უნგრეთი მოსკოვის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ისევ ბლოკავს

უნგრეთი მოსკოვის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ისევ ბლოკავს

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების მე-16 პაკეტში გამონაკლისის გააქტიურებას ითხოვს. უნგრეთის მთავრობას კონკრეტულად ორ პუნქტთან აქვს წინააღმდეგობა: ერთი პატრიარქ კირილეს ეხება, მეორე კი — რუსული ნავთობპროდუქტების შიდა მოხმარებისთვის გამოყენებას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი სამიზნეში რუსული ალუმინით ვაჭრობასა და ნავთობის ინდუსტრიას იღებს, თუმცა უნგრეთი სანქციების ახალ პაკეტს წინააღმდეგობით ხვდება.

“ამ გამონაკლისით MOL-ს (უნგრული ნავთობისა და გაზის კომპანია) საშუალება ექნება, რუსული ნავთობპროდუქტები შიდა მოხმარებისთვის გამოიყენოს და უზრუნველყოს ბუდაპეშტის მეტროს გამართული ფუნქციონირება”, — განაცხადა სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა X პლატფორმაზე.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, უნგრეთი 27 ინდივიდისა და ორგანიზაციის, მათ შორის პატრიარქი კირილის დასანქცირებას მხარს იმ მიზეზით არ უჭერს, რომ რელიგიური პირების წინააღმდეგ  სადამსჯელო ზომების მიღება სამშვიდობო მიზნებს ეწინააღმდეგება. უნგრეთმა პატრიარქი კირილეს დასანქცირება უკვე არაერთხელ შეაფერხა. მოსკოვის პატრიარქმა არაერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა რუსეთის სამხედრო მოქმედებების მიმართ უკრაინაში. ის კრემლთან დაახლოებულ პირად ითვლება.

“სანქციების ეპოქა დასრულდა. ახალი რეალობა ყალიბდება — იმედისმომცემი აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებით” — ნათქვამია უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.