უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიამ ახალი „საიდუმლო იარაღი“ წარადგინა

უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიამ ახალი „საიდუმლო იარაღი“ წარადგინა

ფოტო: Генерал Черешня-ს პრესრელიზიდან

უკრაინული თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია „Генерал Черешня” ახალი კამიკაძე დრონის მასობრივ წარმოებას აანონსებს. ახალი უპილოტო დრონი სახელად „Хмаринка” (ღრუბელი) 7კგ-მდე მოცულობის ტვირთის გადატანას შეძლებს.

მწარმოებლის 22 აპრილის განცხადების თანახმად, აპარატი წარმოადგენს იაფ და მასობრივ გადაწყვეტას ტაქტიკურ სიღრმის სამიზნეებზე  იერიშის მისატანად. დრონის ფრენის მაქსიმალური მანძილი 50 კმ-ია, ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა – 60 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე – 140 კმ/სთ.

კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ახალ უპილოტო საფრენ აპარატს 7 კგ-მდე ტვირთის ტარება შეუძლია, კონსტრუქციის ფრთების განშლა – 196 სმ, სიგრძე – 153 სმ, ხოლო სიმაღლე 33 სმ-ია. მისი გაშვება კატაპულტიდან ხდება, რაც საველე პირობებში სპეციალური ინფრასტრუქტურის გარეშე ხდის შესაძლებელს სწრაფ შეტევას.

დანიშნულებით დრონი პასუხია იმ ტექნოლოგიურ საშუალებებზე, რომლებსაც რუსული საჯარისო შენაერთები ე.წ. „ნაცრისფერ” ზონაში იყენებენ დარტყმების, დაზვერვისა და ლოგისტიკისთვის. ახალი დრონის შემუშავებისას ძირითადი აქცენტი მის დაბალ ღირებულებასა და მასობრივი წარმოების შესაძლებლობაზე გაკეთდა.

კომპანია აცხადებს, რომ უპილოტო საფრენმა აპარატმა უკვე გაიარა სრული სატესტო ციკლი და მზადაა სერიული გამოშვებისა და საბრძოლო გამოყენებისთვის. პირველ 150 აპარატს მწარმოებელი უფასოდ გადასცემს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს, ფრონტის ხაზიდან უკუკავშირისა და რეკომენდაციების მისაღებად.

ცნობისთვის, „Генерал Черешня” უკრაინული თავდაცვითი ტექნოლოგიების სტარტაპ-კომპანიაა, რომელიც კამიკაძე FPV-დრონებისა და სადაზვერვო დრონების განვითარებასა და მასობრივ წარმოებაზე მუშაობს. 2025 წლის პირველ ნახევარში კომპანიის შემოსავალმა 1.5 მლრდ ჰრივნა შეადგინა, ხოლო ყოველთვიური წარმოების მოცულობა დაახლოებით 50 000 დრონს შეადგენს. FPV-მოდელების გარდა, კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია შაჰიდსაწინააღმდეგო „Bullet“-ის ტიპის გზაგადამჭერები და  „General Chereshnia AIR“-ის კონტრდაზვერვის დრონები.