გარემოს დამცველი, ემიგრანტი, ომის შვილი, ქართველი, რომელმაც წარმატებას საზღვარგარეთ მიაღწია, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, VETEMENTS-ის, დამფუძნებელი – ეს გურამ გვასალია გახლავთ. აქვე დავამატებ: ერუდიტი, დივერგენტული აზროვნების მქონე და იქნებ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტიც, რადგან არავინ ვიცით, მომავალში რა გველის.
Forbes Georgia-ს რესპონდენტი გურამ გვასალიაა, მუდმივად დამაინტრიგებელი VETEMENTS-ის დამფუძნებელი. ჩვენთან საუბრისას ბატონი გურამი სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის გავლენას მოდის ინდუსტრიაზე, VETEMENTS-ის ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანობას 2020 წელს და მის საოჯახო ბიზნესს, დემნას გარეშე.
გულწრფელად გეტყვით, რომ წელს კოვიდ-19-ის სტატისტიკას გაცილებით ხშირად ვეცნობოდი, ვიდრე Vetements-ის ახალ კოლექციას. შესაბამისად, მსურს, ჩვენი ინტერვიუ პანდემიითა და მოდის ინდუსტრიაზე მისი გავლენით დავიწყოთ. კორონავირუსი და მოდის ინდუსტრია: განიცდის თუ არა აღნიშნული სფერო „ეგზისტენციალიზმის კრიზისს“, როგორც ამას ბევრი ექსპერტი ამტკიცებს?
კიც და არაც. ზოგადად, ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული საძირკვლის სიმყარეზე. თუკი, პირობითად, თქვენი სახლი კარგადაა აშენებული, სათანადოდ დაგეგმილი და ხარისხიანი მასალებით ნაშენი, იგი არათუ ძლიერ ქარს, არამედ ქარიშხალსაც კი გაუძლებს. თუკი მუყაოსია, მაშინ მისი გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა, განურჩევლად ქარის სიძლიერისა.
ჩვენს ნაგვით სავსე მსოფლიოში, მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, მოდის სფერო, სულ მეტსა და მეტს აწარმოებს, რაც, როგორც დღის ბოლოს ირკვევა, აღარავის სჭირდება – სწორედ ასეთია ჩვენი რეალობა, რომელსაც თქვენ ღიად აპროტესტებდით. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ეს ჭარბწარმოება, იგივე „ნაგავი“ შემცირდება?
არავის სჭირდება იმდენი სამოსი, რამდენსაც დღეს კაცობრიობა მოიხმარს. ადამიანთა უმრავლესობა ახალ ტანსაცმელს იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ შესამოსი არაფერი აქვს, ან თუნდაც ფეხსაცმელს – იმიტომ, რომ დახეულია, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური მიზეზით.
ტანსაცმლის ინდუსტრია საკმაოდ დამაზიანებელია გარემოსათვის და გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზიც გახლავთ. აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ „მასმარკეტის“ ინდუსტრია, რომელიც მილიარდობით საქონელს აწარმოებს დაბალანაზღაურებადი მუშახელისა და ცუდი სამუშაო გარემოს პირობებში და ფეშენებელური ინდუსტრია, რომელიც შეზღუდული რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს პროფესიონალების მეშვეობით.
გვჭირდება კი ელიტური სამოსი, იმისათვის, რომ გადავრჩეთ? რა თქმა უნდა, არა. განაგრძობს ხალხი ტანსაცმლის ყიდვას მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვითარება გაუმჯობესდება? – პასუხია დიახ და უფრო მეტსაც კი იყიდიან, ვიდრე – აქამდე.
მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამჟამად ადამიანები გარკვეული ემოციების, შეგრძნებებისა და განცდების შიმშილს განიცდიან. ამ დანაკლისის ანაზღაურებას ისინი იმავ წამს შეეცდებიან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ. თუკი კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ სააღდგომო დიდმარხვის დასრულებისთანავე ადამიანთა უმრავლესობა გაშმაგებით ეძალება საკვებს, რომლის მიღებაც მათ მარხვის დროს აკრძალული ჰქონდათ. მომხმარებელთა ყიდვის ქცევაც ანალოგიურ პრინციპზეა აგებული. ზოგადად, მოდის ინდუსტრია ღრმა ფსიქოლოგიურ ჰორიზონტზეა დაფუძნებული, ჰორიზონტზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ლოგიკურ აზროვნებასა და აღქმას არ ემორჩილება.
რა ძირითადი გაკვეთილი ექნება კოვიდ-19-ს Vetements-სა და ზოგადად, მოდის ინდუსტრიისთვის?
ყოველთვის კარგია, როდესაც ცხოვრებაში მომავლის სხვადასხვა სცენარისთვის ხარ მზად. ჭადრაკის თამაშისას ვსწავლობთ სხვადასხვა შესაძლო ცვლადების გამოთვლას და საბოლოოდ შედარებით საუკეთესო ვარიანტს ვირჩევთ. რა ვისწავლეთ ჩვენ? ვისწავლეთ ის, რომ თუკი საკმარისად შრომობ, ყოველთვის იპოვი სწორ გადაწყვეტას. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ბიზნესმოდელის ადაპტაცია, დავხვეწეთ მომარაგების ქსელი, ურთიერთობა გავამყარეთ მწარმოებლებთან და საცალო გაყიდვების პარტნიორებთან. წელს ჩვენ მოვახერხეთ გაყიდვებში რეალური ზრდის მიღწევა და 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობი ზრდით დავასრულებთ.
რამდენად შეცვალეთ VETEMENTS-ის მართვის სტილი პანდემიის დროს?
თუკი მანქანა სათანადოდაა დაზეთილი, იგი კარგად იმუშავებს. რამდენადაც თქვენ და თქვენი გუნდი ორიენტირებულები ხართ იმ საქმეზე, რასაც აკეთებთ, გაქვთ მიზანი და საერთო რწმენა, დამცავი ნიღბის ტარება და საკუთარ სახლში კომფორტულად დარჩენა მცირედ გავლენას მოახდენს თქვენს საქმეზე. საჭიროა მხოლოდ ადაპტაციის გავლა და აქ არაფერია ისეთი, რასაც დიდ გამოწვევას დავარქმევდი. თუკი მარჯვენა ხელი დაგიშავდათ, მის მორჩენამდე კვლავაც შეგიძლიათ მარცხენა ხელის გამოყენება.
ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ გლობალური პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა შეზღუდვას წარმოადგენდა. როგორია თქვენი პოზიცია ამ მხრივ?
ცხოვრებას თავისი წესები აქვს. მე, როგორც ომის შვილს, გაცილებით უარესი რამის ნახვა მომიხდა. ოჯახთან დამატებითი დროის გატარება ნამდვილი საჩუქარია. ადამიანები იმდენად გადაეშვნენ რუტინაში, რომ ხშირად ავიწყდებათ, რომ ზოგჯერ ნაკლების კეთება სინამდვილეში მეტის კეთებას ნიშნავს. ალბერტ აინშტაინმა თქვა, ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე, თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე, თითქოსდა ყველაფერი სასწაულია. ცხოვრება სასწაულია. მოდი, ყველაფერს ამგვარად შევხედოთ.
ხშირად ამბობდით, რომ თქვენი კომპანიის განვითარებისას მარტივად მიჰყვებოდით თქვენს ინსტინქტებსა და ლოგიკას. სად მიჰყავხართ თქვენს ინსტინქტებსა და ლოგიკას ამჟამად, არსებული პანდემიური კრიზისის დროს?
ცხოვრებაში ძალიან სასარგებლოა, გამორთო შინაგანი ხმა და მიჰყვე გულის კარნახს. გულმა ყოველთვის იცის, რომელი გადაწყვეტილებაა სწორი და რა მიმართულებით წახვიდეთ, თუმცა შინაგანი ხმა ზოგჯერ ჯაბნის გულის კარნახს. შინაგანი ხმის გათიშვით, სამყაროს ჰორიზონტს მიღმა დაინახავთ. და სამყაროს ჰორიზონტს მიღმა დანახვით, უკეთ შეიცნობთ საკუთარ თავს.
სცადეთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. დიდი ალბათობით, დიდ ენერგიას დახარჯავთ და სამიზნე წერტილამდეც ვერ მიხვალთ. გაცილებით მარტივია, იცუროთ დინების მიმართულებით და მშვიდად მიჰყვეთ დინებას.
„ვფიქრობ, რომ შევასრულე ჩემი კონცეპტუალისტისა და ინოვატორი დიზაინერის მისია“, – სწორედ ეს იყო დემნას ოფიციალური განცხადება Vetements-ის დატოვებისას. რა შეიცვალა კომპანიაში დემნას წასვლის შემდეგ?
ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოდის სამყარო საკმაოდ დამაუძლურებელია და კრეატიულობას ფიტავს. ყველა დიზაინერს გარკვეული ვადა აქვს კომპანიაში თუ პროექტზე მუშაობისთვის. განვიხილოთ თუნდაც რაფ საიმონსი, ჩვენი დროის ნამდვილი კერპი, რომელმაც შეუდარებელი საქმიანობა გასწია Jil Sander-ში, შემდეგ გადავიდა Christian Dior-ში, შემდეგ Calvin Klein-ში და ახლა Prada-ს სათავეშია. თითოეულ ამ კომპანიაში გატარებული დრო არც ისე ხანგრძლივი იყო. დიდი ალბათობით, არც Prada იქნება მისი კარიერული მოღვაწეობის ბოლო კომპანია. გარკვეულ მომენტში ნებისმიერი დიზაინერი შეიძლება აღმოჩნდეს Chanel-ში, ან Zara-ში, თუნდაც ამ ორს შორის არსებულ ნებისმიერ კომპანიაში. არავინ ვიცით, რა გველის მომავალში.
დემნას წასვლის შემდეგ Vetements-ის პირველი ჩვენება 2020 წლის იანვარში ჩატარდა. როგორ შეაფასა მან აღნიშნული ჩვენება?
ალბათ უმჯობესია, ეს თავად მას ჰკითხოთ.
ჯერ კიდევ 2017 წელს თქვენ სიამაყით აცხადებდით, რომ Vetements-ი იყო საოჯახო ბიზნესი და ასეთად დარჩებოდა. ბევრი რამ შეიცვალა შემდგომი ორი წლის თავზე. როგორი იყო თქვენი, როგორც ძმის და როგორც კომპანიის აღმასრულებლის რეაქცია დემნას გადაწყვეტილებაზე?
დაფუძნების საწყის დღეებშივე VETEMENTS-ი წარმოადგენდა სხვადასხვა, ნიჭიერ ადამიანთა ერთობლიობას, სადაც ყველას თავისი იდეა ჰქონდა კომპანიის შემდგომი წინსვლისთვის. მნიშვნელოვანი იყო ამ ნიჭიერ ადამიანთა გაერთიანება, თუმცა მათგან ზოგიერთის სარგებელი ხანმოკლე აღმოჩნდა, ხოლო ზოგს კვლავაც აქვს კომპანიის შემდგომი წინსვლის ხედვა.
კომპანიის მუშაობის პრინციპი მართლაც საოჯახო ბიზნესის ანალოგიურია და VETEMENTS-ი არის და დარჩება საოჯახო ბიზნესად, ვიდრე მე ამ კომპანიაში ვიქნები და ამაზე ვიზრუნებ.
რა ძირითადი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს საოჯახო ბიზნესს?
საოჯახო ბიზნესში ამოსავალი ნდობაა. როდესაც იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სწორედ ოჯახია, ვისაც ყველაზე მეტად დაეყრდნობი. ცხოვრებაში, როდესაც კონცენტრირებას უპირატესობებზე ახდენთ, ნაკლოვანებები იშლება, ფერმკრთალდება და ქრება.
თქვენი წიგნი – „ნულოვანი სიდიდე“ – გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება დავუბრუნდეთ ნულოვან მდგომარეობას, სადაც ცხოვრებაში ყველაფერი ჯადოსნურია და როგორ დავიწყოთ ცხოვრება ნულოვანი შეზღუდვებით. შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მართლაც მიმზიდველად ჟღერს და სათქმელად ადვილია, თუმცა რა ვუყოთ სოციუმს?
ჩვენ სოციუმის წევრებად ვიბადებით და ვიდრე გარემომცველ ხალხთან ერთად ვცხოვრობთ, ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ცხოვრების ნაწილად. იცხოვრო ჩარჩოების გარეშე, სულაც არ ნიშნავს ხელში ჩაქუჩის აღებას და ქუჩაში მანქანების ჩალეწვას, ის ნიშნავს ჩარჩოების საკუთარ თავში მოშლას.
დაბადებისთანავე ერთგვარი პროგრამა გვაქვს ჩანერგილი, თუ ვინ ვართ და როგორ უნდა მოვიქცეთ. აღნიშნული წესები გვკარნახობს, როგორ ვიქცეთ სოციუმის წევრებად, თუმცა ამავდროულად ისინი ჩარჩოებში სვამს ადამიანის ქმედებებს. არ არსებობს კარგი ან ცუდი პროგრამა, თუმცა ნებისმიერი მათგანი საკუთარ ჩარჩოებს აწესებს. თუკი თქვენ შვილს ეტყვით, რომ იგი ჭკვიანია, ამით მას წაართმევთ გენიოსობის შესაძლებლობას.
მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. მიიღეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ. მიიღეთ საზოგადოება ისეთი, როგორიც არის. და ყოველთვის გაიღიმეთ, თუნდაც, შინაგანად.
ხომ არ დაგიწყიათ ახალ წიგნზე მუშაობა?
ნამდვილად იქნება შემდეგი წიგნი, სავარაუდოდ, არაერთი. როდესაც სათანადო დრო დადგება, წიგნი თავად დაწერს საკუთარ თავს. სპირიტუალობა მნიშვნელოვანი საკითხია და სათანადო მიდგომას მოითხოვს. მოდა, სპირიტუალობის თვალსაზრისით, ფსკერისკენ გექაჩებათ, რადგან ძალიან მატერიალისტურია. შესაბამისად, უნდა გადაწყვიტოთ, როდის რა გააკეთოთ. „ახლა“ – ყოველთვის მოგცემთ სათანადო მინიშნებას.
არაერთხელ გითქვამთ, რომ Vetements-ს ზრდის ლიმიტს უწესებდით, რადგან არ გსურდათ, იგი „გარყვნილ ბავშვად“ აღზრდილიყო. მიაღწია თუ არა კომპანიამ აღნიშნულ ლიმიტს?
ამჟამად თინეიჯერობის ასაკს ვასრულებთ და მახინჯი იხვის ჭუკიდან გარდავისახებით მოზრდილში, რომელსაც მყარი მოსაზრება და მკაფიო შეხედულება აქვს.
როგორია კომპანიის გეგმები 2021 წლისთვის?
ვგეგმავთ ბრენდზე მუშაობის გაგრძელებას, მის შემდგომ განვითარებასა და გამყარებას. დამატებით ვაპირებთ რამდენიმე ახალი პროექტის წარდგენას, რომლებიც VETEMENTS-ის ძირითად მიმართულებასთან კავშირში არ იქნება.
რას ურჩევთ თქვენს თანამემამულეებს, ვისაც საზღვარგარეთ სურს წარმატების მიღწევა?
ქართული კულტურა ფენომენალურია, რომელიც, ამავდროულად, ცხოვრებაში ბევრ რამეზე მოდუნების საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ რამეში ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე დაყრდნობის იმედი გვაქვს. ურთიერთობა ნამდვილად არაა ის, რასაც ევროპაში დაეყრდნობი. საკუთარი თავის ამარა ხარ. ერთადერთი, რაც დაგეხმარება, დაუღალავი შრომა და თავგანწირვაა.
ძალიან მშიშვნელოვანია, გქონდეს მკაფიო ხედვა, თუ რა გსურს ცხოვრებაში. და ის, რაც გსურს, ვერ იქნება ფულით სავსე ჩემოდანი. ფული არასდროს არ უნდა იყოს მიზანი, ის მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად. იოცნებეთ კარგ სახლ-კარზე, კარიერაზე. იოცნებეთ იმაზე, რასაც ფულით შეიძენთ. თქვენს უკანა ეზოში დამარხული ოქრო სხვა არაფერია, თუ არა ლოდი.
როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება საქართველოში დარჩენის შემთხვევაში?
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ ჩემი წარმომავლობით. იგი ძალიან მაძლიერებს და მაძლევს ძალას გადარჩენისთვის. „როგორ წარიმართებოდა“ – მცდარი შეკითხვაა. თუკი რაიმე ხდება, ამას ნამდვილად აქვს მიზეზი, რადგან „კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის“. თუმცა, თუკი საქართველოში დავრჩებოდი, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ვიყრიდი კენჭს.