უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კიევმა ევროკავშირისგან სესხის სახით დამატებით 4.2 მილიარდი ევრო მიიღო. ეს არის ევროკავშირის პირველი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის, რომელიც Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გაიცა.
Ukraine Facility-ის პროგრამა ძალაში მიმდინარე წლის პირველ მარტს შევიდა. ოთხწლიანი გეგმით, ევროკავშირი რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას 50 მილიარდ ევროს გადასცემს – გრანტებისა და სესხების სახით. თანხა უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას მოხმარდება. ევროკავშირის მიერ კიევისთვის დამატებით 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში უკრაინის კონტრშეტევაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
უკრაინული ძალები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, სამართლიანია რუსი ტერორისტების განადგურება სწორედ იქ, საიდანაც ისინი შეტევებს უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებენ. მისივე თქმით, კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია „თავდაცვის საკითხი“ და რუსული დაბომბვის შეჩერების მცდელობაა, რათა რუსეთი აიძულონ მშვიდობას დათანხმდეს. „უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქის ტერიტორიის აღებით, ჩვენ გვსურს დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰეორჰი ტიხიმ.
ევროკომისიის წარმომადგენელ ნაბილა მასრალის განცხადებით, ევროკავშირი არ მონაწილეობს და კომენტარს არ გააკეთებს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების ოპერაციაზე. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მხარს უჭერს უკრაინის უფლებას თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან და აღადგინოს მისი ტერიტორიული ერთიანობა და დამოუკიდებლობა.