წლის საუკეთესო CSR ინიციატივები

წლის საუკეთესო CSR ინიციატივები

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსმი Meliora 2018-მა სტარტი აიღო.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წელს პირველად გაიმართა.

კონკურსი Meliora არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შესანიშნავ, შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში; კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ, უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან) ასევე ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს:

კატეგორია: საზოგადოების მხარდაჭერა

კომპანია: თიბისი ბანკი

პროექტი: “წერე ქართულად”

პროექტი “წერე ქართულად” დაიწყო 2015 წელს და დღემდე მიმდინარეობს. ეს არის ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში ინტეგრირების რამდენიმე ინიციატივის ერთობლიობა, რომლის მიზანია ქართული ანბანისა და დამწერლობის პოპულარიზაცია და მათი მოხმარების სტიმულირება ციფრულ სივრცეში.

კატეგორია: საზოგადოების მხარდაჭერა

კომპანია: ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT

პროექტი: საზოგადოების მხარდაჭერა

2017 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ ACT-ის თანამშრომლებმა, “საზოგადოების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, მარკეტინგული კონსულტაცია გაუწიეს სოციალურ საწარმო “ბაბალეს”. 

კატეგორია: სექტორთაშორისი პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა

კომპანია: “ნატახტარი”

პროექტი: “იზრუნე მომავალზე”

ფონდი “ნატახტარი” ზრუნავს მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებზე და ეხმარება მათ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში, ისე სრულწლოვანების ასაკის შესრულების შემდგომაც, როცა მათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვება უწევთ.

ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან რამდენიმე თეთრი ყოველწლიურად, დროის გარკვეულ პერიოდში, ფონდში ირიცხება. შეგროვებულ თანხას განკარგავს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცია “ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოსთან” ერთად დაფუძნებული საკოორდინაციო საბჭო. 

კატეგორია: მწვანე ინიციატივა

კომპანია: საქართველოს ბანკი

პროექტი: აპლიკაცია “გზად”

ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში “საქართველოს ბანკის” CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასა და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა “გზად – აპლიკაცია”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. 

კატეგორია: მწვანე ინიციატივა

კომპანია: “თი ერ სი”

პროექტი: “არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება”

კომპანია TRC 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით შეიქმნა. უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამმუშავებელი საწარმო კი არ არსებობს. ასე გაჩნდა საბურავების გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა “სტარტაპ საქართველომ”.

კატეგორია: ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა

კომპანია: “პალიტრა მედიაჰოლდინგი”

პროექტი: “მაკულიტერატურა”

“მაკულიტერატურის” პროექტი რამდენიმე სასარგებლო საქმეს ემსახურება: წიგნს ხდის ხალხისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და თანაც იცავს გარემოს. 6 წლის განმავლობაში “პალიტრა მედიაჰოლდინგის” აქტივობამ 5 მილიონი კგ მაკულატურა უახლეს ლიტერატურად აქცია და ამით 85,000 ხე გადაარჩინა მოჭრას. 

კატეგორია: პასუხისმგებელი დამსაქმებელი

კომპანია: PMCG

პროექტი: თანამშრომლების განვითარების პროგრამა

თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების პროგრამა კომპანიაში ოფიციალურად 2017 წლიდან დაიწყო და მან უკვე მიიღო სისტემური, მუდმივი ხასიათი. პროგრამის მიზანი თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების პროგრამის განხორციელებით კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაა. 2018 წლის განმავლობაში კომპანიის 40 თანამშრომელი გაივლის 32 ტრენინგს/ვორკშოფს, რომელთა ჯამური ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს. 

კატეგორია: კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე

კომპანია: “ჯიპიაი ჰოლდინგი”

პროექტი: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის

“ჯიპიაიმ” 2017 წელს, “საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან” ერთად, დაიწყო მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა, რომლის მიზანია დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზება, მეწარმეთა ცნობიერების დონის ამაღლება და მათი სადაზღვევო სისტემაში ჩართვა, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაჯანსაღებისათვის. სადაზღვევო პროგრამა ითვალისწინებს 50,000 ლარის ანაზღაურებას. 

კატეგორია: კრეატიული CSR

კომპანია: HOLMES&WATSON

პროექტი: #არგამბოლო

ორგანიზაციამ Holmes&Watson-მა “თეგეტა მოტორსის” დაკვეთით შეიმუშავა კონცეფცია კამპანიისთვის – #არგამბოლო. მართალია, “თეგეტა მოტორსი” ბოლო წლებია, აქტიურად ატარებს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის პრობლემასთან დაკავშირებულ მცირე CSR-აქტივობებს, მაგრამ Holmes&Watson-ის კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ფართომასშტაბიანი კამპანია სარგებელს მოუტანდა როგორც ბრენდს, ისე თითოეულ მოქალაქეს. 

კატეგორია: წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი

კომპანია: სს. მისო “კრისტალი”

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალისთვის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის მართვისა და წარმოების სტრატეგიაზე ორიენტირებული, აუცილებელი, გრძელვადიანი მოდელი, რომელსაც ითვალისწინებს ყოველდღიურ საქმიანობაში. სს მისო “კრისტალის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი სფეროებია გარემოს დაცვა, თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა. თითოეული მიმართულებებით “კრისტალი” ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *