოცდილება, როგორიც მოლეკულური ბიოლოგია ან კომპიუტერული ინჟინერიაა; მისი აზრით, სწორედ ამ უკანასკნელებს შეუძლიათ უახლესი ტრენდების წინასწარ შემჩნევა. Ark-ის (რაც, თავის მხრივ, Active Research Knowledge-ის – “აქტიური კვლევითი ცოდნის“ – აკრონიმია) სტრუქტურაც კი ერთობ ორიგინალურია. ვუდი შვიდ პორტფოლიოს განკარგავს, რომლებიც ისეა შექმნილი, რომ შესაძლებელი იყოს რობოტიკის, ენერგიის შენახვის, დნმ-ის სეკვენირებისა და ბლოკჩეინ- ტექნოლოგიების ინოვაციებზე კაპიტალიზება, ამ პორტფოლიოებს კი, გადასახადების დამზოგავი ბირჟაზე მბრუნავი ფონდების სახით, ხელმისაწვდომს ხდის ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით – Robinhood-ზე მოვაჭრე ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებისთვის.
სწორედ Tesla-ს პოზიციასა და პანდემიას უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ დაჩქარდა ტექნოლოგიების ათვისება იმ 35-დან 55-მდე კომპანიაში, რომლებშიც, 2020 წელს Ark-ის ბირჟაზე მბრუნავი ფონდების ხელშეწყობით, აქტივები გასამმაგდა – $29 მილიარდამდე. “კორონავირუსმა ჩვენი ინოვაციური პლატფორმები მაღალ სიჩქარეზე გადართო, ვინაიდან ამ პლატფორმებს პრობლემების მოგვარება შეუძლიათ, – ამბობს ვუდი. – ინოვაცია პრობლემებიდან გამოსავალს იძლევა”.
Forbes-ის კონსერვატიული შეფასებით, Ark-ის ღირებულება $500 მილიონს უნდა შეადგენდეს ან კი განკარგული აქტივების დაახლოებით 2%-ს, რაც, უხეში გათვლით, იგივე ჯერადია, რაც საჯარო ბაზარზე მბრუნავ T. Rowe Price-ს აქვს. ვუდი ფირმაში 50%-ზე მეტს ფლობს, ეს კი მას $250 მილიონის პატრონად აქცევს და მე-80 ადგილას ათავსებს Forbes- ის მეექვსე ყოველწლიურ რეიტინგში ამერიკის ყველაზე მდიდარი თვითნაბადი ქალების შესახებ.
ადვილია, ვუდს სათანადო წონა არ მიანიჭო და ის უბრალოდ ფედერალური რეზერვის იოლი ფულის პოლიტიკის მიერ შექმნილი საფონდო ბირჟის ბუშტის სახედ ჩათვალო. მაგრამ ვუდი ბუშტებსაც გადაურჩა და ფასების ვარდნით გაჯერებულ ბაზრებსაც. University of Southern California-ს ეკონომიკის სტუდენტის რანგში, ის დერეგულირების ეკონომიკის გურუსთან, არტურ ლაფერთან სწავლობდა, 1977-დან 1980-ის ჩათვლით კი ლოსანჯელესურ საფონდო გიგანტ Capital Group-ში გადიოდა სტაჟირებას, სადაც იმის მოწმე გახდა, თუ როგორ განიცდიდა ეკონომიკა და ბაზარი კოლაფსს 20%-თან მიახლოებული საპროცენტო განაკვეთების კვალდაკვალ. 1981 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ნიუ- იორკში, ეკონომისტის როლში, ის Jennison Associates-ს შეუერთდა – აწ უკვე Prudential-ის დანაყოფს სააქციო კაპიტალის ინვესტიციების მიმართულებით. იქ მან ხმაური ატეხა, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები პიკშიაო. ამის გაგონებაზე, მასზე გამოცდილებმა თვალები აატრიალეს, მაგრამ ვუდი მართალი აღმოჩნდა; მეტიც, ამ შემთხვევამ კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლის პოტენციურად დიდი პლუსის დაფასება ასწავლა.
ვუდი კარიერული გზით უკმაყოფილო იყო და ინდივიდუალური კომპანიების კვლევა უნდოდა. ჰოდა, ერთ პარასკევსაც, ადგა და დატოვა Jennison-ი. ფირმაში მისმა მენტორმა ის დაარწმუნა, რომ მომდევნო ორშაბათს დაბრუნებულიყო და სააქციო კაპიტალის კვლევის მიმართულებით გადაეყვანა. 1980-იანების მიწურულსა და 1990-იანების დასაწყისში ის ჩანასახში მყოფი უკაბელო ტელეკომუნიკაციების კომპანიათა კვლევით იყო დაკავებული; ფაქტობრივად, ამ სფეროში თავიდანვე იღებდა მონაწილეობას და გარკვეული უპირატესობაც მოიპოვა იმ უშველებელი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების წინასწარ განჭვრეტაში, ყველგან მყოფი მობილური ტელეფონები რომ მოიტანდნენ გარკვეულ პერიოდში. 2001 წელს ის ნიუ- იორკში დაფუძნებულ AllianceBernstein-ში გადავიდა ინვესტიციების დირექტორად თემატური პორტფოლიოებისთვის. მაგრამ 2008 წლის კრიზისმა არ დააყოვნა და თავს დაატყდა ეპოქას, რომელშიც აქტიურ მენეჯერებს S&P 500 ჯაბნიდა და ტრილიონობით დოლარი იღვრებოდა დაბალხარჯიან ინდექსურ ფონდებში. ვუდმა გადაწყვიტა, რომ ახალი მიდგომის საჭიროება დამდგარიყო. 2012-ში ის წინადადებით შემოვიდა, ინოვაციური კომპანიების აქტიურად განკარგული პორტფოლიოები ბირჟაზე მბრუნავი ფონდების სტრუქტურაში მოეთავსებინათ. ამ იდეამ ვერავითარი წარმატება ვერ პოვა AllianceBernstein-ში.
ორი წლის შემდეგ, ნიუ- იორკში, ვუდმა Ark-ი დააფუძნა. წარმატება მყისიერად არ მოსულა. Morningstar-ის თანახმად, არსებობის პირველი ორი წლის მანძილზე ფირმის ფლაგმანი ფონდი „კოლეგების“ რეიტინგში ბოლო მეოთხედის ძირში იყო მოქცეული. 2016-ის ბოლოსთვის ვუდს, აქტივების სახით, მხოლოდ $307 მილიონი მოეზიდა, Ark-ის 0.75%-ის ტოლფასი მენეჯმენტის გადასახადი კი ვერ ფარავდა საზედნადებო ხარჯებს. საქმიანობის გასაგრძელებლად მან საკუთარ დანაზოგებს მიმართა, მცირე წილები გაყიდა და, დისტრიბუციის შექმნის მიზნით, მსხვილ ფირმებთან დაიწყო თანამშრომლობა. იაპონური Nikko Asset Management-ი და საზიარო სარგებლობის ფონდთა ფირმა American Beacon-ი დღეს კომპანიაში 39%-ს ფლობენ. თითქმის 10%-ის მფლობელები კი ფირმის თანამშრომლები (ოცდაოთხი მათგანი) არიან.
2017-ში Ark-მა ტემპი აკრიფა, რასაც ისეთი კომპანიების აქციათა მკვეთრმა ზრდამ შეუწყო ხელი, როგორიცაა Netflix-ი, Salesforce-ი, დნმ-ის სეკვენირებაზე მომუშავე Illumina, ციფრული გადახდების დამმუშავებელი Square-ი და ჯანდაცვის ციფრული პროვაიდერი Athenahealth-ი. აქტივებმა ათმაგი ზრდა აჩვენა და Ark-იც შეუდგა ბრენდის შენებას თამამი პროგნოზების, Twitter-ში აქტიურობისა და იმ უფასო კვლევების გარშემო, ონლაინ რომ აქვეყნებდა (მან ყურადღება კრიპტოვალუტის ფონდითაც მიიპყრო, რომელიც მხოლოდ აკრედიტებული ინვესტორებისთვის იყო მისაწვდომი; 2015-ში, როცა მონეტა $250 ღირდა, ვუდმა Bitcoin-ის ყიდვა დაიწყო, რასაც ის „სადაზღვევო პოლისს“ უწოდებს ინფლაციის წინააღმდეგ).
პორტფოლიოების შესაქმნელად ვუდი ზემოდან-ქვემოთ ტიპის მიდგომას ირჩევს. პირველ რიგში, ის ძირგამომთხრელი ნიუანსების იდენტიფიცირებას ახდენს, თანაც – ყველა შესაძლო ხერხით, მათ შორის, ქრაუდსორსინგით… ის ფირმაში პარასკეობით გამართულ კვლევით შეკრებებს გარეშე პირთათვისაც ხდის მისაწვდომს, რომლებსაც Lifesize-ით შეუძლიათ ჩართვა. ეკონომიკას ცენტრალური ადგილი უჭირავს. ვუდი ყველაზე ოპტიმისტურად ინოვაციების მიმართაა განწყობილი, მით უფრო, თუ თვლის, რომ მათი ხარჯები, დროთა განმავლობაში, დაიკლებს და ამით რეალური მოთხოვნა გაჩნდება. პოტენციური ჰოლდინგების შეფასებისას, Ark-ი განსაკუთრებულ ყურადღებას კორპორაციულ კულტურასა და ზრდის ინიციატივების განხორციელებას აქცევს. მხოლოდ მთელი ამ პროცესის დასასრულს ანიჭებს ვუდი კომპანიას ღირებულებას და უარს ამბობს ისეთი კომპანიის ყიდვაზე, რომელსაც მცირე შანსები აქვს, ხუთი წლის მანძილზე წლიური 15%- იანი ზრდა აჩვენოს, ხუთი წელი კი Ark-ის ჰოლდინგებისთვის მინიმალური ვადაა.
2020-ის ვნებათაღელვა Ark-ს კარგ საქმეს უკეთებს. მარტში, როცა პანდემიამ იჩინა თავი, აქციები კი დაეცა, ვუდმა სწორად იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოს (და ფინანსური ბაზრების) ფეხზე წამოდგომაში მთავარ როლს სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიები შეასრულებდნენ. ის Ark-ის Tesla-ს პორტფოლიოებსა და სხვა რჩეულებზე კონცენტრირდა, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია 2U-სა და უძრავი ქონების პლატფორმა Zillow-ზე. შემდეგ, ზაფხულის მიწურულს, როცა Tesla-მ გრგვინვა დაიწყო, მან თავისი ჰოლდინგები შეკვეცა და Slack-ის დაჩაჩანაკებულ აქციებში მსხვილი პოზიციების შექმნას შეუდგა.
ყველა წარმატებულ ინოვაციას, ცხადია, მიმბაძველებიც გამოუჩნდება ხოლმე. გარეგნულად მიმზიდველი ბირჟაზე მბრუნავი ფონდები ყველგან არიან შეჭრილნი – შინაური ცხოველებითა და სპორტით დაწყებული, აზარტული თამაშებითა და შინ მუშაობით დამთავრებული. საფონდო გიგანტებმა Dimensional Fund Advisors-მა, Fidelity Investments- მა და T. Rowe Price-მა, ცოტა ხანის წინ, თავ- თავიანთი აქტიურად განკარგული ბირჟაზე მბრუნავი ფონდები ჩაუშვეს.
მართალია, ვუდი ბუნებით ოპტიმისტია, ის გარკვეულ სანერვიულო პროგნოზებს მაინც აკეთებს მომდევნო ხუთი წლისთვის. მისი ვარაუდით, არაერთ მსხვილ ინდუსტრიას – საბანკო და ენერგეტიკის სექტორებს, ტრანსპორტს, ჯანდაცვას – ტექნოლოგიური ცვლილება გამოუთხრის ძირს და არაერთი თანამშრომლის ჩანაცვლება მოხდება. შედეგი, მისი აზრით, ის იქნება, რომ ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ფართო ბაზრის ინდექსები მოსალოდნელზე გაცილებით ცუდი იქნება, თანაც – გრძელი ვადით, ეს კი აქტიურ მენეჯერებს შესაძლებლობას მისცემს, ინოვაციური გამარჯვებულები შეარჩიონ, რომლებიც განაგრძობენ საბაზრო კაპიტალიზაციის მოგებათა სათავეში ყოფნას.
“ვფიქრობ, ეფექტიანობის სტანდარტებსა და ინდექსებს საზიზღარი პერიოდი ელით წინ. უკვე ვართ ამის მოწმენი, – ამბობს ის. – ჩვენი აზრით, ისინი სულ უფრო მზარდად ეხვევიან ღირებულების მახეებში“.
თვლის, რომ ბაზარი ახლა ბუშტშია? არა. გაურკვევლობა, რომელიც პანდემიასა და არჩევნებს (ვუდი პრეზიდენტ ტრამპს „მოურიდებლად“ უჭერდა მხარს) ახლავს, ნიშნავს, რომ – მისი თქმით – ფული ფონდებიდან იღვრება და სტერეოტიპულად უსაფრთხო ობლიგაციებისკენ მიედენება. “ახლა, როცა S&P 500 კვლავ მოგებაზე 25-ჯერ მეტად ბრუნავს, ხალხი შეშინებულია, ეს კი მაფიქრებინებს, რომ სულაც არა ვართ ბუშტში“.