უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, PepsiCo და Mars-ი, „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეიყვანა. სააგენტოს მტკიცებით, მიუხედავად ომის შემდგომი განცხადებებისა, კომპანიები აგრძელებენ რუსეთის ბაზარზე ოპერირებას, იხდიან გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში და პრაქტიკულად, მხარს უჭერენ აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, PepsiCo რუსეთში მიღებული წმინდა მოგებით, სასმელებისა და სურსათის რიგით მეოთხე უმსხვილეს კომპანიად რჩება. 2022 წელს, PepsiCo Holdings-ის შემოსავალი $2.59 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგება 333%-ით გაიზარდა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანიამ რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით $115 მილიონი გადაიხადა.
რაც შეეხება Mars-ს, კომპანიამ ათი ქარხნისა და ექვსი ათასი სამუშაო ადგილის შექმნით, რუსეთის ეკონომიკაში $2.5 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. მიუხედავად დაპირებებისა, რომ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას შეამცირებდა, Mars LLC-ის შემოსავალი 2022 წელს $2.45 მილიარდამდე, წმინდა მოგება კი, 59%-ით გაიზარდა. გადასახადების სახით, რუსეთის ბიუჯეტში კომპანიის წილმა $93 მილიონს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში 40-მდე კომპანია შედის. მათ შორისაა Philip Morris International-ი, Bacardi Limited-ი, Unilever-ი, Xiaomi Corporation-ი, Yves Rocher-ი, Raiffeisen Bank-ი, Metro AG-ი, Auchan-ი, Leroy Merlin-ი და სხვები.