გუშინ რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეო, რომელიც უკრაინული დრონის რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე შეტევას ასახავდა. შეტევა ფრონტის ხაზიდან 150 კილომეტრში, როსტოვის ოლქში, ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთოგადამმუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
რუსული მედიის მტკიცებით, შეტევაში ორი დრონი იყო ჩართული, თუმცა ერთი მათგანის ჩამოგდება მოხერხდა. მედიაში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს თუ როგორ ეჯახება კამიკაძე დრონი ქარხანას, რომელიც ცეცხლის ალში იხვევა.
სამხედრო ექსპერტებმა მალევე გაავრცელეს ინფორმაცია დრონის მახასიათებლების შესახებ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კამიკაძე დრონი UKRSPECSYSTEMS-ის მიერ წარმოებული PD-1/PD-2 გახლავთ. უფრო ვრცლად დრონის სახელი შემდეგნაირად იშიფრება – People’s Drone 1. საკუთარი დრონების წარმოებას უკრაინელები 2014 წელს ქვეყანაში ომის დაწყების დღიდან ცდილობენ.
სამხედრო კომპანიის მიერ წარმოებული დრონის ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ ვერსიებს 19 კილოგრამი საბრძოლო მასალის ტარება შეუძლია. თუმცა, თუკი დრონს მხოლოდ ერთხელ, კამიკაძე დანიშნულებით იყენებენ, უფრო მეტი საბრძოლო მასალის წაღებაც შეუძლია.
აღნიშნული დრონის ღირებულება დაახლოებით 300,000 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, ასეთი ტაქტიკით ბრძოლას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე ხანძარი არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს გაუჩნდა. ეს კი უკრაინელების სტრატეგიას წარმოადგენს რუსულ ეკონომიკას წერტილოვანი, შიდა დარტყმები მიაყენოს.