უკრაინამ ომში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა პირველად გაასაჯაროვა

უკრაინამ ომში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა პირველად გაასაჯაროვა

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევმა დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ სრული მონაცემი პირველად გაასაჯაროვა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქვეყანამ ომში 43,000 ჯარისკაცი დაკარგა, 370,000 ჯარისკაცი კი, დაიჭრა.

დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ მონაცემები ზელენსკიმ კვირას, Telegram-ის პოსტის საშუალებით გამოაცხადა. ზელენსკის ქმედება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც უკრაინის დანაკარგები ომში 400,000 ჯარისკაცს აღწევდა. მანამდე, თებერვალში, ზელენსკიმ თქვა, რომ ომში 31,000 უკრაინელი ჯარისკაცი იყო დაღუპული, თუმცა უარი თქვა დაღუპულთა რაოდენობის გასაჯაროებაზე, რაც იმ ფაქტით ახსნა, რომ კრემლისთვის ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება არ სურდა.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინამ 43,000 ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპნენ. ასევე, გვყავს 370,000 დაშავებული. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დაშავებულების თითქმის 50% სამხედრო სამსახურში ბრუნდება.

უკრაინის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანამ 3,767 მებრძოლის ტყვეობიდან დაბრუნებაც მოახერხა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის დანაკარგები ბევრად უფრო დიდია: “განახლებული მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები 750,000-ს აჭარბებს. რუსეთს 198,000-ზე მეტი დაღუპული და 550,000-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს. სექტემბრიდან მოყოლებული, თითოეულ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცზე, 5-6 ჯარისკაცს კარგავს”.

უკრაინის პრეზიდენტი “სამართლიანი მშვიდობის” მოწოდებითაც გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის, მომავალში რუსეთის აგრესიის განმეორებისგან თავდასაცავად გარანტიებს ითვალისწინებს. ზელენსკის თქმით, გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა აჩენს რისკს, რომ რუსეთი კონფლიქტს განაახლებს, რაც პუტინს აქამდეც გაუკეთებია.