ცხვირის ნესტოების თითით წვალებამ შესაძლოა, ალცჰაიმერისა და დემენციის რისკის ქვეშ დაგაყენოთ

ცხვირის ნესტოების თითით წვალებამ შესაძლოა, ალცჰაიმერისა და დემენციის რისკის ქვეშ დაგაყენოთ

ცხვირის ნესტოების თითით წვალება ერთი შეხედვით უვნებელი ჩანს, თუმცა გრიფიტის უნივერსიტეტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამ ჩვევას შესაძლოა ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. მეცნიერები აღნიშნულ ვარაუდამდე ახალი კვლევის დასკვნებზე დაყრდნობით მივიდნენ, რომელთა შესახებაც ისინი გამოცემა Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ზემოხსენებულმა კვლევამ, რომელიც მღრღნელებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ბაქტერიას შეუძლია ცხვირის ყნოსვის ნერვის გავლით თაგვების ტვინში მოხვედრა, სადაც ის ქმნის მარკერებს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებაზე მიმანიშნებელია.

უფრო კონკრეტულად კი, მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ბაქტერია, სახელწოდებით Chlamydia pneumoniae იყენებს ცხვირის ღრუსა და ტვინს შორის განლაგებულ ნერვს, როგორც პირდაპირ გზას ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მისაღწევად. სპეციალისტების თქმით, ცხვირის გარსის დაზიანების შემთხვევაში ტვინამდე გზა უფრო მეტ ბაქტერიას გაეხსნება, რაც, თავის მხრივ, ალცჰაიმერით დაავადების რისკის ზრდას შეუწყობს ხელს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ვინაიდან აღნიშნული ბაქტერიის არსებობა ადამიანის ორგანიზმშიც დასტურდება, შესაძლოა ერთი შეხედვით უვნებელმა ჩვევამ ალცჰაიმერისა და დემენციის განვითარების რისკი მღრღნელების მსგავსად მათშიც გაზარდოს.

სპეციალისტები, რისკის შესამცირებლად, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ყნოსვის ტესტების რეკომენდაციას გასცემენ, ასევე საზოგადოებას სხვადასხვა ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, მათ შორისაა ცხვირიდან თმის ამოღება.