უმსხვილესმა თურქულმა კომერციულმა ბანკებმა რუსული საგადახდო სისტემის, Mir-ის მომსახურება შეწყვიტეს.
Isbank-ისა და Denizbank-ის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სანქციებთან და გასულ კვირას ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან, სადაც აღნიშნული იყო, რომ Mir-ის მომსახურება ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
შეგახსენებთ, რომ Visa-სა და MasterCard-ის მიერ რუსეთისთვის სერვისების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ Mir-ის სისტემაზე გადართულიყვნენ, რომელიც დსთ-ის ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება.
ბანკების წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Mir-ის მომსახურების შეწყვეტა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან და აშშ-ის მოთხოვნასთან.
საგულისხმოა, რომ თურქეთის მთავრობას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ქვეყანა აქტიურადაა ჩართული მედიაციისა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა საჯაროდ არაერთხელ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია, თავად თურქეთი კი უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო პარტნიორად იქცა, განსაკუთრებით ავიაციის სფეროში, სადაც თურქული Baykar-ის წარმოების დრონები (Bayraktar TB2) დომინირებენ.