24 მაისს, დილით, მსოფლიოს მილიარდერთა სიას ახალი ლიდერი ჰყავდა – LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელი და გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო. მისი პირველობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ არნომ ქონების საერთო მოცულობით, რამაც $186.3 მილიარდი შეადგინა, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო.
როგორც Forbes-ი წერს, არნოს წარმატება პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ 2021 წლის მარტის შემდეგ, არნოს ქონება $76 მილიარდიდან $186.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბოლო 14 კვირაში $110-მილიარდიანი მატებაა.
ცნობისთვის, LVMH-ის შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $17 მილიარდი იყო, ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტი.
Forbes-ის განახლებად სიაზე დაკვირვებით, ირკვევა, რომ ამ წუთისათვის ლიდერი კვლავ ჯეფ ბეზოსია. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგნოზირება საკმაოდ რთულია და არაა გამორიცხული, ტიტულის მფლობელი კვლავ ბერნარ არნო გახდეს.