აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული გამანადგურებლების, F-16-ების პირველი პარტია უკრაინაშია. აღნიშნულ საფრენ აპარატებს უკრაინელი პილოტები თვეებია, ელოდნენ. ამერიკული მრავალფუნქციური გამანადგურებლები უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს ცაში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.
Lockheed Martin-ის მიერ წარმოებულ F-16-ებს უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთ წელზე მეტია, ითხოვს. მათი უკრაინისათვის გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რამდენიმე თვის წინ მიიღეს. თუმცა პილოტების მომზადებასა და ტექნიკურ საკითხებს დიდი დრო დასჭირდა. 20მმ-იანი ქვემეხითა და სხვადასხვა ტიპის ჭურვებითა და რაკეტებით აღჭურვილი F-16-ები უკრაინის თავდაცვით და შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.
უკრაინაში F-16-ების ჩასვლას ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. „F-16-ები უკრაინაშია. აღმოჩნდა, რომ წარმოუდგენელი რამ სრულიად შესაძლებელი ყოფილა“, – წერს პოლიტიკოსი X-ზე.
უკრაინისათვის პირველ პარტიაში მიწოდებული F-16-ების ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. გრძელვადიან პერიოდში კი უკრაინა დანიისაგან – 19 ერთეულ, ნიდერლანდებისაგან – 24 ერთეულ, ნორვეგიისაგან კი 6 ერთეულ F-16-ს მიიღებს.